ინოვაცია აბიტურიენტებისთვის

18 დეკ 2015

2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოხვედრის მსურველ აბიტურიენტებს სიახლე ელით. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის მე-11 სხდომაზე ერთერთ საკითხად განიხილეს ბაკალავრიატის ანკეტა/კითხვარის დამტკიცება. ანკეტაში შევიდა სიახლე, რომლის თანახმადაც, ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს სამოქალაქო განათლების ჩაბარებაც შეეძლებათ.

მოცემული საკითხი და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ მთლიანად ფაკულტეტისთვის. როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეამცირა. ამას დაემატა ისიც, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გასულ წელს გამოაკლდა ერთ-ერთი წამყვანი და რაოდენობრივად ყველაზე დიდი მიმართულება - ფსიქოლოგია და ჩამოყალიბდა ახალი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა ფაკულტეტის ბიუჯეტის შემცირებაზეც, რადგან ნაკლები სტუდენტი ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, თუმცა, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შემცირება რომ გარდაუვალი პროცესი იყო, ამაზე, სავარაუდოდ, არ უნდა ვიდავოთ. უკვე დიდი ხანია ჩვენი, სტუდენტების, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტში სწორედ სტუდენტთა რაოდენობის შემცირებაა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვიხდება ისეთ აუდიტორიებში ლექციებზე დასწრება, სადაც, მაგალითისთვის, 50 ადგილი არის, ხოლო კონკრეტულ საგანზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა რიცხვი 100 აჭარბებს. რეალურად, დღეს, უნივერსიტეტს არ ჰყოფნის ინფრასტრუქტურული რესურსები, რათა შესაბამისად უზრუნველყოს სტუდენტები.

რექტორის ბრძანებით, 2016-2017 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა 1 000 სტუდენტით უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შემცირება ასევე შეეხო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. გასულ წელს ფაკულტეტმა მიიღო 490 პირველკურსელი, ხოლო მომავალ წელს ეს რიცხვი 210 სტუდენტი გახდება (რაშიც არ შედის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტების რაოდენობა). სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს, როგორც ყოველთვის, არჩევით ანუ მე-4 საგნად საშუალება ეძლევათ ჩააბარონ: ისტორია, გეოგრაფია და მათემატიკა. საბჭოს რიგით მე-11 სხდომაზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სრულმა პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ წამოაყენა ინიციატივა, რომ არჩევით საგნებს დაემატოს სამოქალაქო განათლება. მსგავსი ინიციატივა გასულ სხდომებზეც ყოფილა დღის წესრიგში, თუმცა მისი მიუღებლობის არგუმენტები, ხშირ შემთხვევაში, ის იყო, რომ საჯარო სკოლებში დღეს სამოქალაქო განათლება ძალიან დაბალ დონეზე ისწავლება. ასევე, ერთერთ პრობლემად დასახელდა აბიტურიენტების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. თუმცა, ბოლო სხდომაზე, აკადემიურმა პერსონალმა საკუთარი პოზიცია ვრცლად ჩამოაყალიბა, სტუდენტებმაც დავაფიქსირეთ საკუთარი აზრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, მივიჩნიეთ, რომ პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლებას მივცეთ მინიმალური კვოტა - 10 სტუდენტის ოდენობით, რაც შემდეგ წლებში სტიმულის მიმცემი იქნება სხვა აბიტურიენტებისთვის და, შესაბამისად, ამ საგნით დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობა გაიზრდება.

სამოქალაქო განათლების ამ სახით შესვლას ბაკალავრიატის ანკეტა/კითხვარში მხარი დაუჭირა საბჭოზე დამსწრე 17 წევრიდან 10-მა და საკითხიც დამტკიცდა. 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოსახვედრად, აბიტურიენტებს 3 სავალდებულო ძირითად საგანთან ერთად შეეძლებათ ჩააბარონ შემდეგი საგნები: გეოგრაფია - 80 სტუდენტი; ისტორია - 80 სტუდენტი; მათემატიკა - 40 სტუდენტი და (მთავარი სიახლე) სამოქალაქო განათლება - 10 სტუდენტი. შესაბამისად, აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ სამოქალაქო განათლების კუთხით მომზადება.

ტატო ირემაძე, 

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი