რამდენად ნაყოფიერად მუშაობს ახლად შექმნილი სტუდენტური კომისია განათლების სამინისტროსთან

03 დეკ 2015

ინტერვიუ თსუ თვითმმართველობის პრეზიდენტთან შალვა საბაურთან

თსუ-ის სტუდენტების შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გრძელდება. კომისიაში, რომელიც 20-21 ოქტომბერს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გამართული აქციების შემდეგ შეიქმნა, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის გარდა, კიდევ ოთხი სტუდენტია - იურიდიული ფაკულტეტიდან ბახვა კვირიკაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ბექა ბექაური, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გიორგი კაკურიძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ანზორ  ბერუაშვილი.

ომისიასთან მუშაობა 12 პუნქტიანი პრობლემათა სიის მიხედვით მიმდინარეობს, რომლებიც ეტაპობრივად განიხილება და, თემატიკის მიხედვით, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს თსუ-ის ადმინისტრაციის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებიან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართა, თსუ-ის ადმინისტრაციაში დასაქმებული კადრების კომპეტენციები განიხილეს. კონკრეტული დეტალების შესახებ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს შალვა საბაურს ვესაუბრეთ.

- ამ დროისთვის რა საკითხები განიხილეთ და რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი?

- ჩვენ 12 პუნქტი ჩამოვაყალიბეთ, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია პრობლემები დავახარისხოთ. მათ შორის არის ადმინისტრაციული, სასწავლო ბაზის, უცხო ენების სწავლების საკითხები. შესაძლოა, მიმდინარე პროცესშიც წამოიჭრას პრობლემები. მაგალითად, თსუ-ის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის გაჩერება და სტუდენტებს ცუდ ამინდში ხეების ქვეშ უწევთ შეფარება. მინისტრთან გამართულ ერთერთ შეხვედრაზე ამის შესახებ ვესაუბრეთ მას. იგი მაშინვე დაუკავშირდა თბილისის მერს, რომელიც თავის მხრივ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ინგლისური ენის სწავლების საკითხი ერთერთ შეხვედრაზე განვიხილეთ და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში დანერგილი პრაქტიკაც გაგვაცნეს. ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით, სწავლების მომსახურების შესყიდვა გარედან ხდება. უნივერსიტეტი აცხადებს ტენდერს, რომელში გამარჯვებული კომპანიაც ვალდებულებას იღებს - სტუდენტებს დამატებით უცხო ენის სასწავლო კურსი შესთავაზონ. ამ დროისთვის თსუ-ის რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებას Bრიტისჰ ჩოუნცილ-თან აწარმოებენ. ვვარაუდობთ, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან პროფესიული ინგლისური ენის სასწავლო კურსი დაინერგება და ვისაც სურვილი ექნება - უცხო ენაში ცოდნას გაიღრმავებს. 

- კიდევ რა საკითხები შედის აღნიშნულ 12 პუნქტში?

- სასწავლო ბაზის გაუმართაობის თემა, ინგლისური ენის სწავლების საკითხი, ადმინისტრაციული საშტატო ერთეულების კომპეტენციები და რაოდენობა. დღის წესრიგშია, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის დანერგვა. არსებობს სპეციალური პროგრამა EFLOW, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე დანერგილია და თსუ-ს უსასყიდლოდ სთავაზობს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ წარიმართება აკადემიური პროცესი, როგორ უნდა გაიზარდოს სწავლების ხარისხი, აქტუალურია ლექტორების პასუხისმგებლობის თემაც. პრობლემურია ცხრილების სწორად გადანაწილებაც: ხშირად სტუდენტი საკუთარ ცხრილს რომ დაალაგებს, შემდეგ პროფესურა საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცვლის მას. განვიხილავთ პრობლემებს, რომელთა მოსაგვარებლადაც დროა საჭირო: მაგალითად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სხვათა შორის, თსუ-ის ადმინისტრაციამ ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ ამ მხრივ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობა გაცილებით სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამინისტრომ რემონტისთვის თანხა გამოუყო. საუბარია III კორპუსისა და შემოერთებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების გარემონტებაზე. ვფიქრობთ, რომ თანხა სწორად უნდა გადანაწილდეს, რადგან, სამწუხაროდ, სტუდენტებს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან შეხება არ აქვთ. ცუდი ვითარებაა, მაგალითად: II, III, IV, VI კორპუსებში და პრინციპში პირველი კორპუსის გარდა ყველგან. ამას სასწრაფოდ სჭირდება მიხედვა. ხშირად ვსაუბრობდით II კორპუსის 048 აუდიტორიის სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც უკვე გარემონტდა. 

ჩვენ პარალელურად თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრები. რექტორის ინიციატივით, ასევე, შევხვდით თსუ-ის ფაკულტეტების დეკანებს, დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებს. შეხვედრაზე ყველა პრობლემური საკითხი განვიხილეთ. ბაზებთან დაკავშირებით საკითხი ორად იყოფა - ტექნიკური უზრუნველყოფა და შინაარსობრივი მხარე (ანუ ფაკულტეტები რამდენად სწორად და დროულად აწვდიან მონაცემებს). როგორც აგვიხსნეს, 6-7 ათასი სტუდენტის ერთდროულად შესვლისას ბაზა ტექნიკურად დატვირთვას უძლებს. თუმცა, ერთსა და იმავე დროს რომ 22 000 სტუდენტი შევიდეს, ხარვეზები გაჩნდება, ამიტომ აკადემიური რეგისტრაცია დღეების მიხედვით ნაწილდება. 

- განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ბოლო შეხვედრა 24 ნოემბერს გაიმართა. ამჯერად რა საკითხები განიხილეთ?

- განვიხილეთ რომელ დეპარტამენტში რამდენი ადამიანია დასაქმებული. საუბარია იმაზე – არის თუ არა სადმე ზედმეტი კადრი, ან პირიქით? თსუ-ის ადმინისტრაციას სთხოვეს 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს – სად რამდენი ადამიანია დასაქმებული და თითოეულს რა კომპეტენციები გააჩნია. მომდევნო შეხვედრაზე ვგეგმავთ, რომ ახალი სასწავლო ბაზა განვიხილოთ. თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი პრეზენტაციას მოაწყობს, რომელსაც შესაბამისი დარგის ექსპერტები დაესწრებიან. 

- ამ შეხვედრების ფორმატში სამინისტრო რა დონეზეა ჩართული და კონკრეტულად რა კომპეტენცია აქვს?

- არანაირი ინტერვენცია არ ხდება სამინისტროს მხრიდან. ეს არის მხოლოდ ექსპერტული რეკომენდაციები. პარალელურად, სტუდენტები მონიტორინგსაც ვახორციელებთ – რა იცვლება, როგორ და ა.შ. ჩვენ მომხრე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უნივერსიტეტის ავტონომია დაცული იყოს. გასათვალისწინებელია, რომ თსუ-ში არსებული პრობლემების უმრავლესობას დაფინანსება სჭირდება. სამინისტროს უწყებათაშორის კომისიას კი იმის შესაძლებლობა აქვს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური დახმარება გაუწიოს. 

- თქვენ, ასევე, ხართ შიდა საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობს. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

- ის ფუნქციები, რომელიც სტუდენტთა მომსახურების ცენტრს უნდა ჰქონდეს, უნივერსიტეტის შიდა კანონმდებლობაში გათვალისწინებული არ არის. ვფიქრობთ, ამ საკითხის მოგვარებაზე ისე, რომ სტუდენტები მაქსიმალურად კმაყოფილები იყვნენ. დასალაგებელია ლოჯისტიკა. ცხრილების სწორად შედგენისთვის, ვფიქრობთ, წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია დავნერგოთ. 

- აქციებზე თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა თსუ-ის საერთო საცხოვრებელში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ეს საკითხი განიხილეთ?

- თსუ-ის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით მფლობელობის პრობლემა არსებობს, რაც შემაფერხებელია. სამინისტროში გვესაუბრნენ ახალი სტუდ-ქალაქის მშენებლობაზე. მათი ინფორმაციით, სტუდენტური საცხოვრებელი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს უკვე აუშენეს. ასევე, ვისაუბრეთ სპორტულ დარბაზებთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გავწიოთ. ასევე, უნივერსიტეტს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჰყავს გუნდები, რომლებსაც ნორმალურ ვითარებაში სჭირდებათ ვარჯიში. სამინისტროს ვთხოვეთ, გაეწია შუამდგომლობა, რომ მათ მაღლივის ტერიტორიაზე აშენებულ ახალ სპორტის სასახლეში შეეძლოთ ვარჯიში. განვიხილეთ თსუ-ში კვების ობიექტის საკითხიც. უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რის გამოც მას უწევს - კვების ობიექტი იჯარით გადასცეს რომელიმე კომპანიას. იჯარის თანხა საკმაოდ დიდი გახლდათ და ამიტომ 3-4 თვეში ყველა კომპანია უნივერსიტეტს ტოვებდა. არც ერთმა სამინისტრომ თსუ-ს შპს-ს შექმნის უფლება არ მისცა. ახლა უნივერსიტეტი თავად გეგმავს კვების ობიექტის გახსნას და იქ მომუშავე პერსონალს კადრებში დაარეგისტრირებს. თუმცა, ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ასეთ შემთხვევაში მას მწვანილის შესყიდვაზეც კი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. 

- და ბოლოს, მთლიანობაში როგორ შეაფასებთ კომისიის მუშაობას?

- მუშაობის პროცესი საკმაოდ ნაყოფიერია. პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე ეტაპის გავლა გვიწევს - მათი იდენტიფიცირება, მიზეზების დადგენა, ალტერნატიული მოგვარების გზების მოძიება. ამ დროისთვის პრობლემები იდენტიფიცირებულია, ვიკვლევთ შინაარსობრივად - თუ რატომ არსებობს და ეტაპობრივად მოგვარების საშუალებებს ვთავაზობთ. ეს არ არის პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო და ხვალ უნდა დამთავრდეს. ვმსჯელობთ პრობლემებზეც, რომლების მოგვარებასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.