დირიჟორი და მოჭიკჭიკე მერცხალი, რომელიც გაზაფხულს ელოდება

18 დეკ 2015

1992 წლის 11 ოქტომბერს მსოფ-ლიოს პოლიტიკურ ისტორიაში უნიკალური მოვლენა დაფიქსირდა - საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი კენჭისყრით აირჩიეს. თუმცა, ლორთქიფანიძეების ოჯახისთვის ეს დღე შესაძლოა კალენდრის ერთერთ გადახაზულ თარიღად დარჩენილიყო, რომ არა მათი ქვეყნიერებას მოვლენილი პირველი ვაჟიშვილი, რომელსაც, მისდა ბედად, ბიულეტენის ნაცვლად ლევანი დაარქვეს.

ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღეს დაბადებული, თბილისის ძველი უბნებისთვის დამახასიათებელ მრავალეროვან იტალიურ ეზოში გაიზარდა. საშუალო განათლება ქართულ-გერმანულ გიმნაზიაში მიიღო და, როგორც თავად ხუმრობს, სკოლის დამთავრებისას დირექტორი ლევანისეული უღელიდან გათავისუფლდა, ანუ აღარავინ მოითხოვდა კონფერენციების ჩატარებას, სასკოლო კლუბების შექმნასა თუ უპარტიო პედაგოგებს.

სკოლის შიდა განაწესში ფუნდამენტური ცვლილებები ვერ შეიტანა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში შეიძინა ცხოვრების არაერთი თანამგზავრი - თანაკლასელები - ვისთან ერთადაც ბნელი, ნავთის სუნით გაჟღენთილი „90-იანები” გამოიარა. „თვალწინ მიდგას ჩემი კლასის დამრიგებელი, რომელსაც ხელში კლასის სია უჭირავს და კითხულობს: დღეს ნავთი რატომ არ მოიტანეთ?“ - ამბობს ლევანი და ამატებს, რომ მათი მეგობრობა მსგავსი მოგონებების ფონზე მყარი და შეუცვლელია.

თანატოლების უმრავლესობისგან ინტერესთა სფეროთი გამოირჩეოდა. უყვარდა ისტორია და გეოგრაფია, განსაკუთრებით XIX საუკუნის საფრანგეთი, გერმანია და უახლესი პოლიტიკური მოვლენები. X კლასში პოლიტიკური მეცნიერების, როგორც ცალკე მიმართულების, არსებობის შესახებ შეიტყო და სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ საკუთარ ტიტულებს სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელი დიპლომიც შემატა. წელს, უკვე დიდი ალბათობით, მაგისტრის კვლავ წითელ დიპლომს დაუფლება და, როგორც თავად ხუმრობს, დამსახურებული ტაქსისტის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

თვითკრიტიკა და სარკაზმი ლევანის პიროვნების ხოტბაშესასხმელი თვისებაა. ხშირად ხუმრობს საკუთარ წონაზე: „მომერიდა ამხელა სანაპიროზე ჩამოსატარებელი დათვივით არსებას, მისნაირი მშვიდი ადამიანისთვის მეთქვა, რომ სურათის გადაღება მინდოდა“, - წერს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მანანა მენაბდისადმი მიძღვნილ პოსტში. ასევე მხიარულად მოგვითხრობს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრისას აწყდება.

სანამ მისი თანაკურსელები და მეგობრები უკვე მერამდენე კონფერენციას ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იგი ტრენინგებს და „ვორქშოპებს“ მართავს ბოლნისში, ჭიათურასა თუ ლანჩხუთში. ამ დროისთვის საქმიანი ვიზიტით საქართველოს 25 ქალაქი მოიარა. თითოეულ დასახლებაში ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას, გაუსაძლის სამუშაო პირობებში მყოფ მუშებს, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, ანუ მათ, ვისი პრობლემებიც დღეს უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გადაუჭრელია. ამ საკითხების გაშუქებას კი ლევანი და მისი მეგობრები მოძრაობა „მწვანე მუშტის“ მეშვეობით ცდილობენ. მასში მემარცხენე ძალები და გარემოს დამცველები „სხვა საქართველოს“ ინტერესების დასაცავად ერთიანდებიან და ეს მათი გაერთიანება ეძღვნება ხალხს, ვისი პრობლემებიც არც ჩვენი მედიის ობიექტივსა და, მით უმეტეს, ვერც პოლიტიკის დღის წესრიგში ხვდება. მათი მიზანი კი მსგავსი თემების იმ ელიტამდე მიტანაა, რომლისთვისაც ქვეყნის დემოკრატიულობა და კეთილდღეობა ერთი ტელევიზიის ყოფნა-არყოფნაზე გადის.

სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ახალგაზრდა მემარცხენე მკვლევართან ერთად კიდევ ერთ ახალ საქმეს ჩაუყარა საფუძველი და „ფაბიანური საზოგადოება“ დააარსა. მათი მთავარი საქმიანობის სფერო საქართველოს მემარცხენე ძალების ისტორიის შესწავლაა. უკვე გამოიცა ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის პირველი ტომი. 2018 წელს, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეზე კი, ქრესტომათიის ყველაზე მნიშვნელოვანი წერილებით დახუნძლული 1000 გვერდის გამოცემას გეგმავენ.

აღსანიშნია, რომ ლევანი არაჩვეულებრივად წერს როგორც მსუყე, პოლიტიკის ჭრილში მსჯელობითა და ანალიზით გაჟღენთილ ტექსტებს, ასევე მსუბუქ, იუმორნარევ ისტორიებს. მსგავს შემთხვევებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გვიზიარებს და ხშირად არაერთ ადამიანს დღის განწყობასაც უქმნის. ამჟამად კი ჟურნალ „ცივიკუსი“-ს რედაქტორია, სადაც სამოქალაქო საკითხებზე ანალიტიკური, თეორიული პოლიტიკური მასალები იბეჭდება და თავად აქტიურად ცდილობს თითოეულ ნომერში ერთი კლასიკური ნაშრომი მაინც ითარგმნოს.

მისი ამჟამინდელი საქმიანობა შეგვიძლია უნივერსიტეტის სენატის ღირსეული წევრობით დავასრულოთ, სადაც მეგობრების დაჟინებული თხოვნით იყარა კენჭი. „მწვანე მუშტში“ იგი ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების, სენატში კი სტუდენტთა ხმაა. სხდომებზე სწორედ მათი მოთხოვნები და ინტერესები შეაქვს, იქიდან გამოსული კი ანგარიშს წერს და მიღებულ გადაწყვეტილებებს, ბიუჯეტსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს განიხილავს. „იქ შიგნით ერთი მსუქანი მერცხალი მეორე მერცხალთან ერთად ვჭიკჭიკებ. გაზაფხულამდე კი შორია“, - ამბობს ლევანი.

მოჭიკჭიკედ არა, მაგრამ ოცნებებში თავს დირიჟორად არაერთხელ წარმოიდგენს. ნებისმიერი ჟანრის ხარისხიანი მუსიკის შემსრულებლის მადლიერია, რადგან თვლის, რომ მის გასაკეთებელს ასრულებენ და განგებას მართლაც რომ დაეჯილდოვებინა მუსიკალური ნიჭით, საინტერესოა, სამოქალაქო აქტივიზმს დირიჟორის სმოკინგს თუ ანაცვალებდა.

ოცნებებს მიღმა კი რეალური ცხოვრებისეული მიზნებია, რომელთაც, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. ფიქრობს, რომ პოლიტიკურად საინტერესო რეგიონში დაიბადა, რაც შანსს აძლევს - საკუთარი კვლევებითა და ნაშრომებით მსოფლიოს ახალი სიტყვა უთხრას პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. იმედოვნებს, რომ მაგისტრის ხარისხს დოქტორანტურა მოჰყვება, კარიერას კი პროფესორის ხარისხით უნივერსიტეტში გააგრძელებს. აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას დროდადრო საკუთარ კვლევებს შეაშველებს და, რაც მთავარია, კვლავ აქტიურად იქნება ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში.

ქალაქისაგან ცოტათი მოშორებულ დასახლებაში იდგება აგურის მყუდრო სახლი, ყველასათვის ღია კარით, დიდი ბუხრით, ბევრი წიგნითა და ლევანისეული სამყაროთი. გულის სიღრმეში და აბსტრაქციულ ოცნებებში კი საქართველო იქნება კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო.

P.S. სტატიაში საუბარია ლევან ლორთქიფანიძეზე, რომელიც ამჟამად თსუ-ის მაგისტრანტია და სენატის წევრია.

თამარ უმფრიანი