სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი პროექტი დაიწყო

17 ნოე 2015

თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი პროექტი დაიწყო. ტრენინგ-სემინარები გენდერული თანასწორობის თემაზე 9 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია დაგეგმილ ტრენინგ-სემინარებზე სტუდენტებისთვის ცნობიერების ამაღლება, გენდერული თანასწორობის ცნებასა და მის ასპექტებზე ცოდნის გაღრმავება, დღესდღეობით არსებულ ვითარებასა და გენდერის ინსტიტუტის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ზრუნვა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისთვის ხელშეწყობა, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტთა დაახლოვება და ახალგაზრდული აქტივობების წახალისება. ამ დროისთვის, წარმოდგენილი აპლიკაცების საფუძველზე, უკვე შერჩეულია 90 სტუდენტი, რომლებიც გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგებს გაივლიან.

„სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიეთ. უპირატესობა მიენიჭათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც მდიდარი აპლიკაცია ჰქონდათ წარმოდგენილი და ვისაც გენდერის საკითხები აინტერესებდა.

გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. გარკვეულწილად, შიშსაც იწვევს ისეთი სიტყვების ხსენება, როგორებიცაა - ფემინიზმი, გენდერი. საზოგადოების ნაწილი ცუდ კონტექსტში განიხილავს ამ საკითხებს და ეს იმის ბრალია, რომ ამ მიმართულებით სათანადო განათლება არ აქვთ. ჩვენთან პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოვიდნენ სტუდენტები და გვითხრეს - სურთ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ჩამოყალიბება და დაამატეს ხაზგასმით, რომ ფემინისტები არ არიან. როდესაც ავუხსენი, თუ რას ნიშნავდა ფემინიზმი, გაუკვირდათ და აღნიშნეს - ჩვენც ფემინისტები ვყოფილვართო. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, თუნდაც საეკლესიო წრიდან, ფემინიზმს ცუდ კონტექსტში განიხილავს, მას აღიქვამს კაცთმოძულეობად. ეს ნამდვილად არ არის ასე. ამ ტრენინგის ჩატარების მთავარი მიზანიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის გავრცელებაა“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ.

ტრენინგების ფარგლებში სტუდენტები ლექცია-სემინარებს ხუთ თემაზე მოისმიენენ, ესენია: ქართული ფემინიზმის ისტორია, მითები და რეალობა გენდერულ თანასწორობაზე საქართველოში, ხელოვნების ისტორიის უხილავი გენდერული მხარე, გენდერი, შეიარაღებითი კონფლიქტი და იძულებითი მიგრაცია, გენდერული კვოტა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. ტრენინგებს ჩაატარებენ: თამარ საბედაშვილი (გაეროს ქალთა განვითარების ფონდის მრჩეველი საქართველოში), თეონა ყუფუნია (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის-NDI საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერი), იდა ბახტურიძე (გენდერის სპეციალისტი, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი), ნარგიზა არჯევანიძე (თსუ-ის გენდერის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი), თამთა მელაშვილი (მწერალი, გენდერის სპეციალისტი), სალომე ცოფურაშვილი (გენდერის მკვლევარი), ნინო ჯავახიშვილი (გენდერის მკვლევარი), ქეთა ჩხეიძე (გენდერის მკვლევარი). დასკვნით ეტაპზე გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება.

სტუდენტური თვითმმართველობის პროექტში, ასევე, ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: WEDC; CSS და თსუ-ის გენდერის კვლევის ინსტიტუტი.