ISTUDENT - პროგრამა, რომელიც თსუ-ის სტუდენტების ცხოვრებას შეცვლის

03 დეკ 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ თსუ-ის  სტუდენტებისთვის იმუშავებს. პროექტი, რომლის სახელწოდებაც არის „ISTUDENT“ - ახალი სოციალური ქსელია. იგი განსხვავებულია ყველა სხვა არსებული სოციალური ქსელებისგან, მსოფლიოს ყველა ადამიანისთვის ცნობილ „ფეისბუქისგანაც“ კი. კონკრეტულად რა შესაძლებლობები ექნება ახალ სოციალურ ქსელს და რეალურად რისი შემოთავაზება შეუძლია მას ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე იდეის ავტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის კომპიუტერული პროგრამირების მიმართულების სტუდენტს სანდრო მძინარაშვილს:

- სანდრო, საიდან დაიწყო თქვენი აქტიურობა, კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობა და მისი დაწერა?
- 14 წლის ვიყავი, როდესაც ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობა დავიწყე და სწორედ აქედან იწყება ჩემი აქტიურობა პროგრამირებასა და სხვადასხვა პროექტებში. „იმედში“ 2 წელი გავატარე, შემდეგ წავედი აშშ-ში ცოდნის ასამაღლებლად და 6 თვე იქ ვცხოვრობდი. შემდეგ, როდესაც ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა „აპპლე”-ს წარმომადგენლობაში, პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეც. დღეს ვმუშაობ გარემოს დაცვის სამინისტროში და ასევე ვთანამშრომლობ ტელეკომპანია „GDS“-სთან. აწყობილი მაქვს ძირითადად ყველა ტიპის ვებ-გვერდი. 19 წლის ვარ და ჯერჯერობით მხოლოდ ამის გაკეთება მოვახერხე.
- ვინ დაგეხმარა იმაში, რომ 14 წლის ასაკში ამდენი ინფორმაცია მიგეღო პროგრამირებაზე და შემდეგ ეს პრაქტიკაში გაგეხორციელებინა?
- არავინ. ეს ყველაფერი მოვახერხე მხოლოდ ჩემ თავთან მუშაობით. უბრალოდ, ეს თემა მაინტერესებდა ძალიან და ის, რაც გავაკეთე, მხოლოდ ჩემია. ასე რომ ვთქვათ, „თვითნასწავლი“ ვარ.
- ახალი სოციალური ქსელის - „ISTUDENT“-ის შექმნის იდეა ვინმემ მოგაწოდა თუ იდეაც მთლიანად შენ გეკუთვნის?
- დავიწყოთ იქედან, რომ იდეაც, სახელიც და პროგრამაც ჩემია და ამაში წვლილი არავის მიუძღვის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი მეხმარება მის ფუნქციონირებაში. პროგრამა ჩემს სერვერზეა აწყობილი და მე შევიძინე. ეს არ იყო რაღაც სპონტანური ან თუნდაც რაღაცებზე დამოკიდებული იდეა – იგი გაკეთებულია მხოლოდ თსუ-ის სტუდენტებისთვის და გათვლილია იმაზე, რომ მათ გაუადვილოს სტუდენტური ცხოვრება, თუმცა, „ISTUDENT“-ი არასოდეს იქნება „ფეისბუქი“. ბევრი მეუბნება, რომ მარკ ცუკერბერგმაც ასე დაიწყოო, მაგრამ ამ პროგრამას სწორედ იმიტომ დავარქვი „ISTUDENT“, რომ არასოდეს ვიფიქრო სხვა რაღაცაზე.
- რა პროგრამაა „ISTUDENT”-ი და რაში დაეხმარება იგი სტუდენტებს?
- ეს არის კონკრეტულად თსუ-ის სტუდენტებისთვის და არა სხვა პირებისთვის (ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის) შექმნილი ქსელი, რომელშიც შეგიძლია დარეგისტრირდე და სხვადასხვა ქმედება განახორციელო. აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, თუნდაც გამოცდების განრიგის დადგენა ან დახმარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ტელეფონზე მოგივა შეტყობინება - თუ რა ადგილზე ზიხარ საგამოცდო ცენტრში სხვადასხვა გამოცდის დროს, შეგიძლია დარეგისტრირდე უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ ტურნირზე ყოველგვარი „ფორმა 20“-ის და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლის გარეშე და ეს გააკეთო ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. კონკრეტულად ამ ყველაფრის შესახებ უფრო ვრცლად შეიტყობთ 26 ნოემბერს 18:00 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, სადაც გაიმართება „ISTUDENT“-ის პრეზენტაცია.
- როგორ გახდა ცნობილი ამ იდეის შესახებ და რა დახმარება გაგიწიათ უნივერსიტეტმა, რომ სტუდენტები ამ პროგრამაში ჩართულიყვნენ? 
- პირველი, ვისაც იდეა გავაცანი, იყო ჩემი და, რომელმაც სტუდენტურ თვითმმართველობასთან გადამამისამართა. ვესაუბრე თვითმმართველობის პრეზიდენტს შალვა საბაურს, რომელმაც კარგად დაინახა ამ პროგრამის საჭიროებაც და მომავალიც. ამის შემდეგ ჩაერთო მთლიანად თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობაც და დღეს უკვე, ჩემთან ერთად, სწორედ იგია ამ პროექტის სულის ჩამდგმელი. ვნახოთ, მომავალი წინაა. დარწმუნებული ვარ, რომ „ISTUDENT”-ი თითოეული სტუდენტის ცხოვრებას შეცვლის.

ტატო ირემაძე, 
სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის
მე-3 კურსის სტუდენტი