რექტორის ჩანაფიქრები ახალი 2016 წლისთვის

18 დეკ 2015

ინტერვიუ თსუ-ის რექტორთან, აკადემიკოს ლადო პაპავასთან

- რას ჩათვლით 2015 წლის მოვლენად უნივერსიტეტში?

- ჩემი აზრით, უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სტუდენტების მონაწილეობით პირველად ამოქმედდა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 220 სტუდენტი ჩაება საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 525 000 ლარის გამოყენებით, რაც, პრაქტიკულად, პირველი შემთხვევაა უნივერსიტეტში. ეს იგივეა, რაც საგრანტო პროექტი. ამ პროექტს მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ და სტუდენტთა მონაწილეობის ფორმებსა თუ მასთან დაკავშირებულ პროცესს დავხვეწთ, თუკი ამ წელს რაიმე ხარვეზი გამოიკვეთა. 

- ძალიან კარგი ფაქტია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ გიწვევთ 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე, სადაც თსუ-ს გადაეცემა სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით ადრე უნივერსიტეტი ბოლო ადგილზე იყო. რა შეიცვალა ამ უმოკლეს პერიოდში? 

- ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იმ დღიდან, რაც პატივი მერგო და ამირჩიეს უნივერსიტეტის რექტორად, რადგან ჩემი პოსტზე არჩევიდან 2 კვირის თავზე უნივერსიტეტმა მიიღო სერტიფიკატი, რომელსაც ეხატა დიდი შავი ბოქლომი იმის დასტურად, რომ თსუ ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით ბოლო ადგილზე იყო, ანუ ჩვენ დავსახელდით ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციად. ერთი წლის თავზე უნივერსიტეტმა სერიოზული პროგრესი განიცადა და ,,გამჭვირვალობის რეიტინგში” ვიყავით მესამე 89%-ით. შემდეგ უკვე ამოცანად დავისახეთ პირველობა, რადგან არ შეიძლება ასეთი ისტორიისა და მასშტაბების მქონე პირველი ქართული უნივერსიტეტი 100%-ით არ ყოფილიყო ,,გამჭვირვალე”. ჩვენთვის მთავარი არის არა ის, რომ ვიყოთ პირველები, არამედ მთავარია, რომ უნივერსიტეტი იყოს 100%-იანი საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ამ უმაღლეს პროცენტს, წელს, უკვე ადმინისტრაციის სრული მობილიზებით მივაღწიეთ. თურმე შესაძლებელი ყოფილა ამის მიღწევა და, ბუნებრივია, რომ ეს სტანდარტი უნივერსიტეტში უნდა დავამკვიდროთ, რათა ყოველწლიურად ვიყოთ 100%-იანად გამჭვირვალე. ეს არის ჩემი, როგორც რექტორის, ამოცანა და მიხარია, რომ ამას სრულიად იზიარებს ადმინისტრაციაც. 

- თქვენ თავს არიდებთ ხოლმე პასუხს, მაგრამ ეგებ მაინც დაგვისახელოთ, ვინ მიგაჩნიათ წლის პერსონად უნივერსიტეტში?

- წლის პერსონად ბევრი გამორჩეული ადამიანი შეიძლება დასახელდეს, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ასევე, ახალგაზრდები, სტუდენტები... მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ამ ფორუმმა არა ერთი წარჩინებული გამოავლინა და ისინი საკმაოდ პერსპექტიულები არიან. წელს პირველად მივიღეთ პოსტდოქტორანტურაში ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთაც დისერტაციები ახლახან დაიცვეს. წელს ისევ გვაქვს მიღება და 2016 წლის დასაწყისში უკვე ახალი 7 პოსტდოქტორანტი გვეყოლება. ყველანი ესენი განა წლის პერსონები არ არიან? მიუხედავად ამისა, 2015 წლის ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტელად, ჩემი აზრით, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი უნდა ჩაითვალოს უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენისთვის!

ჩემთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტი სწორ გზაზე დგას და ეს რომ ასეა, დადასტურდა რეიტინგებითაც. საერთოდ ყველა რეიტინგი პირობითია და მის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი და ვარ განწყობილი, მაგრამ როცა საუნივერსიტეტო სივრცეში ხარ, ბუნებრივია, რეიტინგების ის სისტემაც უნდა გაიზიარო, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს საუნივერსიტეტო საქმიანობაში.

WEBOMETRICS-ის რანჟირებით თსუ შედის მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში, ანუ ფანტასტიური ნახტომი გავაკეთეთ. თუ მარტში 2006-ე ვიყავით მსოფლიოში, ახლა ვართ 830-ე - ეს არის ძალიან სერიოზული წინსვლა. გარდა ამისა, აკადემიურ რეიტინგებში მსოფლიოში ვართ 985-ე ისევ 1000-ში. პირველად გამოჩნდა ჩვენი უნივერსიტეტი ტომსონის რეიტინგშიც. ისინი, როგორც წესი, ძალიან მოკლე სიას აქვეყნებენ და, მართალია, 750 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არ მოვხვდით, მაგრამ ტომსონმა, გარდა ამ 750 უნივერსიტეტის რეიტინგისა, გამოაქვეყნა, აგრეთვე, დარგობრივი რეიტინგებიც. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ფიზიკაში ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო დონე მსოფლიოს 248 საუკეთესო უნივერსიტეტში არის 187-ე, ანუ ესეც უნივერსიტეტის წარმატების მახასიათებელია, თუმცა ეს არ არის გრანდიოზული გამარჯვება, რომ ამით ჩვენ ვიამაყოთ. უბრალოდ, ამას იმ ნიშნით ვაფასებ, რომ უნივერსიტეტი, ამ თვალსაზრისით, სწორ გზაზე დგას. 

- რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა ამ წელს, რა პროგრამაც თქვენ გქონდათ?

- მთელი ჩემი რექტორობის მანძილზე მთავარ მიზნად მივიჩნევ უნივერსიტეტის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მიღწევას. ამ კუთხით, სამწუხაროდ, ვერც 2015 წელს მივაღწიე წარმატებას – ვერ მოვახერხე, რომ საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემაში გაჩენილიყო პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. რექტორი ვიქნები თუ არა, ამ პრობლემას მუდამ შევეხები, რადგან არ შეიძლება - უნივერსიტეტები მხოლოდ სტუდენტებზე მიბმული ფულით არსებობდნენ. ეს არის მცდარი მოდელი. და კიდევ, მე მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტზე კი არ მაქვს საუბარი, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე.

- თქვენი მხრიდან ამ საკითხზე პრინციპულობამ მთავრობაში განაწყენებული ხალხი ხომ არ შეგძინათ?

- რა თქმა უნდა, არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც ეს არ მოწონს. ეს მათი პრობლემაა - ვიღაც მოწონდეთ, ვიღაც არა, ისევე, როგორც ჩემი პრეროგატივაც არის - ვიღაც მომწონდეს და ვიღაც არა, თუმცა, ამ მოცემულობის ფონზე, ჩემს შეხედულებებს, პოზიციას ვერ ვუღალატებ. დარწმუნებული ვარ, რომ, ადრე თუ გვიან, ქვეყანა მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნივერსიტეტებს საბაზისო დაფინანსება გამოუყოს და, ალბათ, ჩვენს სახელმწიფოს ოდესმე ის პოლიტიკური ელიტაც ეყოლება, რომელიც მიხვდება, რომ ეს გასაკეთებელია.

- წელს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო. თემები, რომლებიც მათ წამოწიეს, ყველასთვის ნაცნობია, რადგან წლების მანძილზე ამავე საკითხებს სხვა სტუდენტური ჯგუფებიც სვამდნენ აქციებზე. მათი მოთხოვნები რამდენად გაითვალისწინა უნივერსიტეტმა?

- ნუ ვიტყვით, რომ აკადემიური რეგისტრაციის პრობლემაზე მუშაობა ახლა უნდა დავიწყოთ. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ 2014-2015 სასწავლო წელი დავიწყეთ ყოველგვარი აქციების გარეშე. საგაზაფხულო სემესტრებიც ისე დაიწყო მაშინ, რომ ფაკულტეტები ახერხებდნენ აკადემიური რეგისტრაციის უხმაუროდ გავლას. ჩვენ IT დეპარტამენტის ტექნიკური გადაიარაღება მოვახერხეთ, მაგრამ ახლა ისევ იჩინა პრობლემებმა თავი. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ - რა არის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია IT ტექნოლოგიებთან და რა არის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ცუდ მუშაობასთან. ვფიქრობ, ამჟამად რა პრობლემაც იყო, ეს უფრო ცალკეული ფაკულტეტების გაუმართავი მუშაობის შედეგი გახლდათ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს უკვე მუშაობა.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების თარგმნას, გეტყვით იმას, რომ დიდ შეცდომად მიმაჩნია ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენი არჩეული კურსი არ არის სწორი; რომ სახელმძღვანელოები კი არ უნდა ითარგმნებოდეს, არამედ უკეთესად ვასწავლოთ ინგლისური. ინგლისური, რა თქმა უნდა, უკეთესად უნდა ვასწავლოთ, ეს უალტერნატივოა, მაგრამ თუ წავიკითხავთ საქართველოს კონსტიტუციას, კანონს „სახელმწიფო ენის შესახებ“ და კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“, ეჭვი აღარ შეგვეპარება იმაში, რომ ქართულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტები უნდა უზრუნველვყოთ ძირითადად ქართულ ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოებით. ჩვენი ორიენტაცია ასეთია - ყველა სახელმძღვანელოს ვერ ვთარგმნით, მაგრამ უნდა ითარგმნოს წამყვანი, ბაზური სახელმძღვანელოები, რომლის ანალოგები საქართველოში, მიზეზთა გამო, უბრალოდ, არ გვაქვს. რაც რექტორი ვარ, უკვე 8 სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. აქედან ერთი სახელმძღვანელოა მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, რადგან სწორედ ასეთი ტიპის უფლება შეიძინა უნივერსიტეტმა და 7 კი ბეჭდური სახით არის გამოსული. ეს ცოტაა, მაგრამ ამ 8 სახელმძღვანელოს თარგმნის კუთხით, აშკარა ლიდერად გამოიკვეთა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რადგან ამ 8-იდან 5 მათი მომზადებულია. სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ზოგიერთი ფაკულტეტი მოიკოჭლებს. ჩვენ შევქმენით ყველა შესაძლებლობა - რომელი სახელმძღვანელოებიც შეარჩიეს ფაკულტეტებმა, ყველას თარგმნის უფლება ვიყიდეთ; ყველა ფაკულტეტს გამოვუყავით თანხები... იყო შემთხვევები, როდესაც, ზოგან, ეს თანხები გაიფლანგა. მივიღეთ ზომები, რომ გამოსწორდეს სიტუაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს პროგრამა ჩაშალოს. ვიმედოვნებ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სხვა ფაკულტეტებიც აუბამენ მხარს.

- რას ჩაუთქვამთ ახალ 2016 წელს?

- 2016 წელი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს არის საიუბილეო წელი - ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან სრულდება 140 წელი, ამიტომ სენატზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს წელი გამოვაცხადოთ ჯავახიშვილის წლად. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მთელი რიგი ღონისძიებები და, ტრადიციულად, რადგან უკვე მე-3 წელია, ჩავატარებთ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები და სტუდენტები; გაიცემა ჯავახიშვილის საერთაშორისო პრემია ქართველოლოგიაში; ასევე, გვექნება სხვა ღონისძიებებიც, კონფერენციები, შესაბამისად, მიძღვნილი ჯავახიშვილისადმი და ეს აქტიურობა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.
და კიდევ, შემდეგი წელი ქვეყნისთვის არის პოლიტიკური არჩევნების წელი და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ მოინდომებს უნივერსიტეტი ჩააბას პოლიტიკურ თამაშებში. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტის ჯანსაღ ძალებს - პროფესორები იქნებიან ისინი თუ სტუდენტები, ისევე, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ჯანსაღ ძალებს, ეყოფათ გონიერება, რომ იმ დაწესებულებას, სადაც მათი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ, არ შეექმნას პრობლემები და სასწავლო თუ სამეცნიერო პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. 
კიდევ ერთი მომენტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია - გაისად გვიწევს პროგრამების აკრედიტაციის პროცესი, უნდა მოვემზადოთ ავტორიზაციისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წელს იქნება, ანუ გასატარებელი გვექნება მთელი რიგი ისეთი ღონისძიებები, რომელიც ამ ოფიციალური პროცედურების წარმატებით გადალახვას შეგვაძლებინებს.