„იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“

22 თებ 2016

თსუ-ის დოქტორანტის, გეორაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლაშა ასანიძე სტუდენტობიდან დაინტერესდა სპელეოლოგიით - მღვიმეების მეცნიერული შესწავლით. ამ მიზნით მან საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები ფოტოებზე აღბეჭდა.

25 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“ გაიმართა, სადაც ლაშა ასანიძემ სხვადასხვა მღვიმეებში გადაღებული სურათები წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად თსუ-ის საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მღვიმური სისტემების: მურადი, პრომეთე, კარლსბადი, სონორა, ლეჩუგია, კასტელანა და სხვ. ფოტოსურათები. მათ შორის აღსანიშნავია თსუ-ის სპელეოლოგების მიერ შესწავლილი მურადის მღვიმეში (ნაქერალას უღელტეხილი) არსებული უიშვიათესი ნაღვენთი (სფერული) ფორმების - სტალაქტიტების ფოტოები. ავტორმა ფოტოკოლექცია სხვადასხვა წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში შექმნა.

როგორც გამოფენაზე ვახუშტი ბაგრატიონის გეგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა ნანა ბოლაშვილმა განაცხადა, ლაშა ასანიძის მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი პოპულარიზაციას უწევს სპელოლოგიის განვითარებას.

კვლევის პროცესში მიღებული შთაბეჭდილებები ახალგაზრდა მეცნიერმა გაგვიზიარა: „ჩემი ამ დარგით დაინტერესება ბუნების უზომო სიყვარულით არის გამოწვეული. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა მღვიმეებში გადაღებული ფოტოები, რომელიც სამეცნიერო სტაჟირების დროს გადავიღე. ჩემი სადისერტაციო თემა რაჭის კირქვული მასივის სპელეოლოგიურ კვლევას მივუძღვენი. მიწისქვეშა სამყარო ულამაზესია თავისი გამოქვაბულებით, დინოზავრის ნაკვალევით და პანორამული ხედებით... ჩემი სურვილი იყო, საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები და უფრო ახლოს გამეცნო მათთვის მიწისქვეშა სამყაროს მშვენიერება“, - ამბობს ლაშა ასანიძე.