„დაგვეხმარე - შევცვალოთ“ მოაგროვეთ პრობლემები „ფითბექის ყუთებში“

03 დეკ 2015

თსუ-ის მე-3 კორპუსის შემოსასვლელსა და დერეფნებში გაჩნდა ე.წ. „ფითბექის ყუთები“ წარწერით: „ჩვენ გვჭირდება შენი დახმარება! დაგვეხმარე - შევცვალოთ!” გაზეთის რედაქცია დაინტერესდა ამ ყუთების მე-3 კორპუსში განთავსებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისადმი ასეთი მოწოდების მიზეზით. ამ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს ნინა ცინაძესა და მარიამ ქათამაძეს.

ნინა ცინაძე: „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენს ფაკულტეტზე არსებული პრობლემებით, რომელზეც საუბარს დაიწყებენ და თავიანთ პოზიციებს მოგვაწოდებენ ჩვენი ფაკულტეტის როგორც სტუდენტები, ასევე, პროფესორები. ამ ყუთების დადგმას აქვს ის დადებითი მხარე, რომ შიგნით მოთავსებულ წერილობით გამოხმაურებებზე არ ფიქსირდება სახელი და გვარი და ყველა სახის პრობლემა, რაც ამ კორპუსში არსებობს, ჩვენამდე მოაღწევს. გვინდა, შევცვალოთ არსებული რეალობა და ფაკულტეტის დეკანატისა და სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის წინაშე წამოვჭრათ ყველა ის საკითხი, რაც სტუდენტებს და პროფესორებს აწუხებთ. ჩვენ არ ვეხებით პერსონებს, ჩვენ გვინდა მივიღოთ უკუკავშირი საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან, რათა ერთობლივად ვიბრძოლოთ სასურველი გარემოს შესაქმნელად ჩვენს ფაკულტეტზე. შესაძლოა, ჩვენი ეს წამოწყება გადამდები გახდეს სხვა ფაკულტეტების თვითმმართველობებისთვისაც“.

გაზეთის რედაქცია დაინტერესდა, „ფითბექის ყუთების“ განთავსებისა და თსუ-ის III კორპუსში პრობლემების წერილობით შეგროვების იდეასთან დაკავშირებით რა იცის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და გამოეხმაურა თუ არა სტუდენტური თვითმმართველობის წამოწყებას. ამის თაობაზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ გაგოშიძეს გავესაუბრეთ.

ბლიც-ინტერვიუ

- ყუთები, რომელიც გაჩნდა III კორპუსში, გავარკვიეთ, რომ თქვენი ფაკულტეტის პრობლემების შეგროვების მიზნით განთავსდა შემოსასვლელსა და დერეფნებში. თქვენი, როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელის, რეაქცია როგორი იყო?

- მქონდა საუბარი ჩვენი ფაკულტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და იდეა მომეწონა. ჩვენ ახლად შექმნილი ფაკულტეტი ვართ და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სერვისი სტუდენტებისთვის, მაგრამ ამის გაკეთება უკუკავშირის გარეშე ძალიან ძნელია. ერთია ჩვენი მხრიდან დანახული რეალობა და მეორეა სტუდენტების მხრიდან აღქმული ვითარება ჩვენს კორპუსში. სხვათა შორის ვიცოდი, რომ ყუთების საშუალებით შენიშვნებისა და პრობლემების წერილობით შეგროვება მხოლოდ სტუდენტების მისია იყო და თუ პროფესორებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში, კარგი იქნება. ჩვენს პროფესორებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა. ერთია, როცა ჩვენ, ადმინისტრაცია, ვფიქრობთ - რა გავაკეთოთ და მეორეა უკუკავშირი, რაც სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

- როგორ ფიქრობთ, გაივსება ყუთები?

- თუ არ გაივსება, ესეც რაღაცის მაჩვენებელი იქნება, თუ გაივსება, ეგეც სიპტომატურია. შევხედოთ, როგორი იქება დინამიკა.

- პრობლემებს, რომელიც წერილობით შემოვა, ვის ყურამდე მიიტანთ?

- პირველ რიგში ჩვენთვისაა ეს მნიშვნელოვანი. რისი გაკეთებაც ჩვენ, ადგილობრივ ადმინისტრაციას შეგვიძლია, ბუნებრივია, ვეცდებით, რომ გავაკეთოთ. რაც არ შეგვიძლია, ანუ თუ ფაკულტეტის დონეზე ვერ გადაწყდა ესა თუ ის საკითხი, უკვე საუნივერსიტეტო ადმინისტრაციას მივმართავთ. ასე რომ, პრობლემები სტუდენტებისთვისაც და ჩვენთვისაც ცოტა არ არის, თუნდაც, მაგალითად, III კორპუსში საკვების და წყლის პრობლემაა. დერეფნებში არ დგას სწრაფი კვების აპარატები. ესეც არ არის ადვილი გადასაწყვეტი არც ჩვენთვის და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის. ამდენად, მსგავსი შენიშვნები შეიძლება შემოვიდეს და ამ ყველაფრის გამოსწორება და თუნდაც გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ და ვითავოთ.