რა უთხრა ნაირა გელაშვილმა ახალგაზრდებს?

03 დეკ 2015

„ეს მესამე შეხვედრაა ჩემი ცხოვრების მანძილზე, საერთოდ, არ ვხვდები ხოლმე მკითხველს“, – ასეთი განაცხადი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერლისა და პუბლიცისტის მხრიდან უკვე იმას მოწმობს, რამდენად ღირებული იყო ნაირა გელაშვილის მკითხველისთვის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა საკმაოდ ზოგადი სათაურით: „საუბრები ლიტერატურაზე და არა მარტო...”. გულწრფელად თუ ვიტყვით, სწორედ ასეთი სათაური გამოხატავს ყველაზე ზუსტად იმ მოლოდინს, რასაც ნაირა გელაშვილთან შეხვედრისას ელი: საუბარი მსოფლიო ლიტერატურაზე, მწერალი ქალის შემოქმედებაზე და, რაც მთავარია, პასუხი იმ ძირითად შეკითხვაზე, რომელიც ასე გვაწუხებს და რომელზე პასუხსაც უშედეგოდ ვეძებთ ხან პოლიტიკაში, ხან რელიგიაში, ხან ისტორიაში და ხანაც ერთმანეთში: რატომ ვერ დაადგა საშველი აწმყოს და როდის დადგება ის მომავალი, რომელსაც ჩვენი ერქმევა?!
„რაც მართლა არ მაძინებს და საშველს არ მაძლევს, ეს არის განუწყვეტელი ფიქრი ახალგაზრდებსა და ბავშვებზე, რადგან ძალიან მძიმე ქვეყანაში მოუწიათ მათ ცხოვრება.

არც ვიცი, რა ვუთხრა დღეს ახალგაზრდებს! 80-იანი წლებიდან მოყოლებული სულ ვწერ, ვიბრძვი მეგობარ მწერლებთან, თანამოაზრეებთან ერთად. თითქოს თავი არ დაგვიზოგავს, ვიბრძოდით ყველა ფორმით, მაგრამ ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ საბოლოოდ: აღმოჩნდა, რომ რასაც კი მივაღწიეთ, თავიდანაა დასაწყები. ჩვენ ვერ ვაღწევთ თავს საქართველოს, ყველას ეს საქართველო ,,ინელებს”, რადგან ვერ ავაშენეთ. Dდაამსხვრია ამ საქართველომ ყველა თავისი დიდი შვილი და დიდი ადამიანი და ჩაიყვანა მიწაში, რადგან მოუწყობელი ქვეყანაა, რომელიც ამსხვრევს ადვილად ადამიანებს. ამიტომ სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს, რადგან სახელის დაურქმევლობას მოჯადოებულ გონებამდე მივყავართ. ჩვენ ძალიან დიდი ენერგია შევალიეთ საქართველოს ბუნების გადარჩენას. საკმაოდ საშიშ ძალებთან გვიხდებოდა ჭიდილი: უზარმაზარი დრო და ენერგია წაიღო ტრანსკავკასიური რკინიგზის მაგისტრალმა, რომელსაც უნდა გაენგრია კავკასიონის ქედი, რაც იქნებოდა აშკარა ეკოლოგიური კატასტროფა და იმ ბუნებრივი გალავანის გარღვევა, რომელიც ღმერთმა მოგვცა. შემდეგ იყო ბრძოლა ხუდონჰესის წინააღმდეგ და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ვერც ბუნება დავიცავით, ვერც ადამიანი და ვერც ეს ქვეყანა, რომელიც თანდათან ინგრეოდა!..“ – ეს ის ტკივილია, რომელზეც ყველა ქართველი მწერალი წერდა და რომელზეც დღემდე წერს ნაირა გელაშვილი. ამ ტკივილზე კი მწერლის პასუხი იგივეა, როგორიც 1994 წელს იყო, როდესაც იმ პერიოდში პოპულარული გაზეთის „ივერია ექსპრესის“ რედაქტორის მოადგილის - ზურაბ გაიპარაშვილის დიდი თხოვნით, ნაირა გელაშვილმა წერილი დაწერა იმჟამინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ზურაბ გაიპარაშვილი, რომელიც ამჟამად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია, ნაირა გელაშვილის ყოფილი სტუდენტია. 1994 წელი კი ერთ-ერთი უმძიმესი წელი იყო საქართველოს ახალ ისტორიაში: სამოქალაქო ომი, დაცემული სოხუმი, საცხოვრებელდაკარგული ათიათასობით დევნილი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, სრული ეკონომიკური კოლაფსი, ენერგეტიკული სიბნელე და არანაირი მხარდაჭერა გარე სამყაროდან: აბსოლუტური იმედგაცრუება და ფიასკო, რომელიც დამოუკიდებლობაგამოცხადებულმა ქვეყანამ განიცადა.

„არ ვიცით, საიდან დავიწყოთ მიზეზის ძიება, რადგან ამ მიზეზს ძალიან შორს, ღრმად და ფართოდ აქვს გადგმული ფესვი ჩვენს ცხოვრებაში და მიზეზ-შედეგების ისეთ ბადედ მოსდებია ჩვენს ყოფიერებას, რომ მის დადგენა-განხილვას ტიტანური შინაგანი შრომა და დიდი დრო სჭირდება. ამის უნარს ჩვენ ჯერ ვერ ვამჟღავნებთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომი და ანარქია არ გვაძლევს აზროვნების საშუალებას... ჩვენი აზროვნება, ისედაც ნაკლებად რომ იყო ორიენტირებული თანამედროვე საქართველოს საზოგადოების ცხოვრების წესის ანალიზზე, ელვის სისწრაფით განვითარებულ მოვლენებს კუს ნაბიჯით აედევნა უკან, რადგან საკმაოდ მწირი ინტელექტუალური ძალებით, უხარისხო განათლებითა და უხვი კომპლექსებით შევხვდით იმ დროს, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა ჩვენგან ყველაფერი ამის საპირისპირო: ქვეყანა, რომელიც დიპლომების და დისერტაციების რაოდენობით მსოფლიოში ლამის ერთერთ პირველ ადგილზე იდგა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებიდან თითქმის ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა ახალ და რთულ სინამდვილეს, რაც მიუთითებს სიყალბისა და თავის მოტყუებისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებაზე.

ამდენმა სისხლმა და ნგრევამაც კი ვერ გააჩინა ფხიზელი და უბრალო ხედვა, ობიექტური ანალიზის წყურვილი, ვერ დააცხრო აგრესია განსხვავებული აზრის მიმართ, ვერ დაამსხვრია ფანტომები და სტერეოტიპები, ნაციონალისტური მითოსი, ამ იდეებიდან კი აჩრდილები იბადებიან. მამარდაშვილის ენაზე კი აჩრდილები ფატალური რამ გახლავთ და არა იმიტომ, რომ მათგან ჩრჩილები მოფარფატებენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი სისხლით არიან დატენილნი“, – 1994 წელს „ივერია ექსპრესისთვის” მიწერილი ეს წერილი უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წაიკითხა ნაირა გელაშვილმა და, სამწუხაროდ, 11 წლის შემდეგაც ამ წერილში დასმულ საკითხებს სიმწვავე და აქტუალობა არ დაუკარგავს. მაშინ ეს წერილი წარმოუდგენელი თავდასხმის მიზეზი გახდა: „მეც და კავკასიური სახლიც კინაღამ შეგვჭამეს ყოველი მხრიდან. საკმარისია თქვა რაღაც განსხვავებული, სტერეოტიპებიდან ამოვარდნილი და, დღესაც, ასეა საქართველოში, რომ დაუნდობელი აგრესია იწყება! – მიხვდები, რომ პიროვნული პოზიციების ჩახშობა არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ამ საერთო დაცემულობისა და დეგრადაციისა, რაც ქვეყანაშია“, – თუმცა, ნაირა გელაშვილი სხვა მიზეზებზეც ესაუბრა სტუდენტებს და რადგან იგი მათ ასე იშვიათად ხვდება, უკეთესია, თუ მის მთავარ სათქმელს ამ წერილში პირდაპირ, შემოკლების გარეშე, მოვიყვანთ: „სინამდვილე ძალიან მძიმეა საქართველოში, ამას ვერ გაგიადვილებთ, არც ჩემს პოეზიაში და პროზაშია ეს გაადვილებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გაცილებით უარესია სინამდვილეზე თვალის დახუჭვა და მისგან გაქცევის მცდელობა, ვიდრე ის, რომ შეხედო სინამდვილეს თვალებში, მიუხედავად მთელი მისი საშინელებისა, რაც დღეს არის საქართველოში და მოემზადო მასთან თანაცხოვრებისა და ბრძოლისთვის. იმდენად საშიშ ძალებთან აქვს დღეს მსოფლიოს და საქართველოსაც საქმე, რომ მოუმზადებლობა არ შეიძლება: ეს არის ტექნოკრატიულ-მაფიოზური წრეები, უზარმაზარი ფინანსები და ამას ვამბობ ამ აუდიტორიაში, სადაც არიან სტუდენტები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, რომლებმაც იმედი ჩამინერგეს, რომ ახალგაზრდობა არ შეეგუება სასიცოცხლო სივრცის განადგურებას, ამდენ ტყუილსა და სიცრუეს. უკვე ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ მათ, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს „მწვანე მუშტის“ წევრები, რომლებმაც იმთავითვე გადაწყვიტეს, რომ იცხოვრონ აქტიურად, მოქალაქეობრივად და არ ჩავარდნენ პასიურ დინებაში - ამით მასობრივ ყოფიერებას გამოეყვნენ ისინი, დიდი პასუხისმგებლობა აიღეს, დიდი ტკივილი და ტვირთი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს პოზიცია სჯობია სირაქლემის პოზას, რადგან აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია თქვენს სასიცოცხლო ძალებს ამოძრავებს და მომავალში გექნებათ სათქმელი, რომ იყავით ამ პრობლემებში ჩართული და ეს თქვენი ცხოვრება, თქვენი ბიოგრაფია გახდება; დაგროვდება დიდი ტკივილი, მაგრამ დიდი გამოცდილებაც და აღარ შეგაწუხებს ძალიან სინდისი, რატომ არაფერს ვაკეთებდიო! მაგრამ ესეც უნდა იცოდეთ, რომ დარტყმები მოვა, საერთოდ ძალიან მობილიზებულია ბოროტი ენერგია, განსხვავებით სიკეთისაგან... სწორედ ამიტომ, ცოდნა და განათლება არის საჭირო, ნამდვილი, ფუნდამენტური განათლება! გაუნათლებლობამ და სანახევრო განათლებამ დაღუპა ეს ქვეყანა. განათლებას კი ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება. საკმაოდ დიდ დაძაბულობაში მოუწევს ასეთ ახალგაზრდას ცხოვრება – ერთი მხრივ ცოდნის მიღებაზე მუშაობა, მეორე მხრივ ბრძოლა, მაგრამ ეს შესაძლებელია, თუკი იცი, როგორ მოიქცე და რისთვის იყო მზად. ტალახს რომ გესვრიან, ეს ტალახი ჩამოირეცხეთ და გაიარეთ: ეს ცხოვრება ტალახითაა სავსე და ვერ გაივლი, თუ არ მოგხვდა ტალახი. ამას ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას. მაგრამ მოკლევადიან წარმატებებზე, ჩემი რჩევაა, ნუ იქნება აგებული თქვენი ცხოვრება. იმუშავეთ გრძელვადიან წარმატებებზე, რომელიც ყოველთვის ეთიკაზე და აღზრდა-განათლებაზეა დაყრდნობილი“, – ასე დამოძღვრა მწერალმა მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდები და დასასრულ, საკუთარი ლექსიც წაიკითხა.

„ფსალმუნი“ (სხვადასხვა ქართველი პოეტის ციტატებით თქმული საერთო სათქმელი)

„წაქცეულია ჩემი ხალხი,
წაქცეულია ქალაქში, მტვერში,
მოთუხთუხე ტალახში, კუპრში..…
აღარ მოფრენენ აქეთ ლურჯი
ანგელოზები,
აღარ იზიდავთ მათ ნიავი
მწუხარებისა,
რადგან აქ ქარნი ხორშაკნი თუ
აღმუვლდებიან...
აღარც ტყე ისხამს ფოთოლს,
აღარც მერცხალი ჭყივის,
ბებერი ვაზიც ისე მოკვდა,
რომ გაზაფხული აღარ ეღირსა!
არ ეღირსა, აღარ ეღირსა..
და მიებარა მიწას იაც, ხევში
მოსული,
ჭია-მატლების მიერ თვალ და
გულამოჭმული.
ზეცას ფირუზი დაუმიწდა,
მიწას ზურმუხტი,
აღარ ეღირსა გაზაფხული, აღარ
ეღირსა!
წაქცეულია ჩემი ხალხი,
წაქცეულია,
ვითარცა ალვა ედემს რგული, მორჩი კეთილი...“