მივიჩნევ - აკადემიური პერსონალის ნება პატივისცემას იმსახურებს!

18 დეკ 2015

ინტერვიუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, თამარ დოლბაიასთან:

- ქალბატონო თამარ, სადავო გახდა თემა, რატომ ჩატარდა არჩევნები მაინცდამაინც ახლა ჟურნალისტიკის და არა სხვა მიმართულებაზე?

- ბატონი რევაზ ჯორბენაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, აქ გვესწრება და ახლავე გაჩვენებთ ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ თავადაც ივლისში აირჩიეს კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 33-ე მუხლი ფაკულტეტის დებულებისა, რომელიც მიღებულია 2014 წლის ოქტომბერში, ითვალისწინებს დეპარტამენტის (მიმართულების) ხელმძღვანელის არჩევას. მასში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის საბჭო, ანუ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, ირჩევს დეპარტამენტის უფროსს და არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს დეკანს. დეკანი ნიშნავს დეპარტამენტის უფროსს და, ასევე, უფლებამოსილია, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. დეკანის აქტით, საარჩევნო პროცესი არ რეგულირდება და ვერც უფროსის არჩევისკენ მოვუწოდებ რომელიმე დეპარტამენტს. დებულებაში მოცემულია და, შესაბამისად, ნებისმიერი დეპარტამენტი უფლებამოსილია, განახორციელოს ეს აქტი. უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ, ფაკულტეტის 6 დეპარტამენტიდან 5-ს უკვე საკუთარი საბჭოს მიერ არჩეული და დეკანის ბრძანებით დანიშნული უფროსი ჰყავს.

- თქვენს ფაკულტეტზე ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტი ახალია?

- დიახ. სწორედ ამავე დებულებითა და რეგულაციით აირჩიეს 2015 წლის 16 ივლისის სხდომაზე რევაზ ჯორბენაძე აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელად. დამსწრე პერსონალმა ოქმში ასახა თავისი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 31 ივლისს გამოვეცი მისი დამტკიცების ბრძანება. ასე რომ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შემდეგ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტმაც გადაწყვიტა, აერჩია უფროსი. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ახლა? - ეს დეპარტამენტის პროფესურას უნდა ჰკითხოთ, მათი გადაწყვეტილებაა. მე დებულების მიხედვით ვიმოქმედე.

- ამბობენ, მარიამ გერსამიას პოლიტიკური შეხედულებების გამო უტევენო და პირადად თქვენზეც ეჭვობენ... ითქვა, რომ თქვენთვის „ფეისბუქზე“ მისი პოსტებიც მიუღებელი გახდა...

- „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტებს ყურადღება რომ მივაქციოთ, აკადემიურ სივრცეს გავცდებით. ეს იყო მუშა პროცესი და როგორც ვიცი, მთელი თვის განმავლობაში იკრიბებოდნენ... არანაირ ,,ფეისბუქპოსტს” არ აქვს კავშირი არსებულ მოვლენებთან... ან რა პასუხი უნდა გავცე სოციალურ ქსელში გამოთქმულ თვალსაზრისს? პროფესურა ოქმით მომმართავს და მათ მიერ არჩეული ხელმძღვანელი ან უნდა დავნიშნო, ან - არა. არ მაქვს საბაბი, წავიდე დეპარტამენტის პროფესურის წინააღმდეგ. მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს და მისი რევიზია რატომ უნდა მოვინდომო? მივიჩნევ - აკადემიური პერსონალის ნება პატივისცემას იმსახურებს!

- ეს დებულება სენატმა განიხილა?

- რა თქმა უნდა, სენატმა განიხილა და დაამტკიცა წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ოქმი #6).

- არჩევნები სხვა მიმართულებებზეც ჩატარდება? 

- დიახ. ამ პროცესს ვერც დავაჩქარებ, ვერც შევანელებ. რაც ფაკულტეტის დებულებაშია მოცემული, იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ.

- ანუ ამ ეტაპზე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის საკითხი დადგა?

- კითხვაზე კითხვითვე მოგიგებთ: რატომ დადგა ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის არჩევნების საკითხი? იმიტომ, რომ პროფესურამ გადაწყვიტა, ლეგიტიმური ხელმძღვანელი ჰყოლოდა. სად ის, რომ დათქმით ხარ ხელმძღვანელი და სად - როცა არჩეული გქვია?! არავის შეუშლია ხელი პროფესორ მარიამ გერსამიასთვის, თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა. კიდევ ვიმეორებ, მე ამ პროცესებს შორიდან ვიცნობ. ჩემ გვერდითაა დეპარტამენტის საბჭოს იმ სხდომის თავმჯდომარეც - ქალბატონი ხათუნა მაისაშვილი, რომლისგანაც შეგიძლიათ ზუსტი პასუხები მიიღოთ. გამოცემულია დეკანის ბრძანება #13 და არსებობს ხათუნა მაისაშვილის განცხადება... ჩვენს ხელთაა ოქმი, რომელშიც აღნუსხულია სხდომის მსვლელობა - ვინ რა აზრი გამოთქვა, რა საკითხები დაისვა, ეს ყველაფერი განთავსებულია ვებ-გვერდზეც. მინდა გითხრათ, რომ გული მწყდება მარიკაზე... ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდა. როგორც ოქმიდან ჩანს, მარიამ გერსამიას კანდიდატურა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე არც კი დასახელებულა, წამოაყენეს პროფესორების - თამაზ ჯოლოგუას, მარი წერეთელის, ნათია კუპრაშვილისა და ნინო ჭალაგანიძის კანდიდატურები. ნინო ჭალაგანიძის გარდა სხვა კანდიდატებმა არგუმენტირებულად აიცილეს ეს შეთავაზება. ჩატარდა კენჭისყრა და მივიღეთ ის შედეგი, რაც გაცხადდა. ყოველივეს შემდეგ, რა საფუძველი მაქვს, რევიზია გავუკეთო პროფესურის ამ გადაწყვეტილებას?

- და სხვა დეპარტამენტებიც თავად გადაწყვეტენ, როდის იქნება არჩევნები?

- დიახ. დღეის მდგომარეობით, უკვე 5 დეპარტამენტს ჰყავს არჩევნების გზით დანიშნული ხელმძღვანელი: ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტს - რევაზ ჯორბენაძე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტს - ნინო ჭალაგანიძე, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტს - გიორგი გოგსაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს - ზურაბ დავითაშვილი და სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტს - იაგო კაჭკაჭიშვილი.

- თუკი არჩევნების შედეგებს პროფესურა და სტუდენტები გააპროტესტებენ, მაშინ როგორ წარიმართება სწავლების პროცესი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტში?

- გეტყვით, რომ არჩევნების შედეგს პროფესორები არა თუ აპროტესტებენ, მათმა უმრავლესობამ აირჩია სწორედ დღევანდელი ხელმძღვანელი. დეპარტამენტის 17 პროფესორიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12-მა. მხოლოდ 4 პროფესორი არ დასწრებია სხდომას (ერთ-ერთი უცხოეთში იყო) და არც ერთ მათგანს უთქვამს, რომ სტუდენტებს ლექციებს აღარ ჩაუტარებს... მხოლოდ ერთი მოწვეული ლექტორი ვიცი - დალი სინჯარაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტიც კი გამოაქვეყნა მსგავსი განცხადებით და სტუდენტებისგანაც შევიტყვე, რომ აღარ აპირებდა ლექციების ჩატარებას. მონიტორინგის სამსახურმაც დააფიქსირა მისი გაცდენები. Mმიკვირს, რა უფლება აქვს პროფესორს, რომელსაც უნივერსიტეტთან ხელშეკრულება აქვს დადებული, კრედიტი ჩაუგდოს სტუდენტებს, დაარღვიოს ხელშეკრულება და ლექციაზე არ შევიდეს იმის გამო, რომ დეპარტამენტის არჩეული ხელმძღვანელის კანდიდატურა არ მოსწონს?! თუმცა, ისიც უნდა შევნიშნო, რომ მან მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და, მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, სააუდიტორიო მუშაობას დაუბრუნდა. აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი ტრიბუნით და ღიად განვაცხადო – ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სტუდენტებს ასეთი სუბიექტური გადაწყვეტილებისა და ფუჭი ვნებათაღელვებისგან!