თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

01 თებ 2016

თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრირებულ კანდიდატებთან (იოსებ არჩვაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, თამარ კაპანაძე, ალექსანდრე ჩხიტაური, კახაბერ ჭეიშვილი) თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრების გასაუბრება 26-27 იანვარს წარიმართა. 27 იანვარსვე თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ (14 წევრმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთაგან ერთი - იოსებ არჩვაძე - შეარჩია (8 ხმით 6-ის წინააღმდეგ). აკადემიური საბჭოს 8 წევრმა ხმა მისცა იოსებ არჩვაძის კანდიდატურის შერჩევას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა კი ამ პოსტზე მისთვის სასურველ კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილი დაასახელა.

თსუ-ის აკადემიური საბჭო შერჩეულ კანდიდატს (იოსებ არჩვაძე) თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს უახლოეს პერიოდში წარუდგენს დასამტკიცებლად.

 

***

თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის - იოსებ არჩვაძის ბიოგრაფიული ცნობები

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი იოსებ არჩვაძე დაიბადა 1956 წლის 16 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში. მისი ოჯახი 1958 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოხუმში, სადაც 1973 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (სპეციალობა - „სტატისტიკა“). 1982 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ასპირანტურა (სპეციალობა - პოლიტიკური ეკონომია). 1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობა: არსი, კრიტერიუმები, მაჩვენებლები“. 

2006-2012 წწ.-ში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვან სპეციალისტად, რომლის ფუნქცია-მოვალეობებშიც შედიოდა კანონპროექტების ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საბანკო სექტორის მონიტორინგი, მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და ინფლაციის ანალიზი. მანამდე, 1978-2006 წწ.-ში მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის სამსახურში უფროს ეკონომისტად (1978-1982 წწ.), განყოფილების უფროსად (1982-1987 წწ.), სამმართველოს უფროსად (1988-1992 წწ.), თავმჯდომარის მოადგილედ (1992-1996 წწ.), თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (1996-2005 წწ.). ამ თანამდებობაზე მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშება, მოსახლეობის შემოსავალ-გასავლის ბალანსის გაანგარიშება (1984-1990 წწ.), ეროვნული სიმდიდრის გაანგარიშება (1990 წლიდან), ეროვნულ ანგარიშთა სისტემის დანერგვა (1992 წლიდან), საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკურის სისტემის დანერგვა (1993-2006 წწ.), პროგრამა TACIS-ის კოორდინატორობა სტატისტიკის ხაზით (1995 წლიდან), მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მომზადება და საერთო ხელმძღვანელობა.

საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად იოსებ არჩვაძე სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე და კითხულობს სალექციო კურსებს შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკური ფსიქოლოგია, მაკროეკონომიკის თეორია, გადასახადები და საგადასახადო პოლიტიკა, განვითარებადი ქვეყნების საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იოსებ არჩვაძე მოწვეული ლექტორის რანგში 2006 წლიდან დღემდე უძღვება სალექციო კურსებს შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკის პრინციპები, ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე.

მანამდე, 1992-1996 წწ.-ში, შეთავსებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა უფროს მეცნიერ მუშაკად, რომლის ძირითადი მოვალეობები იყო სამეცნიერო კვლევები, გეგმური თემების დამუშავება და პედაგოგიური საქმიანობა. 1986-1990 წწ.-ში კი ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის პედაგოგი გახლდათ, რომელიც ლექციების კურსს კითხულობდა პოლიტიკურ ეკონომიაში. 

გახლავთ ჟურნალის „ეკონომიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

იოსებ არჩვაძე დაჯილდოვებულია „ღირსების ორდენით“ მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მომზადებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის.

გარდა ამისა, 1992-2005 წწ. გახლდათ პროგრამა TACIS-ის კოორდინატორი ევროსტატსა და საქართველოს შორის პროექტების რეალიზაციაში სტატისტიკის სამსახურში; 1996-2000 წწ. – გენდერული თანასწორობის სტატისტიკის პროექტის კოორდინატორი შიდა-ს (შვეცია) პროგრამის ფარგლებში; 2001-2005 წწ. - სოციალური სტატისტიკის პროექტის კოორდინატორი გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (DFID); 2003 წ. ჟენევა (შვეიცარია) – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის სტატისტიკის XVII საერთაშორისო კონფერენციის ვიცე-თავმჯდომარე.

არის არაერთი პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი.

კარგად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს: მეუღლე (ლია ქურხული - ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ასოცირებული პროფესორი) და ორი შვილი - ნათია არჩვაძე (საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი) და ირაკლი არჩვაძე (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, „საქართველოს რკინიგზის“ მარკეტინგის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი).