ბექა და მარიამი ნაძვის ხეს წელს პირველად მორთავენ ერთად

18 დეკ 2015

ბექა დადეშქელიანი და მარიამ შაქარიშვილი, ერთი შეხედვით, „ჩვეულებრივი“ ოჯახური წყვილია, მაგრამ ორი სტუდენტის ოჯახური ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ოთხი თვის წინ დაიწყო,  სავსეა საინტერესო მოვლენებით და  თავგადასავლებით და ამ ამბავში ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ თავგადასავლების „შემქმნელები“ თავადვე არიან. ერთ ჭერქვეშ ყოფნამ ორივეს ცხოვრება შეცვალა, თუმცა, არ შეცვლილა მათი მისწრაფებები და საქმისადმი დამოკიდებულება. ამიტომ, მათი პირველი ახალი წელი ოცნებების ასრულების იმედით  იქნება სავსე და ორივეს სჯერა, რომ, ჯადოსნურ ღამეს, ნაძვის ხესთან  ჩათქმული ნატვრა და სურვილები შესრულდება, რადგან ისინი ამისთვის უკვე  ყველაფერს აკეთებენ.

„სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან - დრო, სიტყვა, შესაძლებლობა! სამი რამ გამოავლენს ადამიანს - შრომა, პატიოსნება და მისწრაფება! იყო უნივერსიტეტელი - ეს პრივილეგია და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახისა და ქვეყნის წინაშე“, - ამ სიტყვებით მიმართა ბექა დადეშქელიანმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას და მას ამის თქმის უფლება ჰქონდა, რადგან თავად როგორც ამბობს, ყოველთვის ცდილობს, ამ პასუხისმგებლობით იცხოვროს. ამაში, რა თქმა უნდა, მარიამიც ეთანხმება - როგორც მეუღლე და, ამავე დროს, როგორც თანამოაზრე.

ბექამ და მარიამმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ბექა მაშინ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი იყო, სწორედ მისი ინიციატივით ფაკულტეტზე მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მარიამიც აქტიურად ჩაერთო თვითმმართველობის საქმიანობაში და სულ მალე კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

„თავიდან საერთო საქმე და ინტერესები გვაკავშირებდა, მალე მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ოჯახური ცხოვრება დაბრკოლებას არ გვიქმნის ჩვენი გეგმების განხორციელებაში, პირიქით, ვეხმარებით და რჩევებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს, ამიტომ როდესაც რამე გეგმას დავსახავთ, ორივე ერთად მოვიაზრებით“, - ამბობს ბექა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბექა და მარიამი წარმატებული, შემდგარი წყვილია და ამას მათი წარსული და ამჟამინდელი საქმიანობაც მოწმობს.

ბექამ წარმატებით დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, სადაც ასევე აქტიურად იყო ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში და იმავე წელს გრანტით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც თვითონ ამბობს, ეტაპობრივად გაიარა განვითარების საფეხურები და ყველა პოზიციაზე ყოფნის დროს ცდილობდა საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტებში ჩართვას და მათ განხორციელებას. „დღეს თსუ-ის სენატის წევრი ვარ, რაც ასევე დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ამ კუთხითაც ვცდილობ აქტიურად ჩავერთო უნივერსიტეტის მართვის პროცესებში“, - ამბობს ბექა.

მრავალ განხორციელებულ პროექტებს შორის ბექა დადეშქელიანი ახლახან დაარსებულ უისტონ ჩერჩილის სკოლასაც ასახელებს და, ამჟამად, სამთვიან პროექტს - „საქართველოს პარლამენტის მოდელირება“-ს, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის მუშაობის პრინციპების შესწავლა, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, კანონპროექტების შემუშავება და, ამავე დროს, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბექას სამომავლოდ ბიზნეს-გეგმებიც აქვს, ერთ-ერთი მათგანი მშობლიურ კუთხეს - სვანეთს უკავშირდება. „გასაკვირი არ არის, რომ სვანეთი გამორჩეულად მიყვარს, ამავე დროს, ჩემი გვარი დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. უისტონ ჩერჩილის სკოლის პროექტის ფარგლებში, ახლო მომავალში, მე და ჩემი მეგობრები სვანეთში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას ვგეგმავთ, რაც, ჩვენი აზრით, სვანეთის ახალგაზრდებისთვის კარგი საჩუქარი იქნება“.

ბექა ამჟამად თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების მაგისტრატურის სტუდენტია, სპეციალობად კონფლიქტის ანალიზი და მართვა აირჩია. პროფესიული ზრდა მისთვის ასევე მნიშვნელოვანია და მომავალში, რა თქმა უნდა, დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს. „მე და მარიამს ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა, ორივეს გვესმის, რომ, პირველ რიგში, კარგი განათლება უნდა მივიღოთ“, - ამბობს ბექა.

მარიამი მეუღლეს უმეტეს შემთხვევაში ეთანხმება და იმასაც „აღიარებს“, რომ ბექა ოჯახში „ლიდერია“. „ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, არასდროს ვჩხუბობთ და, თუ განსხვავებული აზრი გვაქვს, ვცდილობთ არგუმენტირებულად დავარწმუნოთ ერთმანეთი. სწავლა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა მეც აქტიურად ვარ ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. თსუ-ის თვითმართველობაში ჩემი საქმიანობა კულტურის დეპარტამენტში დაიწყო, სადაც ჩვენი ინიციატივით მრავალი ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, წიგნების პრეზენტაციები. გამოცდილება მივიღე პიარის დეპარტამენტშიც და მომავალში, როდესაც ბექა თავის ბიზნეს-გეგმებს განახორციელებს, სიამოვნებით დავეხმარები“, - ამბობს მარიამი.

ბექა და მარიამი სწავლაში ხელს არ უშლიან ერთმანეთს, თუმცა, თუ რომელიმე დიდხანს მეცადინეობს, მეორეს ცოტა არ იყოს სწყინს „უყურადღებობა“, მაგრამ ამ დროს მარიამი ცდილობს თავისი „კულინარიული შემოქმედებით“ „შემოირიგოს“ მეუღლე. „ბექას ღომი, სულგუნი და კუბდარი უყვარს. მართალია, სანამ ოჯახს შევქმნიდით, არაფერი ვიცოდი, მაგრამ ბექას ხათრით, ნელ ნელა, ყველაფერს ვსწავლობ და გამომდის. თავისუფალ დროს ფილმების ყურება მიყვარს, ბექას - კითხვა (სხვათა შორის, თვითონაც წერს) და შემდეგ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შთაბეჭდილებებს. ერთმანეთის გვერდით ყოველი დღე საინტერესოა“, - ამბობს მარიამი.

ბექა და მარიამი წელს პირველად მორთავენ ერთად ნაძვის ხეს, ახალ წელს ერთად ჩაუთქვამენ სურვილებს, შემდეგ კი უნდათ ბაკურიანში წავიდნენ მეგობრებთან ერთად, სადაც ბევრი, ბევრი თოვლია... ახალ წელს უხდება თოვლი...