ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზა ელექტროენერგიის მაქსიმალური დაზოგვით

01 თებ 2016

გამოგონებები თსუ-ის  ბაზაზე

10 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის მეცნიერების მიერ შექმნილი სხვადასხვა მოდიფიკაციის, სიმძლავრის და დანიშნულების ენერგოეფექტურობით გამორჩეული ოზონოგენერატორები.

აღსანიშნავია, რომ ოზონი დღეს მრავალ დარგში, მათ შორის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კოსმეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროებში გამოიყენება. გამოგონებები, რომელიც თსუ-ის ლაბორატორიაში შეიქმნა, ხელს შეუწყობს გამწვავებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ელექტროენერგიის მაქსიმალური დაზოგვით.

გამოფენაზე წარმოდგენილი სხვადასხვა მოდიფიკაციის ოზონოგენერატორების შექმნაში მონაწილეობდნენ გენერალური კონსტრუქტორი ენერგეტიკოსი ჯანო ბურჯანაძე, ფოტოენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვასილ შველიძე, მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე და თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი შოთა მირიანაშვილი.

ფოტოენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ვასილ შველიძის თქმით, ამ მოწყობილობებზე უკვე წლებია მუშაობენ და დაკვეთებიც აქვთ: „ოზონი არის ძალიან აქტიური ქიმიური ნივთიერება, რომელიც უნივერსალური დეზინფექტორია, მაგრამ მისი ტექნოლოგიაში დანერგვა ძვირია და ამიტომაც მრეწველობასა და სხვა დარგებში არ დაინერგა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ შევქმენით ოზონის მიღების იაფი და მარტივი საშუალება – ოზონოგენერატორი, რომელიც 3-3,5-ჯერ მეტ მოგებას იძლევა“, - განაცხადა მან.

როგორც ნახევარგამ-ტართა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა შოთა მირიანაშვილმა აღნიშნა, ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი მოწყობილობები ანალოგიური მოწყობილობებისგან იმით გამოირჩევა, რომ ექსპლუატაციის მარტივი მომსახურების საშუალებებს საჭიროებს, უსაფრთხოა (მუშაობს ძალიან დაბალ ძაბვაზე) და, რაც ყველაზე მთავარია, 1 გრამი სუფთა ოზონის მიღებაზე დახარჯული ენერგიის თვალსაზრისით, მას გაცილებით მაღალი კოეფიციენტი გააჩნია.

ოზონოგენერატორებით დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა სამრეწველო და არასამრეწველო სფეროების წარმომადგენლები უკრაინიდან, მოლდოვადან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყატარიდან, რუსეთიდან, სუდანიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან და სხვა.