ენა არაა დამნაშავე, დამნაშავე არიან „ველიკორუსი“ იმპერიალისტები...

18 დეკ 2015

1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილმა პოლონელმა საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალისტმა, ესეისტმა და ისტორიკოსმა ადამ მიხნიკმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები“.
ადამ მიხნიკის ვიზიტი საქართველოში უკავშირდებოდა ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის პროექტს „კინო სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით შედგა.

ლექციის დასაწყისში ადამ მიხნიკმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის დამოკიდებულებაზე სხვა სახელმწიფოებისადმი და ლოგიკურად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დარბაზში მსხდომთა ნაწილმა თავი შეიკავა ლექციის რუსულ ენაზე მოსმენისგან. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს ერთგვარი პროტესტის ფორმაა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ენა არაა დამნაშავე, დამნაშავე არიან ,,ველიკორუსი” იმპერიალისტები. 

ამ მცირე შესავალი ნაწილის შემდეგ ლექცია პოლონურ ენაზე გაგრძელდა.

ადამ მიხნიკმა საუბარი დაიწყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შედარებით და აღნიშნა, რომ თუ ამ ქვეყნების უკანასკნელი 26 წლის ისტორიას დავაკვირდებით, ბევრ საერთო ნიშან-თვისებას აღმოვაჩენთ. მან ვრცლად ისაუბრა პოლონეთის თანამედროვე პოლიტიკაზე და ბოლო 26-წლიან მონაკვეთს უკანასკნელი 400-წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული პერიოდი უწოდა. აქვე ისიც დასძინა, რომ ბოლო დროს პოლონეთის საზოგადოებაში შეინიშნება შიში, რომ შესაძლოა ახალმა მთავრობამ სრულიად საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს ტრანსფორმაციის ის პროცესი, რომელიც პოლონეთში უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს: „და ეს შიშები არაა საფუძველს მოკლებული, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა დემოკრატიულ პირობებში იმარჯვებენ არადემოკრატიული ძალები“, - აღნიშნა ადამ მიხნიკმა. მან მაგალითად მოიყვანა რუსეთი, სადაც, მისი თქმით, პუტინმა გამარჯვებას არჩევნების გაყალბებით მიაღწია: „პუტინი რუსეთი არ არის, პუტინი არის რუსეთის ავადმყოფობა! დღეს უკვე არავის აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ პუტინი პრეზიდენტად არჩეული არის გაყალბებული არჩევნების შედეგად. რა თქმა უნდა, აქ საუბარია სხვადასხვა დარღვევაზე - პარტიულ რეგისტრაციაზე, არათავისუფალ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე და ასე შემდეგ, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი მომენტიც - ბოლო ხანებში თვითონ რუსული საზოგადოება დაავადდა პოპულიზმის, იმპერიალიზმის და შოვინიზმის ბაცილით. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ავტორიტარიზმის და პოპულიზმის ავადმყოფობა სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებშიც შეინიშნება. ამ ავადმყოფობას შეიძლება სხვადასხვა სახე ჰქონდეს და სხვადასხვა ბაირაღს აფრიალებდეს - ის შეიძლება იყოს მემარცხენე, მემარჯვენე ანაც პრორუსული ორიენტაციისა“, - აღნიშნა მან.

ადამ მიხნიკმა ლექციაზე ხაზგასმით ისაუბრა რუსეთის დღევანდელ პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ დღეს რუსეთი ტყუილებში ცხოვრობს, ხოლო მისი პრეზიდენტი კარგად ფლობს შიშის პოლიტიკას. „პუტინი ცდილობს, ერთმანეთთან დააკავშიროს იმპერიალისტური რიტორიკა, კონსერვატიული რიტორიკა და დემოკრატიული რიტორიკა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია, თუმცა დღეს ჩვენ ასეთივე მოვლენების შემსწრენი ვართ არა მარტო რუსეთში, არამედ პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ლიტვის რესპუბლიკაში. პუტინმა იცის, რომ რუსეთში უნდა შექმნას ერთგვარი შიშის ერთობა. იგი რუსეთს წარმოადგენს როგორც ერთგვარ ციხესიმაგრეს, რომელიც ყველა მხრიდან მტრებით არის გარშემორტყმული. ამასვე აკეთებს უნგრეთში პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ურბანიც, მაგრამ ამ ორ ადამიანს შორის არის სხვაობა - ურბანი არის უნგრელი ხალხის უბედურება და პუტინი კი - მთელი მსოფლიოსი, მათ შორის ისეთი პატარა ქვეყნებისა, როგორიც საქართველო და პოლონეთია“, - აღნიშნა საუბარში ადამ მიხნიკმა.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ პუტინის საფრთხეს? პოლონელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე საზოგადოებას ურჩევს, დააკვირდნენ გარემოს, რომელიც გაჯერებულია რუსული პროპაგანდით: „ეს არის ერთგვარი მეხუთე კოლონა, რომელსაც ისინი ძალიან კარგად იყენებენ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს არ არის კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის კონფლიქტი პუტინის დიქტატურასთან, რომელიც თავისი არსით ღრმად ანტირუსულია. პუტინის თითქოსდა ბრძოლა ოლიგარქიის წინააღმდეგ, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი პოზიციების გამყარება“, - განაცხადა მან. 

ადამ მიხნიკის აზრით, რუსეთში პოლიტიკა თითქმის აღარ არსებობს, რადგან რაც იქ ხდება, ყველაფერი უშიშროების დაგეგმილია. „პუტინის და მისი მიმდევრების მანევრები სხვა არაფერია, თუ არა მასკარადი. ეს ადამიანი ირგებს სხვადასხვა ტანსაცმელს, სხვადასხვა ნიღაბს: ხან პეტრე პირველია, ხან ლენინი, ხან სტოლიპინი, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არის ერთგვარი მცოცავი სახელმწიფო გადატრიალება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირშიც გარკვეული კრიზისია, მაშინ სიტუაცია ნამდვილად საშიშია“, - აღნიშნა მან. 

რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში ევროპაში გაზრდილ რადიკალიზმის ტალღას, ადამ მიხნიკის აზრით, ეს დაკავშირებულია ემიგრანტების ახალ ტალღებთან, „ვხედავთ ძალიან სერიოზულ კრიზისს საბერძნეთში, ვხედავთ სახელმწიფოს რღვევის ნიშნებს უნგრეთში და იმ მშვენიერი, ხავერდოვანი რევოლუციების შემდეგ, რომელიც გავიარეთ, ნელ-ნელა შევდივართ ხავერდოვანი დიქტატურის ეპოქაში. ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჩვენ მეთოდურად და მყარად უნდა დავეყრდნოთ ისევ და ისევ იმ საფუძველთა საფუძველს, ანუ ძირითად ღირებულებებს, რითაც დემოკრატიული საზოგადოება მოვიდა დღემდე“, - აღნიშნა მან.

ლექციის შემდეგი ნაწილი დაეთმო საქართველოს უახლეს ისტორიას და პოლიტიკური ცვლილებების ანალიზს. როგორც ადამ მიხნიკმა აღნიშნა, იგი დეტალურად იცნობს ყველა პროცესს და თითქმის ყველა გარდამტეხ მომენტში საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით იდგა. მისი თქმით, დღეს საქართველოსაც და პოლონეთსაც ერთი და იგივე საფრთხეები ელოდება: „პირველი, ეს არის პუტინის იმპერიული პოლიტიკა და მეორე, ყველაზე დიდი საფრთხე, ეს ვართ ჩვენ თვითონ. თავის დროზე პოლონეთის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა კომენტატორმა კეჟერანსკიმ რადიო „თავისუფლებაში“ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ყველაზე დიდი საფრთხე პოლონეთისთვის ვართ ჩვენ, პოლონელები, რადგან კაციჭამიების დემოკრატია გვემუქრებაო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ტარდება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ პარტია, რომელიც ამ არჩევნებს იგებს, შემდეგ ცდილობს შეჭამოს ის პარტიები, რომლებმაც არჩევნები წააგეს“, - აღნიშნა ადამ მიხნიკმა.

ლექციის ბოლოს სტუმარმა ქართულ საზოგადოებას სიმშვიდის, მოთმინების და შეცდომებზე სწავლისკენ მოუწოდა. „ჩვენ პოლონეთში მიჩვეული ვიყავით იმას, რომ ყველა უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, სხვათა ბრალი იყო და ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ გერმანელები, რუსები, კომუნისტები და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, დღეს ასეთი საუბრები პოლონეთში აღარ არის, ჩვენ სხვაგან აღარ ვეძებთ მიზეზებს და, ვფიქრობ, რომ კურსი ევროპისკენ, რომელიც პოლონეთმა აირჩია, იყო სწორი, ბრძნული და ნამდვილად გამართლებული არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს ეყოფა მოთმინება, თუ თქვენ დაიცავთ თქვენს დემოკრატიას, საბოლოო ჯამში ევროკავშირში იქნებით და მე ამას მთელი გულით გისურვებთ“, - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ადამ მიხნიკმა.

ლექციის შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, რომელშიც სტუდენტებთან ერთად ჩაერთნენ მიხნიკის ქართველი კოლეგები. საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც დემოკრატიზაციის გზაზე მდგარ ქვეყანას, კერძოდ საქართველოს ელოდება.

 

ადამ მიხნიკი - ისტორიკოსი, ესეისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, პოლონეთის ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთის „GAZETA WYBORCZA“-ს მთავარი რედაქტორი, დასაქმებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის თანადამფუძნებელი.

ადამ მიხნიკი 1946 წლის 17 ოქტომბერს ვარშავაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1965-1980 წლებში იგი იყო მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრი, რომელიც ქვეყანაში (პოლონეთი) კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა. ამის გამო მიხნიკმა 6 წელი გაატარა ციხეში. 1989-91 წლებში ადამ მიხნიკი იყო პოლონეთის პირველი არაკომუნისტური პარლამენტის წევრი, იგი ასევე მონაწილეობდა 1989 წლის „მრგვალი მაგიდის საუბრებში“. ამავე პერიოდში მიხნიკი გახდა პირველი თავისუფალი პოლონური გაზეთის „GAZETA WYBORCZA“-ს მთავარი რედაქტორი, რომელიც დღეს პოლონეთის ყველაზე დიდი ყოველდღიური გამოცემაა.

ადამ მიხნიკი ფლობს დოქტორის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში, მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები, არის მრავალი სტატიისა თუ წიგნის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია „წერილები ციხიდან“, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.