გოჩა ჯაფარიძე: ყველაფერი მამლუქებით დაიწყო...

03 დეკ 2015

1957 წელს გოჩა ჯაფარიძემ, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, წაიკითხა გიორგი ბეი-მამიკონიანის სტატია ეგვიპტეში ალი-ბეი ალ-ქაბირის აჯანყების შესახებ. ალი-ბეი ქართული წარმოშობის მამლუქი იყო, რომელიც ეგვიპტის გამგებელი გახდა. მისი თაოსნობით ეგვიპტელმა მამლუქებმა, რომელთა შორის მრავალი ქართველი იყო, 1770 წელს ოსმალეთისგან ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ალი-ბეის მიერ არმიის, საფინანსო და სამართლის სფეროში გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის შიგნით დამყარებული წესრიგის შემდეგ, ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო ხდება, მის სულთანს ალი-ბეის, ქართველი მართლმადიდებელი მღვდლის შვილს, რომელიც 13 წლისა გაიტაცეს საქართველოდან და ეგვიპტეში ტყვედ გაყიდეს, „ორი ზღვის ყაენს” უწოდებდნენ, მის მიერ გაერთიანებულ ეგვიპტეს კი მამლუქები მართავდნენ. 1773 წელს ალი ბეი-ღალატის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ეგვიპტის მმართველობა კვლავ ქართველი მამლუქების: მურად-ბეისა და იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილის ხელში აღმოჩნდა.

იმ პერიოდში, როდესაც გიორგი ბეი-მამიკონიანი ალი-ბეის აჯანყების შესახებ წერდა, ეს ამბები დაწვრილებით ცნობილი არ იყო, თუმცა, საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა უიარაღოს რომანი „მამლუქი” და თითქმის ყველამ იცოდა, რომ მამლუქებში ბევრი ერია ხვიჩასა და გოჩას ბედის ადამიანი. ბეი-მამიკონიანის სტატიითა და უიარაღოს რომანით აღფრთოვანებულმა სკოლის მოსწავლემ გოჩა ჯაფარიძემ მაშინვე გადაწყვიტა, ეგვიპტის მმართველ ქართველ მამლუქებზე წიგნი დაეწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სერიოზული ფაქტობრივი მასალა მამლუქების შესახებ საქართველოში თითქმის არ არსებობდა. სწორედ ამ დეფიციტმა უბიძგა მას უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაებარებინა და არაბული ენა შეესწავლა.

***

- სტუდენტი რომ გავხდი, ისე მოხდა, რომ მამლუქების ისტორიის შესწავლის ნაცვლად, სულ სხვა მიმართულებით გამიშვეს – ნუმიზმატიკაში. ჩვენი კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვალერიან გაბაშვილმა, რომელიც უძლიერესი აღმოსავლეთმცოდნე იყო, მირჩია, ნუმიზმატიკაში მემუშავა. დავთანხმდი, თუმცა, იმედი მქონდა, რომ თავს დავაღწევდი მონეტებს და ოდესმე ჩემს მამლუქებს მივხედავდი. V კურსზე გადავდიოდი, საოცარი ამბავი რომ მოხდა: ბედმა გამიღიმა და სახელმწიფო არქივში აღმოვაჩინე საქართველოში გამოგზავნილი ეგვიპტელი მამლუქების წერილები, რომელთა არსებობის შესახებ შემთხვევით შევიტყვე: მაშინდელ პერიოდიკაში ერთ-ერთი მკვლევარი წერდა, რომ მარტყოფის ეკლესია ეგვიპტელი მამლუქების ფულით არის აშენებული და ამას არქივში დაცული წერილები ადასტურებსო.

არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით, ეგვიპტის გამგებელს, შაიხ ალ-ბალადს, ქართული წარმოშობის მამლუქს იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილს 1778 წელს ფული გამოუგზავნია მარტყოფში ეკლესიის ასაშენებლად, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფულის გამოგზავნიდან 12 წლის შემდეგაც ეკლესიის მშენებლობა დაწყებული არ იყო. დოკუმენტი სასამართლო განჩინებას წარმოადგენს, სადაც ნათქვამია, რომ ამ წლების მანძილზე ფულს ფული მოაგებინეს და არ გაუფლანგავთ. ამ წერილის კვალდაკვალ მეგობართან ერთად წავედი მარტყოფში, სადაც იქაური შინჯიკაშვილებისგან შევიტყვე, რომ სოფელში გავრცელებული გადმოცემის მიხედვითაც, მარტყოფში, მათ უბანში, კოშკი ვიღაც ადგილობრივს აუშენებია, რომელიც ბავშვობაში ლეკებმა გაიტაცეს და მისირში გაყიდეს. ვიცოდი, მისირს ადრე ეგვიპტეს ეძახდნენ და იმ ფაქტით, რომ არქივში დაცული დოკუმენტი და ადგილობრივი გადმოცემა ერთმანეთს ემთხვეოდა, აღფრთოვანებული დავრჩი. მართალია, მარტყოფის ეკლესიაზე აწერია, რომ ეპისკოპოსმა სტეფანე რუსთველმა ააშენა და არა ის, რომ ეგვიპტიდან გამოგზავნილი ფულითაა აშენებული, მაგრამ ფაქტია, რომ იბრაჰიმ-ბეიმ ეკლესიის ასაშენებელი ფული ნამდვილად გამოგზავნა და ეს ამბად ხალხშიც იყო გავრცელებული. ამ საბუთის კვალდაკვალ სხვა დოკუმენტებიც მოვნახე: აღმოჩნდა მიმოწერა მამლუქებსა და მათ ნათესავებს შორის სახელმწიფო არქივსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში. ერთი მათგანი ასევე ეგვიპტეში დაწინაურებული მარტყოფელი მამლუქის სელიმ-აღა ძანანაშვილის მიერ საქართველოში გამოგზავნილ საჩუქრებს შეეხებოდა, რომელმაც ვერ მიაღწია ადრესატამდე.

ამ ჩემი მოპოვებული მასალის მიხედვით, მოკლე მიმოხილვა გამოვაქვეყნე მამლუქების შესახებ ჟურნალ „დროშაში”. მამლუქებით იმდენად გატაცებული ვიყავი, რომ მოსკოვშიც კი შევეცადე მიმეკვლია მასალებისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში მეძებნა მათი მიმოწერები, თუმცა, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა: ურთულესი ბიუროკრატიული პროცედურა იყო გასავლელი, მასალებზე წვდომის უფლება რომ მიმეღო.

წლების შემდეგ, როდესაც თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი ვიყავი, დავიწყე სტუდენტებში მონდომებული ახალგაზრდების ძებნა, რომლებიც იმუშავებდნენ მამლუქებზე და რისი გაკეთებაც მე ვერ შევძელი, იმ საქმეს გააკეთებდნენ. ერთი კარგი ახალგაზრდა აღმოვაჩინე, კოკი (კონსტანტინე) ფერაძე, რომელსაც მივეცი ეს თემა სამუშაოდ, მაგრამ ისე მოხდა, რომ კოკი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. თანდათან მეწურებოდა იმის იმედი, რომ რამე სიახლის აღმოჩენას შევძლებდი ქართველი მამლუქების შესახებ.

56 წლისა ვიყავი, როდესაც დესპანად დავინიშნე ეგვიპტეში და ზუსტად ორ წელიწადში ყველაფრის მოძიება შევძელი, თუკი რამე იყო დაწერილი მამლუქების შესახებ. კაიროში მე და საქართველოს იმდროინდელმა ელჩმა პროფესორმა აპოლონ სილაგაძემ მივაკვლიეთ ყველაზე ცნობილი მამლუქების საფლავებსაც და მათ შესახებ წიგნიც გამოვაქვეყნეთ. ინტერნეტი უკვე ძალას იკრებდა და მისი საშუალებით ამერიკაში წასულ ჩემს სტუდენტთანაც დავამყარე კონტაქტი. ერთ მშვენიერ დღეს მომწერა, ეგვიპტის მამლუქებზე თქვენ მუშაობთ და მე თუნისში აღმოვაჩინე ქართველი მამლუქების კვალი და მათ ამბებს გამოვიკვლევო. კოკი ახლა ჩემი დოქტორანტია და უკვე ამთავრებს ამ თემაზე დისერტაციას. ეგვიპტეში მუშაობისას დავიწყე უცხოელი მეცნიერების ძებნა, რომლებიც მამლუქების თემას იკვლევდნენ. ორ ადამიანს მივაგენი: პროფესორ ჯეინ ჰასავეის და დენიელ კრესელიუსს. უკანასკნელთან დღემდე ვმეგობრობ. იგი მაშინ ამერიკაში კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და მამლუქოლოგიაში წამყვანი სპეციალისტი იყო, ამჟამად ემერიტუსია და მსოფლიოში მოგზაურობს. კრესელიუსს პირველად ეგვიპტეში შევხვდი და ჩემ მიერ მოპოვებული მასალები გავაცანი. მაშინ გადავწყვიტეთ ერთობლივი სტატია დაგვეწერა ქართველი მამლუქების სამშობლოსთან ურთიერთობის შესახებ. მასთან თანამშრომლობით კიდევ ერთი სამეცნიერო სტატია მომზადდა XVIII საუკუნეში ეგვიპტეში მოღვაწე ქართველი მამლუქების შესახებ და წამყვან ორიენტალისტურ ჟურნალებში დაიბეჭდა.
- გვარი ჯაფარიძე ჯაფარიდან მოდის, რამდენადაც ვიცი, ესეც არაბული სიტყვაა?

- სახელი ჯაფარი გავრცელებული იყო საქართველოში და არაბულად ნიშნავს მდინარეს, ნაკადულს. ქართველები ღრუბელივით ისრუტავდნენ უცხოურ სახელებს. ეს სახელიც ასეა შემოსული და პირველად დაფიქსირებულია სამხრეთ საქართველოში, არტაანთან 895 წლით დათარიღებულ ქვაზე ნაკვეთ წარწერაში, სადაც მოხსენებულია ფეოდალი სულა ჯაფარის ძე.

- მამლუქები თქვენი ცხოვ-რების გატაცება აღმოჩნდა, თუმცა, საკმაოდ დიდხანს საქმიანობდით დიპლომატიაშიც...

- მამლუქების მიზეზით გავხდი აღმოსავლეთმცოდნე. ბევრი ვიცადე, ველოდე, მაგრამ სანამ არ გავხდი 56 წლის და ეგვიპტეში სამუშაოდ არ ჩავედი, იქამდე მამლუქებამდე ვერ მივაღწიე. მანამდე სირიაშიც ვმუშაობდი, 1979-83 წლებში დამასკოში საბჭოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორი ვიყავი. იქ არ მოიპოვება მამლუქებზე ასეთი მასალები. თუმცა, სირიაში უამრავ სხვა წყაროს მივაგენი არაბისტიკაში და თუ რამე მნიშვნელოვანი არსებობდა ჩემს სფეროში, ყველაფერს გავეცანი. სირიაში მუშაობისას დავუახლოვდი XX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოდან გადახვეწილ ქართველ ემიგრანტს, დიდ ქველმოქმედს ლევან საღარაძეს, რომელიც დამეხმარა არაბისტიკაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი კვლევა და გამოცემა შემეძინა და საქართველოში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გადმომეგზავნა. ასევე, სირიის არაბული ენის აკადემიის იმჟამინდელი პრეზიდენტის ხელშეწყობით, საქართველოში გამოვგზავნე აკადემიის გამოცემების 100 ტომი.

- ახლა ისეთი მდგომარეობაა მსოფლიო პოლიტიკაში, რომ შეუძლებელია არაბულ სამყაროში ელჩად ნამუშევარ ადამიანს აზრი არ გკითხოთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. როგორ აფასებთ სირიაში შექმნილ ვითარებას?

- ძალიან მძიმე სიტუაციაა. რამდენიმე წლის წინ თუნისიდან დაიწყო ე.წ. არაბული გაზაფხული, რომელსაც მოყვა ხელისუფლების დამხობა ჯერ ამ ქვეყანაში, ხოლო შემდეგ ლიბიაში. ეგვიპტეში მაშინ დაიწყო რევოლუცია, როდესაც ელჩის საქმიანობა დავასრულე და სამშობლოში გამოვემგზავრე. 2010 წლის 31 დეკემბერს, კაიროდან რომ მოვფრინავდი, სწორედ იმ დღეს ააფეთქეს ალექსანდრიაში კოპტების ეკლესია და 29 ადამიანი დაიღუპა. ორი კვირის შემდეგ კი კაიროსაც მოედო ისლამისტების აჯანყება. სირიაში ბოლოს 2010 წლის დეკემბერში ვიყავი და ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მსგავსი ამბავი იქაც შეიძლებოდა დატრიალებულიყო. ჯერ კიდევ 1979-83 წლებში, როდესაც იქ ვმუშაობდი, დაიწყო ექსტრემისტი „მუსლიმი ძმების” გამოსვლები ბაშარ ასადის მამის წინააღმდეგ, რომელიც ძლიერი მმართველი იყო. მის დროს თითქმის განადგურდა „მუსლიმთა საძმო”, თუმცა, ახლა კვლავ მოძლიერდნენ და დაშალეს ფაქტობრივად სახელმწიფო. არა და, სირია იყო არაჩვეულებრივი ქვეყანა, ძალიან კარგი ხალხით, რომელთა მსგავსი სტუმართმოყვარეობა და გახსნილობა სხვა არაბულ ქვეყნებში არ შემხვედრია. მოსახლეობის 10-15 პროცენტი ქრისტიანი იყო. სუნიტ „მუსლიმ ძმებს” მაშინაც უნდოდათ ხელისუფლებაში მოსვლა და ისლამური სახელმწიფოს შექმნა. სირიის სათავეში კი შიიტი ალავიტები და პარტია ბაასი იყო. დღეს მათ შორის დაპირისპირებამ ძალიან ფართო ხასიათი მიიღო. ამას დაემატა სახალიფოს შექმნა ჩრდილოეთ ერაყსა და ჩრდილოეთ სირიაში. სადაც საკმაოდ დიდი ფული მოძრაობს: სახალიფოს შემოსავლები ფორმირდება ნავთობიდან და გადასახადებიდან: აღადგინეს შუა საუკუნეების გადასახადი, რომელსაც ერქვა ჯიზია და ვინც არ გადაიხდის, მათ დევნიან, ხოცავენ და ართმევენ ქონებას. ჯიზია ამჟამად 400 დოლარია ერთ სულზე. ამავე დროს, სახალიფოს მილიონები შედის მძევლების გამოსასყიდით. ამიტომ საერთაშორისო ძალებმა დაიწყეს დღეისთვის დარტყმები იმ წერტილებზე, საიდანაც გადის არალეგალური ნავთობი. თუკი მსოფლიო ერთობლივი ძალებით მოახერხებს სახალიფოს განადგურებას, შესაძლოა სირია აღარ დაიშალოს.

დღემდე ჩვენთან შედარებით ნაკლებად აღელვებდათ ისლამურ სამყაროში მიმდინარე ამბები, მაგრამ ისლამისტი ექსტრემისტები შორს არ არიან და გურჯისტანის ვილაიეთიც კი შექმნეს. საქართველოდან არალეგალურად მიდიან ახალგაზრდები აჭარიდან და პანკისიდან და ეწერებიან მათ რიგებში, ამის საწინააღმდეგოდ ახლავე გასატარებელია უმკაცრესი ზომები.

- საკმაოდ აქტიური ცხოვრება გქონდათ, ამჟამად რას საქმიანობთ?

- ვარ უნივერსიტეტის პროფესორი და ვეწევი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ვარ სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტისა „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები”. ვფიქრობ, გაზაფხულისთვის მექნება წიგნის პრეზენტაცია. კიდევ ერთი წიგნი უნდა დავასრულო აუცილებლად: „ქართველები წმინდა მიწაზე XI-XVII საუკუნეებში”. მაქვს უნიკალური დოკუმენტური მასალა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და სხვა ქართული სავანეების შესახებ გამოტანილი იერუსალიმის არქივებიდან. მოგეხსენებათ, იქ ძალიან ძნელია ქართველისთვის შეღწევა, თუმცა, მოხერხდა და აქამდე უცნობი მასალები მოვიპოვეთ. დოკუმენტები მოგვითხრობენ ქართული სამონასტრო თემის სტატუსის, მის საკუთრებაში აღებული მიწებისა და ქონების მართვის, სხვადასხვა დავების შესახებ იერუსალიმში მამლუქთა და ოსმალთა ბატონობის დროს.