სასწავლო დარგში თსუ-ს ახალი ვიცე-რექტორი ჰყავს

03 დეკ 2015

სასწავლო დარგში ვიცე-რექტორად პროფესორი დარეჯან თვალთვაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ემერიტუს-პროფესორი ლევან ალექსიძე შეცვალა. დარეჯან თვალთვაძე უკვე მეორედ იყო არჩეული თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად და, უნდა ითქვას, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს მოახერხა ფაკულტეტმა „წელში გამართვა“ და წარმატებულის იმიჯის შექმნა. ალბათ, ქალბატონ დარეჯანს ახალ პოსტზე „წისქვილებთან ბრძოლა“ არ მოუხდება, მით უფრო, რომ სასწავლო დარგში კვლავ ბევრი პრობლემა დაგროვდა, რასაც სტუდენტთა ჯგუფები ხშირად აპროტესტებენ და ახალ ვიცე-რექტორს ასპარეზზე საქმიანობის გასაგრძელებლად საუნივერსიტეტო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. რექტორის მოადგილედ დანიშნულ პროფესორს, ქალბატონ დარეჯან თვალთვაძეს, მასთან საუბრისთვის გაჩენილ ახალ საბაბზე დავეკითხეთ.

- თქვენ უკვე მეორე ვადით იყავით არჩეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად. დღეს უკვე გიწევთ ამ პოსტის დატოვება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი დაწინაურება ვიცე-რექტორის პოსტზე დანიშვნის სახით?

- 26 ნოემბერს გამოიცა ბრძანება ჩემი ფაკულტეტის დეკანობიდან უნივერსიტეტის რექტორის სასწავლო დარგში მოადგილედ გადაყვანის შესახებ. დღეს ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მადლობა გადავუხადე ფაკულტეტის საბჭოს ყველა წევრს, პროფესორებსა და სტუდენტებს წლების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, თანადგომისთვის, იმ საქმისთვის, რასაც ერთად ვაკეთებდით. როდესაც რეფორმის შემდეგ ჩვენი ფაკულტეტი ყოფილი 6 ფაკულტეტისგან შეიქმნა, იმდროინდელი ვითარება, აბლაბუდას შევადარე (მეტაფორას მივმართავ ამ შემთხვევაში). პირველ ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდა იმ მთავარი ძაფის მოძებნა, რომლითაც უნდა „მოქსოვილიყო” ერთიანი მტკიცე „ქსოვილი”, რასაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჰქვია. როგორი ნაქსოვი გამოგვიდა, კარგი თუ ცუდი - ეს, შეიძლება, სადავო იყოს, მაგრამ უნივერსიტეტის რეალობაში დღეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართულად ფუნქციონირებს, რომელსაც საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს და რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია როგორც თავისი სამეცნიერო პოტენციალით, ისე იმ სტუდენტთა რაოდენობით, რომლებიც ჩვენი ფაკულტეტის სპეციალობებს ირჩევენ. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და, შეიძლება, ფაკულტეტის დღევანდელი რეალობა იდეალურისგან ჯერ კიდევ შორს იყოს, მაგრამ „ქსოვა“ ნამდვილად სწორი მიმართულებით დავიწყეთ. 

- თქვენ ვიცე-რექტორის პოსტზე დაგნიშნეს. შესაძლებელია, რომ დღესვე ვისაუბროთ იმ პრიორიტეტებზე, რითაც ახალ პოსტზე გააგრძელებთ საქმიანობას?

- ეს ახალი შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ იმ პრობლემების გადასაჭრელად მომიწევს მუშაობა, რომლებიც ჩემთვის, როგორც ფაკულტეტის დეკანისთვის იყო ცნობილი და რასაც დეკანის გადმოსახედიდან ვაკვირდებოდი, ახლა მათ სხვა მასშტაბით და, ალბათ, სხვა გადმოსახედიდან სჭირდება დანახვა და შეფასება. მომიწევს გავეცნო სასწავლო დარგში მთელს უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას, ეს გარკვეულ დროს ნამდვილად მოითხოვს. ჯერ 24 საათიც კი არ გასულა, რაც ამ პოსტზე დავინიშნე, ამიტომ არ მაქვს მყარად ჩამოყალიბებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მუშაობის მთავარი ვექტორი, ზოგადად, იქნება უნივერსიტეტში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, რაშიც მოვიაზრებ არა მხოლოდ იმას, რომ სწავლა-სწავლება უნდა იყოს ხარისხიანი და სტუდენტზე ორიენტირებული, არამედ, ჩემი აზრით, უნდა მოგვარდეს ყველა საკითხი, რაც სასწავლო პროცესთანაა ასოცირებული, რათა უნივერსიტეტში გაუმჯობესდეს აკადემიური გარემო. მესმის, რომ ეს იოლი საქმე არ გახლავთ! ამას შეიძლება წლებიც დასჭირდეს, მაგრამ ეს იქნება ის ამოცანა, ის გამოწვევაა, რომელიც უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა და რომლის გარეშეც მას გაუჭირდება თავისი პოზიციების შენარჩუნება.

- ამ მხრივ მუშაობას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერაც სჭირდება...

- რასაკვირველია, სხვაგვარად შეუძლებელია რაიმე სერიოზულ გეგმებზე ისაუბრო. ამას სჭირდება ყველას თანადგომა, რაც მხოლოდ ადმინისტრაციის მხარდაჭერას არ გულისხმობს. ნებისმიერი დიდი საქმე კეთდება მაშინ, როდესაც ამას აკეთებს გუნდი. როდესაც ეს უნივერსიტეტს ეხება, გუნდი საკმაოდ დიდი უნდა იყოს - ეს არის პროფესორიც, სტუდენტიც, ადმინისტრაციაც... ანუ თუ ყველა ერთნაირად არ იქნება მოწადინებული, რომ რაღაც შეიცვალოს, მოწესრიგდეს და გაუმჯობესდეს, ძალიან დიდხანს გაიწელება პროცესი და წინსვლის სურვილი შეიძლება სურვილად დარჩეს. დიდი იმედი მაქვს სტუდენტების მხარდაჭერის და მათთან თანამშრომლობის. აუცილებლად შევხვდები მათ და ერთად გავივლით ყველა მტკივნეულ საკითხს. დღეს უფრო კონკრეტულად საუბარი - რას გავაკეთებ - გამიჭირდება. შეიძლება ეს ინტერვიუ ჩავწეროთ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც პრიორიტეტები უფრო გამოიკვეთება და ვითარება უფრო თვალსაჩინო გახდება ჩემთვის.