რამდენად არის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა სტუდენტზე ორიენტირებული?

01 თებ 2016

რამდენად არის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა სტუდენტზე ორიენტირებული? - კითხვაზე პასუხის მისაღებად ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტი - „სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა“ - განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 1150 სტუდენტი მონაწილეობდა.

სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა ბოლონიის პროცესის ნაწილია და გულისხმობს სტუდენტური თანამონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდას როგორც სასწავლო, ისე ადმინისტრირების სფეროში. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ორივე სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი განხორციელდა. კვლევა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, მათ შორის, დასავლური უნივერსიტეტების გამოცდილების შესწავლა-ანალიზი, თვისებრივი კვლევა, რაოდენობრივი კვლევა და საბოლოო რეპორტი. კვლევის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 ნოემბერს გაიმართა, სადაც მოხსენებები ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაჭარაშვილმა (უცხოური გამოცდილების კვლევის ავტორი), პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა (რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ავტორი) და პროფესორმა გიორგი გოგსაძემ (პროექტის დირექტორი) წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში რაოდენობრივი კვლევა რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით განხორციელდა, მათ შორის არის: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შეფასება, აპელაციის შესაძლებლობა და პრაქტიკა, სტუდენტების უკუკავშირი მათი გამოკითხვის გზით, ცვლილებების მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა, ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტთა მომსახურება, მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შევსება, მართვაში მონაწილეობა. 

დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით, კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტებისთვის ბაკალავრიატის დამთავრება, დასაქმებისთვის საჭირო კვალიფიკაციის მიღების თვალსაზრისით, კარგი გამოსავალი არ არის: ერთმნიშვნელოვანი ოპტიმიზმი („სავსებით საკმარისია“) რესპონდენტთა მხოლოდ 16.4%-ს გააჩნია, ხოლო ზომიერი ოპტიმიზმი („უფრო საკმარისი, ვიდრე არასაკმარისი“) – 21.7%-ს. ამ საკითხზე რეზისტენტულად განწყობილთა წილი 26.5%-ია. მაგისტრატურასთან მიმართებაში ვითარება უკეთესად გამოიყურება. რაც შეეხება სტუდენტთა მომსახურებას, საერთო შერჩევაში, ძირითადად, ეს პუნქტი დადებითად შეფასდა სტუდენტების მიერ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადებითად შემფასებელთა წილი დაბალია (10.5% - „ძალზე დადებითად“, 36.2% - „უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად“). უნივერსიტეტებს შორის ერთადერთი სამიზნეა თსუ, სადაც სტუდენტთა მომსახურება უფრო მეტად უარყოფითადაა შეფასებული (38.5%), ვიდრე დადებითად (36.8%). ყველა სამიზნე უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ საკუთარი გავლენა შიდა საუნივერსიტეტო პროცესებზე შეაფასა როგორც „საშუალო“ ან „სუსტი“. თსუ-ში ყველაზე მაღალია „სუსტი“ გავლენის მაჩვენებელი. 

„კვლევის მეთოდი გახლდათ პირისპირ ინტერვიუ. კვლევის ანალიზი განხორციელდა სამ დონეზე: 1. ზოგადი ანალიზი განხორციელდა ოთხივე უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. ჩვენ გვაქვს ამის უფლება, რადგან ეს უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდებიან. 2. ოთხივე უნივერსიტეტში არსებული ვითარება ცალ-ცალკე გავაანალიზეთ. 3. მესამე დონე გულისხმობს ანალიზს სწავლების საფეხურების მიხედვით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მაგალითზე. რაოდენობრივი კვლევის მიხედვით ზოგადი შეფასება ასეთია - სამიზნე სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთო შერჩევის ყოველი მეორე რესპონდენტი (49.9%) იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოში ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია. თუმცა, კატეგორიულად დადებითი პოზიცია („სავსებით შესაძლებელია“) ამ მიმართულებით მხოლოდ დაახლოებით 22%-ს აქვს. რესპონდენტთა მესამედზე მეტი (35.2%) დაბალანსებული პოზიციის გამოხატვას ამჯობინებს („თანაბრად შესაძლებელიცაა და შეუძლებელიც“). მნიშვნელოვანი სხვაობაა სამიზნე უნივერსიტეტებს შორის: ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი შეფასება თავიანთ უნივერსიტეტს თსუ-ის სტუდენტებმა მიანიჭეს, ყველაზე დაბალი კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. თუმცა, ყველა სამიზნე უნივერსიტეტში საერთო სურათი პოზიტიურია (ანუ, საშუალო მაჩვენებლები არასოდეს ექცევა უარყოფითი შეფასების „ველში“). რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა სამიზნე უნივერსიტეტებში სწავლება მორგებული სტუდენტის ინტერესებზე, ამ საკითხზე ოთხივე უნივერსიტეტის რესპონდენტების მოსაზრებები გაყოფილია სხვადასხვა პოზიციების - „ვეთანხმები“, „არ ვეთანხმები“, „თანაბრად ვეთანხმები და არ ვეთანხმები“ - მიხედვით. ეს ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ორიენტაცია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თვალსაზრისით ჯერ კიდევ წარმოადგენს გამოწვევას, რამდენადაც სტუდენტთა მხოლოდ 34-42% ეთანხმება სამიზნე უნივერსიტეტებში სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების პრაქტიკის არსებობას“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 

კვლევის ავტორების მოსაზრებით, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა აქტუალური საკითხია. აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს უნივერსიტეტების ადმინისტრაციას, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ასევე პროფესურას, სტუდენტებს ნათელი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების და მათი მოგვარების შესაძლებლობების შესახებ. 

„სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა განიხილება, როგორც სრულიად ახალი ტიპის პარადიგმა, რომლის ინიცირებაც ევროკავშირის საერთო საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელდა ევროკომისიის, ევროპის სტუდენტთა კავშირისა (ESU) და საერთაშორისო საგანმანათლებლო (EI) ასოციაციის მიერ ევროკავშირის დაფინანსებული სიცოცხლის მანძილზე განათლების პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ადმინისტრირებას უწევდა ევროკავშირის განათლების, აუდიო-ვიზუალურ და კულტურულ საქმეთა აღმასრულებელი სააგენტო (EACEA). აღნიშნული პროექტის მიზანი გახლდათ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების სისტემის დანერგვაზე ორიენტირებული სარეკომენდაციო პაკეტის შეთავაზება ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ამ გზით უზრუნველყოფილიყო ბოლონიის პროცესის გაგრძელება და შემდგომი წარმატებები. 2010 წელს შეთავაზებული რეკომენდაციები წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული მხარეების მიერ წარმოდგენილ საბოლოო დოკუმენტს, რომლის პრინციპებიც, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის საქართველოში დანერგვის მიზნით, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია. მეორე მხრივ, საგულისხმოა ის რეკომენდაციებიც, რომელიც ქართველი სტუდენტების გამოკითხვის შედეგად შემუშავდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ საგანმანათლებლო სისტემას განსხვავებული მახასიათებლებიც აქვს. მაგალითად, აქტუალურია, კრედიტების არჩევანის თავისუფლების ხარისხი გაიზარდოს, სწავლების პროცესში ხელი შეეწყოთ დასაქმებულ და დაოჯახებულ სტუდენტებს, ასევე, გაიზარდოს სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის ხარისხი სასწავლო პროგრამების შეფასებისას, კრედიტების სახით უნდა იყოს აღიარებული, თუკი რომელიმე სტუდენტი საზოგადოებრივი საქმიანობითაც არის დაკავებული. ამ გზით სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარებასაც შევუწყობთ ხელს. ადამიანი ინფორმაციის დასამახსოვრებლად ვიზუალურ აღქმას 60%-ით იყენებს, დემონსტრირების მეთოდი მას 20%-ით ზრდის, დისკუსია - 30%-ით, პრაქტიკული სამუშაოები 50%-ით, სხვისთვის სწავლებისას კი ცოდნის გრძელვადიანი პერსპექტივით ათვისება 90%-ით იზრდება. აუცილებელია ეს გაითვალისწინონ ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმაც“, - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაჭარაშვილმა. 

კვლევის - „სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა“ - ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მოდელის დამკვიდრებას შესაძლებელია ხელი შეუშალოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: 1. ადმინისტრაციული სირთულე; 2. უმაღლესი დაწესებულების სხვა პრიორიტეტები; 3. შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერა; 4. გადაწყვეტილების მიღების ზედმეტი ცენტრალიზაცია ან დეცენტრალიზაცია; 5. კონცეფციის არაადეკვატური აღქმა; 6. ნეგატიური დამოკიდებულებები კონცეფციის მიმართ; 7. მომავალი განვითარების შესახებ განსხვავებული ხედვები. თუმცა, აღნიშნული წინააღმდეგობების მიუხედავად სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მოდელის დანერგვა დღეს გარდაუვალი აუცილებლობაა. კვლევის პრეზენტაციაზე ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამარ ვეფხვაძემაც ისაუბრა. 

„ეს კვლევა სახელმძღვანელო დოკუმენტია. ვფიქრობ, ასეთი სახის ინფორმაცია ბევრად საჯარო უნდა გახდეს. კვლევის შედეგები რომ პროგრამების სრულყოფისთვის გამოვიყენოთ, ამისათვის საჭიროა ძირითად ნორმატიულ საბაზო მოცემულობაში ცვლილებები განხორციელდეს. ფორმალური გარემოებები მხოლოდ 10%-იანი ცვლილებების საშუალებას გვაძლევს. გადაჭარბების შემთხვევაში პროგრამები ხელახალი აკრედიტაციის წინაშე დგება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების შეთავაზება, რათა სისტემა ბევრად მოქნილი გახდეს“, - განაცხადა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამარ ვეფხვაძემ. 

კვლევის პრეზენტაცია, ასევე, დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც. ღონისძიების ინიციატორი სამინისტროს საზოგადოებრივი მეცნიერებების ექსპერტი რუსუდან თევზაძე გახლდათ. 

პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში უმაღლესი განათლების ორი კომპონენტის სწავლებისა და ადმინისტრირების კვლევა-ანალიზი განხორციელდა, რაც შეეხება მესამე კომპონენტს – სამეცნიერო კვლევას, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მხრივ არსებული ვითარების შესწავლა ცალკე პროექტის ფარგლებში მოხდება, რომლის დაწყებაც 2016 წელს იგეგმება