დავით ჩომახიძე კვლავ თავისუფალ პროფესიას უბრუნდება

18 დეკ 2015

დავით ჩომახიძე - თავდაპირველი პროფესიით – ინჟინერ-მშენებელი, მოგვიანებით დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიღებული აქვს ადვოკატის სერტიფიკატი საერთო კვალიფიკაციით. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში; 2010 წლის 6 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე ასრულებდა თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას; 2010 წლის ნოემბრიდან ამ თანამდებობაზე აირჩიეს პირველი ვადით; 2011 წელს კი ამავე პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს. 

ნებისმიერი ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის უნივერსიტეტიც, პირველ რიგში სუბორდინაციის, უფლება-მოვალეობებისა და სამართლებრივ-ფინანსური ურთიერთობების განსაზღვრას და საქმიანობის პროცესის კანონით დადგენილ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს. ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის ტიპის დაწესებულება, სადაც ყველაზე მეტად სააზროვნო და ინოვაციური პროდუქტი ფასობს, რთულად ეგუება ფორმალობებს და ბიუროკრატიულ წესრიგს, სწორედ ამიტომ, მთავარი მოთხოვნა, რომელიც უნივერსიტეტის მთავარი მენეჯერის, იგივე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ არსებობს, ორგანიზაციის საქმიანი პროცესის იმგვარი მოწესრიგებაა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესს და არ იქცეს მის შემაფერხებლად. 

კანონის მიხედვით, დავით ჩომახიძეს წელს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნის ვადა ეწურება. მართალია, კანონით ამ პოზიციაზე ადამიანი შეიძლება ორჯერ აირჩიონ ოთხ-ოთხი წლით, მაგრამ მოხდა ისე, რომ დავით ჩომახიძისთვის რვა წელი ხუთწლიანი გამოდგა, რადგან სწორედ მაშინ შეიცვალა უნივერსიტეტის სტატუსი, როდესაც მხოლოდ ერთი წლის არჩეული იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ამიტომ, მისი მეორედ არჩევა გახდა აუცილებელი. „რადგან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი იცვლებოდა, თანამდებობრივად, მხოლოდ მე შემეხო ეს რეფორმა და ამიტომ ერთი წელი ჩამეთვალა პირველ ვადად. ვადა ოთხწლიანია და მთლიანობაში გამომივიდა 5 წელი“, – ამბობს დავით ჩომახიძე და არც იმას მალავს, რომ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პოზიციიდან წასვლა დროულადაც მიაჩნია:

- სიმართლე გითხრათ, მეტს თვითონაც ვერ შევძლებდი, რადგან ძალიან დიდი დატვირთვაა! წარმოიდგინეთ, მარტო წელს უკვე შემოსულია 46 ათასი წერილი ჩემს სახელზე. დღეში გამოდის საშუალოდ 185 წერილი, რომლებზეც შემდგომი რეაგირებაა საჭირო, ბრძანების, ხელშეკრულების გაფორმების, შესყიდვის განხორციელების სახით და ა.შ.. წერილები რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს, საკმაოდ მკაცრად კონტროლდება უნივერსიტეტის კანცელარიის მიერ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქცია კანონით არის გაწერილი და იგი უმაღლესი პასუხისმგებლობის მქონე პირია საფინანსო, ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების სფეროში. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, ხორციელდება ფინანსური კონტროლი და ადმინისტრირება სახელმწიფო აუდიტის, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რაც ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ თუ მუშაობის პროცესში რაიმე ხარვეზი გამოვლინდა, ეს უყურადღებოდ არ რჩება, მოწმდება და ჩვენ შესაბამის რეკომენდაციებს და შენიშვნებს ვიღებთ ხარვეზის გამოსასწორებლად. მაგრამ ბუნებრივია, რომ დიდია პასუხისმგებლობის ხარისხიც.

- რამდენად იძლევა კონტროლის ასე-თი მექანიზმი გადაწყვეტილებების დროულად მიღების შესაძლებლობას?

- ბუნებრივია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჭიანურდება: მაგალითად, პროცედურულად, დამტვრეული ავეჯის ჩამოწერას თითქმის ერთი წელი სჭირდება, არა და იქ, სადაც ეს ავეჯია დასაწყობებული, შესაძლებელია ადგილის გამოთავისუფლება და აუდიტორიის მოწყობა. სხვათა შორის, ჩამოწერის მექანიზმი რთულია და ეს მარტო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არ არის პრობლემური, კერძო სტრუქტურებისთვისაც ანალოგიურია. 

გარდა ამისა, კანონის ნებისმიერი ცვლილებიდან გამომდინარე, იქნება ეს საგადასახადო კოდექსი, შესყიდვებისა თუ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, ცალკე განხილვას და მასზე ჩვენი საქმიანობის მორგებას გულისხმობს. შესაბამისად, ხშირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შემდეგ წესად უნდა იქცეს და პრაქტიკად ჩამოყალიბდეს. 

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ სასწავლო პროცესი ნორმალურად განხორციელდეს, ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სარემონტო სამუშაოებს და პერსონალის მართვას. 

- რა დაგხვდათ, როდესაც 2010 წელს საქმიანობას შეუდექით და რა ტიპის რეფორმების გატარება მოგიხდათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ საქმიანობაში?

- სხვათა შორის, გაკეთებული საქმე ბევრი დამხვდა. მთავარი ამოცანაა, რომ სასწავლო პროცესი მოერგოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონს, რომელიც 2006 წელს მიიღეს. ამ მოკლე პერიოდში ვცდილობთ, ჩვენი სინამდვილიდან გამომდინარე, შესაბამისობაში მოვიდეთ ბოლონიის პროცესთან. ამდენად, უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ექსპერიმენტების პერიოდია, ეს ეხება როგორც აკადემიურ პროცესს, ასევე ადმინისტრირებას. მუშაობაში ხარვეზები ჩანდა და დღესაც შეიძლება გამოჩნდეს. ხშირად პრობლემები დაფინანსების ნაკლებობას უკავშირდება, რადგან მატერიალური ბაზა და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია.

პირველი კორპუსის გარდა, პრაქტიკულად ყველა სხვა შენობა აღდგენას საჭიროებს, ამასთან, ძველი შენობებია და, ტექნიკური თვალსაზრისით, მათი მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, მაშინ, როდესაც ძვირდება ენერგეტიკული რესურსები, ტექნიკა, ინვენტარი და სხვადასხვა სახარჯი მასალები. შესაბამისად, ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების უკან ჩვენი დეპარტამენტების არანორმალური მუშაობა და ენერგია დევს. ზოგჯერ ღამის 3-4 საათამდეც კი გვიხდება მუშაობა. აი, ახლაც, სტუდენტი წერს განცხადებას იმის შესახებ, რომ არ აქვს საშუალება ერთიანად გადაიხადოს სწავლის საფასური. რა შეიძლება ამ დროს გავაკეთოთ? ვერ ვაპატიებთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვიღაც სხვამ უნდა დააბალანსოს ის თანხა, რომელიც ვერ შემოვა უნივერსიტეტში. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავანაწილოთ საფასურის გადახდა და გრაფიკს ვაკეთებთ თითოეული სტუდენტისთვის. თითქოს მარტივია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც 2500 სტუდენტი წერს განცხადებას, ეს სამუშაო მთლიანად გადადის საფინანსო დეპარტამენტის მხრებზე, რადგან ყველა მათგანისთვის ინდივიდუალური გრაფიკია შესადგენი, მაგრამ უნივერსიტეტის მისიაც სწორედ ესაა, რომ სწავლის საშუალება მივეცით ახალგაზრდებს. 

- მიუხედავად ამისა, პრეტენზიები მაინც ბევრია, განსაკუთრებით სტუდენტთა მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ფულს იხდიან და სწავლის სათანადო ხარისხს ვერ იღებენ?

- მოდით ვთქვათ, რომ ჩვენთან სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია ყველასთვის - როგორც იურისტისთვის, ისე მედიკოსისთვის. არადა, როგორ გინდა სტომატოლოგია ასწავლო ამ ფასად? საბედნიეროდ, ყველა, ვინც უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასწავლის, პრაქტიკოსი ექიმია და თავისი კლინიკა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, ამ ბაზებზე პრაქტიკა გაიარონ სტუდენტებმა. 

- თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- მხოლოდ დაფინანსების გაზრდაში. ახლა პროფესიულ პროგრამებზე, მაგალითად, კბილის ტექნიკოსზე და ა.შ. უფრო მეტს იხდის სახელმწიფო და იქ შედეგიც კარგია. პრაქტიკაზეც უკვე თამამად მიგვყავს სტუდენტები. 

როდესაც აქ მოვედი, უნივერსიტეტის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარი იყო, ახლა ორჯერ მეტია - 89 მილიონ 700 ათასი ლარი. ეს არის როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები, სასწავლო გრანტები, სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები პროგრამული დაფინანსებისთვის და სახელმწიფო სტიპენდიები.

ჩვენ ვამბობთ 89 მილიონია შემოსავალი და ეს, ერთი შეხედვით, სოლიდური თანხაა, მაგრამ უნივერსიტეტს გაცილებით მეტი ესაჭიროება. ტარტუს უნივერსიტეტის მაგალითზე რომ ვილაპარაკოთ, სადაც 16 ათასი სტუდენტია, მაშინ, როდესაც, ჩვენ, მთლიანობაში, 21 713 სტუდენტი გვყავს. ტარტუს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ჩვენსაზე ბევრად უფრო უკეთესია, ბიუჯეტი კი 170 მილიონი ევროა. აქედან მხოლოდ მესამედია სწავლების გადასახადით შესული თანხა, დანარჩენი პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებაა და სახელმწიფო იხდის როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე კვლევების და დოქტორანტურის წასახალისებლად. მარტო თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა მილიონებს ითხოვს. ტარტუს უნივერსიტეტი, მიუხედავად სოლიდური ბიუჯეტისა, საამისო დაფინანსებას იღებს ევროკავშირიდანაც.

- დაფინანსების გასაზრდელად რა შესაძლებლობებს ხედავთ მომავალში?

- უნივერსიტეტი ვერასოდეს გადავა კომერციულ საქმიანობაზე, არც ერთ ევროპულ უნივერსიტეტში არ არის პირდაპირი სხვა შემოსავლები, მხოლოდ და მხოლოდ საბიუჯეტო. თუმცა, დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში გვაქვს პრეცედენტი, რომ ნებისმიერ კვლევას ამ უნივერსიტეტის კვლევით დაწესებულებში უკვეთავს სახელმწიფო. 

- ასეთი კითხვა ხშირად ჩნდება – ჩვენი სახელმწიფო თითქმის არ იყენებს იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც უნივერსიტეტს გააჩნია...

- რაღაც ნაწილს იყენებს, მაგრამ ესეც უფრო ინსტიტუტების აქტივობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიცაა რევაზ კვატაშიძე და ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ მინერალების შესწავლის და მოძიების მხრივ, უცხოელებისთვისაც კი მოუმზადებიათ კვლევები. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, გარკვეულ საკითხებში, სახელმწიფომ ექსკლუზივი მისცეს კვლევით ინსტიტუტებს, მაგალითად, გეოლოგიური ექსპერტიზის მომზადებისას. მართალია, ეს ეწინააღმდეგება კონკურენციის პრინციპს, მაგრამ ბუნებრივი მონოპოლიები ჩვენშიც ხომ დაშვებულია, მაგალითად, ენერგეტიკაში. მით უმეტეს, რომ ამ ინსტიტუტებში უზარმაზარი ცოდნაა დაგროვებული სხვადასხვა მიმართულებით. 

ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს პირდაპირი დაფინანსება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე – როგორიცაა სარემონტო სამუშაოები, ლაბორატორიული აღჭურვილობები. ეს გაზრდის სწავლების ხარისხს, რაც აისახება კიდეც ქვეყანაზე. 

- მოკლედ რომ ვთქვათ, რაზე იხარჯება დღეს უნივერსიტეტის ბიუჯეტი და როგორია მისი დანაწილების პრინციპი?

- ამის თაობაზე ჩემი დაწვრილებითი ანგარიში უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

რაც შეეხება სტუდენტურ კონტიგენტს, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით, ყველაზე დიდი რაოდენობა სტუდენტების ჩვენთან არის, აქედან 21 268 აკადემიური და 445 პროფესიული პროგრამით. 

მატერიალური ბაზაც ყველაზე დიდია, მთლიანობაში 300 ათასი კვადრატული მეტრია ჩვენი ფართობი და ამას ემატება კიდევ 14 კვლევითი ინსტიტუტი. 

- ხშირად ადმინისტრაციული შტატის გამო გამოითქმის საყვედურები: სტუდენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ გაბერილია შტატები... 

- აკადემიურ თანამდებობებზე მეტია ადმინისტრაციის თანამშრომლები, მაგრამ რის ხარჯზე? საერთოდ, დეპარტამენტების შტატი მცირეა, მაგრამ მატერიალური რესურსების დეპარტამენტში 362 თანამშრომელია, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში - 243. ესენი დამლაგებლები და დაცვის თანამშრომლები არიან. 300 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, რომელიც უნივერსიტეტის საკუთრებაა, ვფიქრობ 300-ზე მეტი დამლაგებელი ნამდვილად სჭირდება, მათი დარიცხული ხელფასი კი 350 ლარია, რაც ხელზე 270 ლარს ნიშნავს. 

- თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებს – რისი გაკეთება მიგაჩნიათ მთავარ დამსახურებად და რაში შეგეშალათ ხელი?

- პირველი, რაც გაკეთდა, იყო ის, რომ თანამშრომლებს გავუჩინე სტაბილურობის შეგრძნება. შევქმენი შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც მაკონტროლებლის ფუნქციით კი არა, ხარვეზების გამოსწორებით იყო დაკავებული, დეპარტამენტის უფროსებს კი გამოვუცხადე, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებელნი ისინი არიან, არ შეიცვლება არც რექტორის და არც ჩემს მიერ.

ასევე, პირველი იყო სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ჩავატარეთ, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი გახლდათ სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. მთლიანად შეიცვალა სახურავები, რადგან კორპუსებისა და განსაკუთრებით კვლევითი ინსტიტუტების უმეტესობაში წვიმა ჩამოდიოდა და შენობები ნადგურდებოდა. 

ეს პრობლემა მოვხსენით და ნელ-ნელა გადავედით ოთახების რემონტზე, ფანჯრების გამოცვლაზე, ლაბორატორიული აღჭურვილობის, წიგნების შეძენაზე და ა.შ;A ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურა აღარ ნადგურდება, გადარჩენილია, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს სჭირდება გაუმჯობესება. ეს არის იმ დეპარტამენტების დამსახურება, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა ერთობლივად: ვმსჯელობდით, რა იყო უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რაზე შეიძლებოდა დროებით უარი გვეთქვა. ამ სამუშაოების შესახებ ყველაფერი დაწვრილებით ჩემს ყოველწლიურ ანგარიშებშია ნათქვამი. გარდა ამისა, დავიწყეთ თანამშრომლების გადამზადება. რაც შეეხება სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების და სხვა სერვისების გარდა, უკვე მომზადდა ელექტრონული სასწავლო ბაზა, რომელიც მარტიდან ამოქმედდება და რასაც 2 წელი დასჭირდა. ამის შემდეგ გამოსწორდება ის პრობლემები, რის გამოც ხშირად გვსაყვედურობდნენ. ამ ბაზაში შეტანილი იქნება სასწავლო პროგრამები, სილაბუსები, მონაცემები აკადემიური პერსონალის თაობაზე და ა.შ.; თუმცა, ეს, ალბათ, მხოლოდ 10 პროცენტია იმისა, რაც უნდა გაკეთებულიყო, რომ ყოფილიყო შესაბამისი დაფინანსება. 

- ბევრჯერ მოგიხდათ ცხოვრებაში პროფესიისა და სამსახურის შეცვლა, სად აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

- სხვათა შორის, დიდხანს არ ვჩერდები ერთ სამსახურში და ახალ სფეროში ვეძებ რეალიზაციის შესაძლებლობებს. უკვე მქონდა მოლაპარაკება რამდენიმე ორგანიზაციასთან. ვაპირებ კერძო სტრუქტურებში გადავინაცვლო, პარალელურად, ადვოკატის პრაქტიკაც მაქვს და ვფიქრობ, ამ საქმესაც დავუბრუნდები.