თსუ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული უნივერსიტეტი გახდა

18 დეკ 2015

თსუ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული უნივერსიტეტი  გახდა. შედეგად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ახალი არჩევითი საგანი „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ დაემატება, რომელიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტში იკითხება და მისი ზუსტი ანალოგი იქნება. თსუ-ის სტუდენტები ზუსტად იმ მეთოდოლოგიით, ლიტერატურითა და მაგალითებით ისწავლიან, როგორც ჰარვარდში. საგანს ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია წაიკითხავს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სააპლიკაციო ცენტრში წარმატებით წარადგინა და შესაბამისი ტრენინგები გაიარა.  ლექციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დეტალებზე ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ.

- რას ნიშნავს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული უნივერსიტეტი, რა დამატებით შესაძლებლობას აძლევს თსუ-ს ეს სტატუსი? 

- ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თსუ-ში წავიკითხოთ ზუსტად ის საგნები, რაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლაშია. ამ შემთხვევაში საუბარია „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკაზე“. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და რაც მთავარია, ამ საგანს ხელმძღვანელობს პროფესორი მაიკლ პორტერი - ამ დარგის ფუძემდებელი. 

- ეს საგანი ოფიციალურად შევა თსუ-ის სასწავლო პროგრამაში?

- საგანი ინგლისურენოვანია და ამიტომ არჩევითი იქნება. ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართულენოვან პროგრამაზე სავალდებულო საგანი უცხო ენაზე იკითხებოდეს. თუმცა, ეს გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. მთავარია, რომ საგანი თსუ-ის სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდება და ვისაც სურვილი ექნება შეძლებს მის შესწავლას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურებზე.

- თსუ-ის სტუდენტებს ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან კონტაქტის საშუალება მიეცემათ? 

- ეს პროგრამა არ იძლევა სტუდენტების ჰარვარდში გაგზავნის საშუალებას, თუმცა სტუდენტები ამ საგანს ზუსტად იმ პროგრამითა და სასწავლო ლიტერატურით გაივლიან, როგორიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლაშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკელებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან საუკეთესო ბიზნეს-ქეისები აქვთ შესწავლილი, განხილული და რეკომენდაციებით თანდართული. შესაბამისად, ამა თუ იმ ქვეყნის და ცალკეული კლასტერების შესწავლის საშუალებას გაძლევენ. ამ ინფორმაციასთან წვდომა უსასყიდლოა. გარდა ამისა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან აფილირებულ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობს კვლევები და ამ უახლესი ნაშრომების გაცნობაც სისტემატურად მოხდება. ვისაც აინტერესებს ახალი თანამედროვე სტანდარტებით სწავლა, ახალი თეორიული პრაქტიკული ცოდნის მიღება კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის თემაზე ახალი საგანი ამის საშუალებას იძლევა.