ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 148 წლის იუბილე თსუ-ში აღნიშნეს

01 თებ 2016

15 იანვარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 148 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თსუ-ის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრ-ბიბლიოთეკის“ ინიციატივით დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე ნოე ჟორდანია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, 3 კონკრეტული საკითხის კონტექსტში განიხილეს. თემაზე - „ნოე ჟორდანია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია“ - მოხსენება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა ბექა კობახიძემ წაიკითხა. საკითხი - „ნოე ჟორდანია და შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ“ - თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ წარმოადგინა. თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა ლევან ლორთქიფანიძემ კი მოხსენება - „ნოე ჟორდანია პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიის შესახებ“ - წაიკითხა. 

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემების მიმართ ინტერესი გავზარდოთ. ამ საკითხებზე, რომელიც აქამდე არ იყო აქტიური განხილვის საგანი, საუნივერსიტეტო საზოგადოებაში დისკუსიები დავიწყეთ. ეს არ იქნება ერთჯერადი სახის ღონისძიება, ანალოგიურ დისკუსიებს ნოე რამიშვილის და სხვა პოლიტიკური ლიდერების შესახებაც გავმართავთ“, - აღნიშნა თსუ-ის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის გამგემ ირაკლი ირემაძემ. 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკითხის მიმართ საზოგადოებაში ინტერესის გაძლიერების აუცილებლობაზე დისკუსიაში მონაწილე მომხსენებლებმაც ისაუბრეს. 

„ეს ღონისძიება ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა გაიხსენეს და მის იუბილეს აღნიშნავენ. დისკუსია იმ პროცესის ნაწილია, რომელსაც პირველი რესპუბლიკის ისტორიის გახსენება და მისი მემკვიდრეობის ხელახალი გადაფასება ჰქვია. ამავე დროს, ეს არის 2018 წლისთვის მზადება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას 100 წელი უსრულდება. ამისათვის როგორც საორგანიზაციო, ასევე იდეოლოგიური მომზადებაა საჭიროა. მოხარული ვარ, რომ თსუ-ის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევის ცენტრი-ბიბლიოთეკა, სადაც ენერგიული და კარგი ახალგაზრდები მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, ცენტრი კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას გამართავს და 2018 წელს მომზადებულები შევხვდებით“, - განაცხადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა ბექა კობახიძემ. 

ნოე ჟორდანიას 148 წლის იუბილე დისკუსიით დასრულდა.