მემარცხენეობა: გამოცდილება და ძირითადი გამოწვევები

01 თებ 2016

1892 წლის 25 დეკემბერს დაბა ყვირილაში საქართველოს პირველი მემარცხენე მოძრაობის ყრილობა შედგა. ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად გასული წლის 25 დეკემბერს თბილისის ფაბიანური საზოგადოების წევრებმა სამეცნიერო კონფერენცია: „მემარცხენეობა: გამოცდილება და ძირითადი გამოწვევები“ გამართეს. მოხსენების თემები სარედაქციო საბჭომ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თბილისის ფაბიანური საზოგადოების წევრები ლევან ლორთქიფანიძე და ირაკლი ირემაძე, თსუ-ის პოლიტიკის მიმართულების პროფესორი ვალერიან დოლიძე და გერმანელი კულტუროლოგი მარი აგნეს ლამრსდორფი. კონფერენციაზე 3 თემატური სექცია მუშაობდა.

„პირველი სექცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე მუშაობდა. ორგანიზებაში თსუ-ის პირველი რესპუბლიკის კვლევების ცენტრი დაგვეხმარა. მონაწილეობდნენ კონკურსის შედეგად შერჩეული პოლიტიკის მიმართულების ბაკალავრები. საინტერესო თემები იყო: გურიის რესპუბლიკის ორგანიზების საკითხები და 105 წლის რევოლუციური ბრძოლა; საქართველოს საგარეო პოლიტიკა 1918-1921 წლებში; სტუდენტმა სანდრო ტაბატაძემ 1918 წლის არჩევნებში მონაწილე მემარცხენე პარტიების საარჩევნო პროგრამები შეადარა ერთმანეთს. მეორე სექციაში სოციალური მიმართულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ, ამ ნაწილშიც საინტერესო კვლევები იყო, მაგალითად: გენდერული ჩაგვრა სოციალური ურთიერთობების დროს; მემარცხენე ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები და ა.შ. მე-3 ბლოკში მოწვეული სტუმრების მოხსენებები მოვისმინეთ. პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტმა თორნიკე ჩივაძემ ისაუბრა თანამედროვე მემარცხენე დღის წესრიგზე ეკონომიკის კონტექსტში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიცვათ ყველა ჯგუფი, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ამ თემაზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ესმა გუმბერიძემ ისაუბრა. იგი თავად უსინათლოა და არაჩვეულებრივად იცნობს ამ საკითხს. ესმა გუმბერიძის მოხსენება შეზღუდული შესაძლებლობების პირების საკანონმდებლო და სოციალურ პრობლემებს შეეხებოდა. კავკასიური სახლის წარმომადგენელმა მწვანე პოლიტიკისა და ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი მოხსენება წარმოადგინა“, - განაცხადა თბილისის ფაბიანური საზოგადოების დირექტორმა, თსუ-ის სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ. 

კონფერენციაზე მოხსენებები, ასევე, წაიკითხეს „თვითორგანიზების ქსელის”, „კავკასიური სახლის”, შშმპ თემის, მოძრაობის „სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ” და „ურბან-რეაქტორის” წარმომადგენლებმა. ორგანიზაცია „ურბან-რეაქტორმა“ თსუ-ის ბიბლიოთეკას და კონფერენციის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა ჯეინ ჯეიკობსის „ამერიკული ქალაქების სიცოცხლე და სიკვდილი“ - ერთ-ერთი კლასიკური ნაშრომი ურბან-სოციოლოგიაში. 

თბილისის ფაბიანური საზოგადოების გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრის სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. თითოეული სამეცნიერო ღონისძიება ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება. 

თბილისის ფაბიანურ საზოგადოებაში ორი მიმართულებით საქმიანობენ - სამეცნიერო-კვლევითი და სამოქალაქო-პოლიტიკური. ამ დროისთვის მიმდინარეობს მემარცხენეობის ქრესტომათიის II ტომზე მუშაობა. პარალელურად, სტუდენტებთან ერთად მთარგმნელობითი პროექტებიც ხორციელდება.