როგორ „დადგება“ ახალი წელი სტუდენტებისთვის?

18 დეკ 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნელ-ნელა საახალწლო სამზადისი იწყება. სხვადასხვაგვარად ემზადებიან სტუდენტები, ადმინისტრაცია და თვითმმართველობის წარმომადგენლები. ცოტა ხანში უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მთავარი ნაძვის ხე დაიდგმება, საახალწლო ღონისძიებები კი თვის ბოლოსაა დაგეგმილი.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის ტატო ირემაძის თქმით, ცენტრალური სტუდენტური თვითმმართველობა 25 დეკემბერს კლუბ Underwheel-ში საახალწლო წვეულების მოწყობას გეგმავს. წვეულებაზე დასწრება მკაცრად გაკონტროლდება და კლუბში შესვლას მხოლოდ თსუ–ის სტუდენტები შეძლებენ. მისივე თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში ექვსივე ფაკულტეტის თითოეულ სტუდენტს შეეძლება მისვლა და ბილეთის აღება. 

ტატო ირემაძე აღნიშნავს, რომ საერთო წვეულების გარდა, ღონისძიებები ცალკეული ფაკულტეტებისთვისაც იგეგმება, რომლებსაც ამავე ფაკულტეტების თვითმმართველობის წევრები უწევენ ორგანიზებას. მაგალითად, 21–დან 25 დეკემბრამდე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის VI კორპუსს საახალწლოდ მორთავენ სტუდენტები, გაიმართება კონცერტი, სადაც ორგანიზატორები მოიწვევენ რამდენიმე მომღერალსა და DJ-ის, იქნება ნომინაციები და სპეციალური საჩუქრები გამარჯვებული სტუდენტებისთვის. გასული წლის მსგავსად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ადმინისტრაცია სერტიფიკატებს გადასცემს.

სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით სტუდენტები აფიქსირებენ მოსაზრებებს, თუ რა სახის ღონისძიების/წვეულების/საღამოს გამართვას ისურვებენ საახალწლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ან სტუდენტური თვითმმართველობისგან. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას კლუბ Underwheel-ში დაგეგმილი წვეულების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან მათ უმრავლესობის მიერ გამოთქმული სურვილი სწორედ კლუბში წვეულების გამართვას ეხებოდა. სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ყველასგან დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით გეგმავენ საახალწლო განწყობის შექმნასა და წვეულების გამართვას. გარდა ამისა, გამოიკვეთა რამდენიმე სურვილი, რომლის შესრულებასაც სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ელოდებიან: მათ სურთ უნივერსიტეტში გამართულ კონცერტზე მოიწვიონ ჯგუფი „ბანი“ და „თსუ-გროდელა“, ასევე, ახალგაზრდების ნაწილი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას კოსტიუმირებულ საღამოში.

სტუდენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც საახალწლოდ შეგროვებული თანხით სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდა სურთ. რამდენიმე სტუდენტმა კი სურვილი გამოთქვა, წინასაახალწლოდ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყოს ექსკურსია.

სტუდენტთა საახალწლო მოლოდინები განსხვავებულია. მათ სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ ახალი წელი თსუ-ში, თუმცა სურვილი ერთია - უნივერსიტეტის ფარგლებში მხიარულად და დასამახსოვრებლად გააცილონ 2015 წელი.

თამთა ჭრიკიშვილი,
ანა მესხი,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები