ჩვენ უიმედო დედების შვილები ვართ

03 დეკ 2015

ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედა საქართველოდან წავიდა. მამა ყოველდღე მაკითხავდა სკოლაში და სხვა დედებთან ერთად იწერდა ჩემს დავალებებს.

მოვდიოდით სახლამდე და გზაში ვითვლიდი: აინ, ცვაი, დრაი, - გერმანულს ვასწავლიდი მამას. ზეიმზე დირექტორის გვერდით იჯდა, რადგან ჩვენს ლექსებსა და სიმღერებს მხოლოდ ორი მამაკაცი უსმენდა. იმ დროს დედა დარეკვასაც იშვიათად ახერხებდა. თუმცა მე ყოველთვის ყველაზე მეტი და ლამაზი ფანქარი, რვეული და საწერი კალამი მქონდა. შემდეგ ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, ფული - ფუნთუშების საყიდლად.

ერთი სიტყვით, ბავშვობამ ლაღად ჩაიარა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მე ვერ მოვახერხე - სკოლიდან დაბრუნებულს - დედის გაკეთებული საჭმელი მეჭამა, დაევარცხნა ჩემთვის თმა ბანაობის შემდეგ, მომეყოლა, როგორ შემიყვარდა პირველად და როდის ვიგრძენი პირველი იმედგაცრუება...
დიდხანს ვბრაზობდი მასზე და მტკიოდა მარტოობა. გავიზარდე და გავაანალიზე, რომ ქალისთვის, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, რთულია, არ იბრძოლო ცხოვრებასთან. რთულია, არ გქონდეს სახლი, სტაბილური შემოსავალი და იმედი, რომ მათ მაინც შეუქმნი მომავალს. დედა ახლა აქ არის. მონატრებული, ნატანჯი, მთელ სამყაროზე ძვირფასი და საუკეთესო დედა, რომელიც წამართვა ცხოვრებამ, ქვეყანამ და იღბალმა. მე ახლა მის დაბრუნებას ვცდილობ და იცით, რომ ეს ჩვენი თაობის განუკურნებელი სენია?!

***

სამსახურიდან დაბრუნებული კომპიუტერს მივუჯექი და სოციალურ ქსელში დამხვდა აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოს პატრიარქის განცხადებამ გამოიწვია. „დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი - დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანისა არის ჩვენი დედამიწა. ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს”.

ბევრმა გაიკვირვა - გადახვეწილ ემიგრანტებს სთავაზობენ დაბრუნებას ქვეყანაში, სადაც მაძღარი მხოლოდ ხელისუფლებაა, სადაც საშუალო შემოსავალი 300 ლარია, ერთი პური კი 80 თეთრი ღირს, სადაც მოსახლეობის ნახევარი სოციალურად დაუცველია. განათლება ძვირია, განათლებამდე მისაღწევი გზა კი - გაუვალი და თუ ამ გზის გავლას მოახერხებ, შემდეგ მხოლოდ იღბალს უნდა მიენდო, რომელიც მოწყალე სულაც არ არის.

ის განცხადება კი, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, ეტკინათ დედებს, რომლებსაც ენატრებათ სახლი, რომლებიც ვერ ხედავენ, როგორ სწავლობენ მათი შვილები პირველ ლექსს, რომლებიც ვერ ესწრებიან ოჯახის წევრების დაბადების დღეებსა და ნიშნობებს; დედებს, რომლებიც ავსებენ ამ ქვეყნის ბიუჯეტს. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 3 778.5 ადამიანი ცხოვრობს. არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან 1 607 744 ადამიანია გასული, მათგან 65% ქალი, რომელთა ოჯახების შემოსავალს (სრულად ან ნაწილობრივ) ამ ქალების გზავნილები შეადგენს. გამოდის, რომ ისინი არიან ერთადერთი მარჩენალი საკუთარი ოჯახების და არა მარტო საკუთარი ოჯახებისა. მიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატება. ჩვენ არ გვაქვს მიწა, რომ დავამუშაოთ. ჩვენ არ გვყავს მდიდარი ნათესავები სახელმწიფო სტრუქტურებში. ჩვენ უიმედო დედების შვილები ვართ. თქვენ კი მათ სასოწარკვეთილ ბრძოლას მანკიერებას უწოდებთ. სანამ აღსარებას ჩაიბარებთ და მათ, ვისაც თქვენი სჯერათ, ეტყვით, რომ ცოდვები მიეტევათ, სულ ერთი წამით, გადმოდით თქვენი შავი ჯიპებიდან, გამორთეთ თქვენი ბოლო მოდელის ტელეფონები, მოიხსენით თქვენი ოქროს ძეწკვები, დატოვეთ საფულეები თქვენს სასახლეებში და მიდით ბავშვებთან, რომლებსაც წლებია არ ჰქონიათ ახალი სათამაშო, რომლებიც ნათესავების გამოცვლილი ტანსაცმლით იზრდებიან, რომლებსაც შესძულდათ სუპი ბრინჯით და შეშის შეტანა გაყინულ სახლში.

შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ ჩახედეთ თვალებში მათ დედებს და მიხვდებით, რაზე არიან წამსვლელნი. მიხვდებით, რომ მანკიერება სწორედ მათი განკითხვაა. თქვენ იცით, რომ თქვენს შვილებს არასდროს დასჭირდებათ სამსახური საჭმლის საყიდლად. ისინი მიიღებენ განათლებას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მთავარი მათთვის ყველაზე ძვირად ღირებული იქნება.

დედას ეძინა, არ დაუნახავს ჩემი ცრემლები ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ. არ დაუნახავს იმედგაცრუებული შვილი. შევხედე მძინარეს და მივხვდი, რომ იგი საუკეთესო დედაა სამყაროში. მივხვდი, რომ მინდა, ჩემს შვილებსაც ჰყავდეთ, სწორედ ასეთი „მანკიერი” დედა.


ანი სარიშვილი,
თსუ-ის ჟურნალისტიკისა და
მასობრივი კომუნიკაციის
მიმართულების სტუდენტი