საუნივერსიტეტო საზოგადოების წინასაახალწლო გამოკითხვა

18 დეკ 2015

უნივერსიტეტში მოსვლისთანავე რექტორმა ლადო პაპავამ, პირველი, რაც ინატრა, უნივერსიტეტში ინტრიგებისა და შიდა კონფლიქტებისთვის ბოლოს მოღება და ამ თეთრ ტაძარში სიკეთის დასადგურება იყო. ახალი წელი ყოველთვის კიდევ ერთი შანსის მომცემი მიზეზია - სურვილები ჩამოვაყალიბოთ და მის ასრულებაზე ვიოცნებოთ. თუმცა მხოლოდ ოცნებას არავისთვის არ მოუტანია სიკეთე, თუ ხელს არ გავანძრევთ, გულს მადლიერებით არ ავაძგერებთ და ჩვენს გონებას ცუდისა თუ უარყოფითის დამარცხებისთვის საბრძოლველად არ მოვმართავთ. უნივერსიტეტის კედლებში იმხელა ინტელექტი ტრიალებს, რომ შეუძლებელია – არ დავამარცხოთ ის მწარე წარსული, რაც უნივერსიტეტის იმიჯს მხოლოდ აკნინებს. ეს სივრცე იმდენ ღვაწლმოსილ ადამიანს იტევს, რომ გამორიცხულია - შური ჭარბობდეს კეთილსინდისიერებას. ამიტომ, ამ ახალი, 2016 წლის მოახლოებისას, ყველას მართებს განვლილი წლის ანალიზს შევუდგეთ და ერთმანეთს შევახსენოთ - რით იყო 2015 წელი გამორჩეული და ისიც ვთქვათ - რას ვისურვებდით ახალი წლიდან? წლის ამგვარი შეჯამება ყველა ჩვენგანს უბიძგებს უკეთესი მომავლისაკენ და იმ სიკეთისაკენ, რომელიც, საბოლოოდ, ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ეს კი საუნივერსიტეტო საზოგადოებას, ქართული საზოგადოების მოლოდინებიდან გამომდინარე, არ უნდა გაუჭირდეს - ჩვენ ხომ ყველაფერში პირველობის ამბიცია გვაქვს.

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციამ საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი გამოკითხა და ახალი წლის სურვილების ნუსხაც შეკრა. ჩვენ ეს მხოლოდ ოცნებების შესაგროვებლად არ გაგვიკეთებია. გვინდა, რომ ვისაც ხელეწიფება ამ დაწესებულებაში ადამიანური რესურსების პატივისცემა, მათი სურვილებიც ყურად იღონ და შეუდგნენ ეტაპობრივ შესრულებას. ჩვენს რესპონდენტებს ისეთი არაფერი უთქვამთ, რომ ჯადოსნური ჯოხი იყოს საჭირო, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ასახულ ჩანაფიქრებს მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გარჯა სჭირდება, რისი იმედიც, ღმერთმა არ მოგვიშალოს.

რა მიგაჩნიათ წლის მოვლენად უნივერსიტეტში?

შოთა სამსონია,
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- წლის მოვლენაა ის, რომ წელს დაიწყო სამეცნიერო კვლევების დაფინანსება უნივერსიტეტის შიდა რესურსის გამოყენებით.

უშანგი გოგინავა,
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- წლის საუკეთესო მოვლენად მიმაჩნია სტუდენტური მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემოღება, რომელმაც სტიმული მისცა ნიჭიერ სტუდენტებს სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის.

დიმიტრი გეგენავა,
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი:
- წლის მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია უნივერსიტეტის დამფუძნებლების გადმოსვენება უნივერსიტეტის პანთეონში.

ავთანდილ სილაგაძე,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი:
- მნიშვნელოვან მოვლენათაგან რამდენიმეს გამოვყოფ. 1) გარკვეული მცდელობის მიუხედავად, უნივერსიტეტში სტაბილურობა შენარჩუნდა. 2) უნივერსიტეტის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ღვაწლმოსილი უნივერსიტეტელების დახმარებას. ეს კანონი ახალი წლიდან შევა ძალაში. 3) უნივერსიტეტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა რეიტინგულ გამოკითხვებში. 4) აშკარაა პროგრესი საერთაშორისო კონფერენციებში გააქტიურების კუთხით. მნიშვნელოვანია, ასევე, საერთაშორისო გამოცემებში ნაშრომების გამოქვეყნების პროცესი.

გიორგი გოგსაძე,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი:
- წლის მოვლენად მიმაჩნია ის, რომ დაიწყო მიზნობრივი სამეცნიერო პროექტების დაფინანსება.

იაშა მესხია,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი:
- 2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ისეთი ნორმატიული დოკუმენტის შემუშავება და მიღება, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სტიმულირებას მეცნიერული კვლევებისადმი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაიხვეწა აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი. კერძოდ, უნივერსიტეტის პროფესორი აირჩევა 9 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორი კი 7 წლის ვადით. შემოვიდა უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების წესი.
მნიშვნელოვანი მოვლენაა, უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნის გააქტიურება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სტუდენტთა მომზადებას.
2015 წელს საინტერესო ფაქტი იყო ისიც, რომ უნივერსიტეტში შემოიღეს საფაკულტეტო გრანტები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში.

ეკა ვარდოშვილი,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:
- წლის მოვლენად მიმაჩნია ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპულ სივრცეში მაღალრეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლება.

ეკა ლეკაშვილი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:
- წლის საუკეთესო მოვლენად მიმაჩნია SMET აკადემიის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ცოდნის შემოდინებასა და აკუმულირებას.

სალომე დუნდუა,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:
- წლის მოვლენაა თსუ-ის III კორპუსის სარემონტო სამუშაოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ნანული დორეული,
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი:
- წლის მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია ის, რომ უნივერსიტეტის პოზიცია მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში გაუმჯობესდა. თსუ კავკასიის რეგიონშიც ლიდერია, ახალი რანჟირებით, თსუ-მ მსოფლიოს 24 ათასამდე უნივერსიტეტს შორის 2006-დან 830 ადგილზე, ევროპის უნივერსიტეტებს შორის 711-დან 349-ე ადგილზე გადაინაცვლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. ეს ძალზედ სასიხარულო ფაქტია.

თამარ ვეფხვაძე,
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:
- წელს ბევრი რამ მოხდა და ამ ყველაფერს დავუკავშირებდი იმ ნაბიჯებს, რომელიც ახალი განახლებული მენეჯმენტის პირობებში გადაიდგა. მაგალითად, ქართველოლოგიის დარგების წახალისების მიზნით საპატიო დოქტორის წოდება დაწესდა. ეს სტატუსი მიიღეს უცხოეთში მოღვაწე პროფესორებმა, ღვაწლმოსილმა ქართველოლოგებმა. ტომსონ როიტერის აკადემიური რანჟირების სისტემაში გამოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ვუსურვებდი თსუ-ს, რომელსაც სულ ორიოდე წელი აშორებს ასწლოვან იუბილესთან, ასეთივე ეფექტური ნაბიჯებით გაემდიდრებინოს თავისი თანამედროვე ისტორია.

გიორგი ღვედაშვილი,
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტომსონის რანჟირების სისტემაში საკმაოდ კარგი ადგილი დაიკავა ფიზიკური მეცნიერებების განხრით. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა.

ნათელა ლაცაბიძე,
პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი:
- ძალიან დატვირთული წელია, ერთი მოვლენის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უამრავი ღონისძიება ტარდება და თითოეული შეიძლება მივიჩნიოთ მნიშვნელოვან მოვლენად.

ირაკლი ხარჯავანიძე,
კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი:
- ჩვენი დეპარტამენტის ფარგლებში ბევრი წარმატებული მოვლენა მახსენდება. მაგალითად, ახლა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ფეხბურთში ქვეყნის თასის ჩემპიონატს მართავს. უკვე ნახევარფინალში გავედით 42 უნივერსიტეტს შორის და იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. გარდა ამისა, ბევრი მიღწევებია როგორც სპორტის, ასევე კულტურის სფეროში. ზოგადად, ბოლო 4-5 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში I ან II ადგილებს იკავებს. დეპარტამენტის საქმიანობის გარეთ წლის მოვლენის დასახელება გამიჭირდება, რადგან ბევრი საკითხია გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ამაზე თსუ-ის
ადმინისტრაციამაც და პროფესუ-რამაც ინტენსიურად უნდა იმუშაონ.

თეა გერგედავა,
საგარეო დეპარტამენტის
უფროსი: 
- წლის მოვლენაა უნივერსიტეტის წარმატება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში.

ირაკლი საღარეიშვილი,
საფინანსო დეპარტამენტის უფროსი: 
- წლის მოვლენად მიმაჩნია უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოში პირველ უმაღლეს სასწავლებლად აღიარება და, ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოება.

არჩილ კუკულავა,
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: 
- წლის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს სან-დიეგოს უნივერსიტეტთან კავშირის დამყარება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედება. ამ პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღეს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს და არა მარტო მათ, ამერიკის დიპლომის აღება შეეძლებათ.

ნუნუ ოვსიანიკოვა,
კანცელარიის უფროსი:
- ჩვენი უნივერსიტეტის 2015 წლის მოვლენად მიმაჩნია უნივერსიტეტის 97 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს მიერ ჩვენი უნივერსიტეტის დაჯილდოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გი-ორგის ოქროს ორდენით. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის უმაღლესი შეფასება-დაფასება ქვეყნის წინსვლაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის და, ამავე დროს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდის საქმეში.

ნიკოლოზ თოდუა,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- წლის მოვლენად მიმაჩნია „ბოტასებიანი“ დამკვირვებლის დაბრუნება მაღლივის საგამოცდო სამსჯავროზე.
გიორგი ტალახაძე,
მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტის ობიექტების ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება დაიწყო, რაც წლის მოვლენად მიმაჩნია.

სალომე ლაბაძე,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- ჩემი აზრით, წლის მოვლენა უნივერსიტეტში იყო საპროტესტო აქცია რექტორის გადაყენების მოთხოვნით.

ტატო ირემაძე,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- წლის მოვლენად მიმაჩნია უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურება - 830-ე ადგილზე გადასვლა მსოფლიო მასშტაბით და კავკასიის რეგიონში პირველობა.

გვანცა დევიძე,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- წლის მოვლენა ჩემთვის „ცხობის სახლის“ გახსნა იყო. როგორც იქნა, გვეღირსა შედარებით ნორმალური კვება სტუდენტებს (დამეტყო კიდეც).

თამთა ჭრიკიშვილი,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:
- ჩემი აზრით, სტუდენტური პროტესტი იყო უნივერსიტეტისთვის წლის ყველაზე რეზონანსული და სახიფათო მოვლენა.

tslis_persona