რა საკითხებს განიხილავს სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ჯგუფი

17 ნოე 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად მუშაობა დაიწყო. თსუ-ის რექტორის, ვლადიმერ პაპავას ბრძანებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამჟამად იმ ფუნქციებს აყალიბებს, რომელიც სტუდენტთა მომსახურების რეორგანიზებულ ცენტრს ექნება. კონკრეტული დეტალების შესახებ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტს, სამუშაო ჯგუფის წევრს ანი მახათლიშვილს ვესაუბრეთ. 

- რექტორის ბრძანებით შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რამდენიმე შეხვედრა გამართა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეთ? 

- ჩვენს სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს ყველა იმ ძირითადი საკითხის განხილვა, რომელიც ამჟამად სტუდენტებისთვის პრობლემატურია. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საგნების არჩევაა. ჩვენ შევხვდით თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რათა გაგვერკვია - რამდენად გამართულად მუშაობს ბაზა. მათი განმარტებით, საგნების არჩევის დროს წარმოქმნილი პრობლემები არა ამ კონკრეტული სამსახურის ცუდად მუშაობის, არამედ საგნებზე არასაკმარისი ადგილების რაოდენობის შედეგია. ჩვენ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ვთავაზობთ წინასწარი რეგისტრაციის სისტემის დანერგვას ყველა ფაკულტეტზე. ასეთ შემთხვევაში სტუდენტები შეძლებენ მათთვის სასურველი საგნების არჩევას. მოიხსნება აუდიტორიების დაგეგმარების და რესურსების არასწორად გადანაწილების პრობლემაც. რესურსების გადანაწილებაში ვგულისხმობ იმას, რომ ზოგიერთ საგანში, სადაც სტუდენტთა რაოდენობა მცირეა, ლექცია ტარდება დიდ აუდიტორიაში, ისეთი საგნები კი, სადაც ბევრი სტუდენტია დარეგისტრირებული, ტარდება პატარა აუდიტორიაში, რაც სტუდენტებისთვის დისკომფორტს ქმნის. 

- სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე, არიან თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებსაც აქციების გამართვისას ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები. იზიარებთ თუ არა მათ შეხედულებებს უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით? 

- ჩემი პოზიცია არის ასეთი - პრობლემათა ნაწილი, რომელზეც ისინი საუბრობდნენ რეალურია. ნაწილს - არ ვეთანხმები. 

- რომელ ნაწილს გულისხმობთ?

- რეალურია, რომ უნივერსიტეტში არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს, მაგრამ არ ვეთანხმებოდი რექტორის გადადგომის მოთხოვნას, რადგან მგონია, რომ ამ პრობლემების მოგვარების გამოსავალი არა რექტორის გადადგომა, არამედ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და სწორი თანამშრომლობაა. ამ ეტაპზე, თსუ-ის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოხატავს თანამშრომლობისთვის და კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება. 

- ამ დროისთვის რა ეტაპზეა სამუშაო ჯგუფი? 

- რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრებს ჯგუფის წევრი სტუდენტები, მისი ხელმძღვანელი, რექტორის მოადგილე და რექტორის მრჩეველი ირაკლი მურცხვალაძე ესწრება. სხვა საკითხებთან ერთად ვიმსჯელეთ სტუდენტებთან კომუნიკაციის ხარვეზებზე. თსუ-ის ადმინისტრაციის გარკვეული სტრუქტურული ერთეულები შეიძლება ცალ-ცალკე კარგად მუშაობს, მაგრამ სტუდენტისთვის მაინც არახელსაყრელი გარემოა შექმნილი, რადგან, პრობლემის შექმნის შემთხვევაში, მას არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, თუ ვის მიმართოს. სტუდენტებს სემინარებისა და ლექციების გამო ძალიან დაკავებული რეჟიმი აქვთ. ამიტომ ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა განხორციელდეს სტუდენტების მომსახურება. სავარაუდოდ, ეს სიახლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მალე დაინერგება.

- სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კიდევ რა პრობლემური საკითხების წამოწევას გეგმავთ? 

- ვფიქრობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა სტუდენტს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა ჰქონდეს და არა მხოლოდ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ყოველდღე, სასწავლო პროცესის მსვლელობისას, ჩნდება ხარვეზები. თსუ-ში უნდა იყოს ადგილი, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ მისვლა, სადაც მათ პრობლემებს მოისმენენ და მოგვარებაზე იზრუნებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობითი სტუდენტური ორგანო სტუდენტური თვითმმართველობაა. 22 000 სტუდენტიდან, რომელიც თსუ-ში სწავლობს, ყველას არ სურს მათთან თანამშრომლობა. მე არ ვსაუბრობ ამის მიზეზზე, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. თვითმმართველობის წევრი სტუდენტების რაოდენობა რამდენიმე ასეულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიღმა არსებობს 21 000-ზე მეტი სტუდენტი, რომელიც თვითმმართველობის წევრი არ არის. სად ისმის ასეთი სტუდენტების ხმა?!. ვფიქრობ, უნდა დაარსდეს ცენტრი, რომელიც უშუალოდ მოემსახურება ასეთ სტუდენტებს და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მათ პრობლემებს მოაგვარებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი, მეხუთე მოწვევის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა არაუმეტეს 20-მა პროცენტმა. დანარჩენ სტუდენტებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, თვითმმართველობა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს თსუ-ში, რეალურად წარმოადგენს სტუდენტების არაუმეტეს 20%-ის არჩევანს. 

- ანუ, ჯერჯერობით პრობლემათა მოძიება-დაზუსტების რეჟიმში ხართ?

- მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა - დღეს ყველა ხედავს, რა პრობლემები არსებობს უნივერსიტეტში. თუმცა, პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა ადამიანი იბრძვის. მოვუწოდებ სტუდენტებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. სამუშაო ჯგუფის წევრებიც ვგეგმავთ მათთან შეხვედრებს. ასევე, მალე მათ შეეძლებათ ელექტრონული ფორმატით მოგვაწოდონ საკუთარი წინადადებები, თუ რა ფუნქცია სურთ დაამატონ სტუდენტთა მომსახურების რეორგანიზებულ ცენტრს. ყველას მოვუწოდებ ჩართულობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ.