გიორგი გოგოლაშვილი - იაკობ გოგებაშვილის პრემიის პირველი ლაურეატი

17 ნოე 2015

მომავალ წელს ნახევარი საუკუნე შესრულდება მას შემდეგ, რაც პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზღურბლს გადმოაბიჯა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული და კავკასიური ენების შესწავლა დაიწყო. ამ საქმეს დღემდე განაგრძობს. მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება ქართული გრამატიკა და დიალექტოლოგიაა. დაწერილი აქვს რამდენიმე მონოგრაფია და, საერთო ჯამში, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20-მდე წიგნისა და წიგნაკის ავტორია. სამეცნიერო საქმიანობა ახალი ქართული ენის კათედრაზე ასისტენტობიდან დაიწყო: იყო მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგის მოადგილე, შემდეგ - ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. დღემდე არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა, უნივერსიტეტში კი - რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი და მოწვეული ლექტორი.

ქართული ენის კვლევის პარალელურად გიორგი გოგოლაშვილის ინტერესის საგანი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესწავლაა. წელს, 27 ოქტომბერს, დიდი ქართველი პედაგოგისა და განმანათლებლის დაბადებიდან 175 წლისთავზე, უნივერსიტეტის მიერ პირველად გაიცა გოგებაშვილის სახელობის პრემია, რომლის ლაურეატიც გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი გახდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის საქმიანობას წლებია სწავლობს და დიდი განმანათლებლის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე დამცველია.

- ქართული განათლების სისტემის საფუძველი სწორედ იაკობ გოგებაშვილმა შექმნა. ილია ჭავჭავაძის სამ ღვთაებრივ საუნჯეს: მამული, ენა და სარწმუნოება - გოგებაშვილმა დაამატა ეროვნული სკოლა და მას ეროვნების ბურჯი უწოდა. შესაბამისად, იაკობმა შექმნა ისეთი სახელმძღვანელოები ეროვნული სკოლისთვის, რომ იგივე „დედაენა“ დღესაც არის და ყოველთვის იქნება შეუცვლელი, რადგან ეს არის უნიკალური მოვლენა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო პედაგოგიკაში. შეგახსენებთ, რომ 1960 წელს ვენესუელაში მსოფლო ენების საანბანე სახელმძღვანელოების გამოფენა-კონკურსზე გოგებაშვილის წერა-კითხვის სწავლების მეთოდმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა. იაკობ გოგებაშვილი, ძირითადად, ეროვნული სკოლის საკითხზე მუშაობდა. მას ეკუთვნის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იდეა, რომელმაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიასთან შექმნა სამრევლო სკოლები, სადაც ქართული ენა ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა. სწორედ ამ სკოლებისთვის შექმნა გოგებაშვილმა „დედაენა“ და სხვა სახელმძღვანელოები. 

ოთხწლიან სამრევლო სკოლაში პირველი ორი წელი „დედაენით“ ისწავლებოდა, მესამე-მეოთხე კლასში - „ბუნების კარით“. გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისა და პროგრამის დამსახურებით იმ დროს ოთხკლასდამთავრებულმა ბავშვმა გაცილებით უკეთესად იცოდა ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს გეოგრაფია, საქართველოს ისტორია და ეთნოგრაფია, ვიდრე დღევანდელმა სკოლადამთავრებულმა. გოგებაშვილმა ასევე განსაზღვრა ქართველი ბავშვებისათვის უცხო ენის სწავლების პრინციპები და შექმნა რუსულის სახელმძღვანელო „რუსსკოე სლოვო“. გოგებაშვილმა ჯერ შექმნა „დედა ენა“, შემდეგ „რუსსკოე სლოვო“. მას მიაჩნდა და სწორიც იყო, რომ ქართველმა ბავშვმა უცხო ენა ქართულ გარემოში უნდა ისწავლოს და არა იმ გარემოს მიხედვით, რომელიც მისთვის უცხოა როგორც სიტუაციურად, ისე მენტალურად. ქართველმა ავტორმა სახელმძღვანელო უნდა მიაბას იმ ცოდნას, რომელიც ბავშვმა მიიღო მშობლიურ ენაზე. გოგებაშვილმა ასევე შექმნა სახელმძღვანელოები მათემატიკასა და რელიგიაში. თუმცა, რადგან ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვი არ იყო მხოლოდ ქრისტიანი მართლმადიდებელი, რელიგიის სწავლება არ იყო სავალდებულო ყველასთვის. 

- რამდენად გამოიყენება გოგებაშვილის მეთოდოლოგია დღევანდელ სწავლებაში და სახელმძღვანელოების შექმნის დროს?

- საბედნიეროდ, იაკობ გოგებაშვილმა მოძებნა ქართული ენის სწავლების ის გზა, რომელიც ყველაზე მორგებული აღმოჩნდა ჩვენზე. როცა იაკობი გამოვიდა ასპარეზზე, უკვე არსებობდა ათამდე სხვადასხვა სახელმძღვანელო ქართული წერა-კითხვის შესასწავლად. მერეც ბევრი შეიქმნა, მაგრამ „დედაენას“ კონკურენციას ვერ უწევენ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი აღმოჩენა ქართული კულტურის ისტორიაში, ეს იყო პირველ საანბანე გაკვეთილად აი ია-ს შემოტანა. როცა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება გამოვიდა ინიციატივით, „დედაენას“ მინიჭებოდა კულტურული ძეგლის სტატუსი, სწორედ ამაზე აიგო ჩვენი მსჯელობა: გოგებაშვილის მეთოდი წერა-კითხვის სწავლებისა არის უნიკალური. ჩვენი მოსაზრება გავაცანით კულტურის სამინისტროს, რომელმაც ეს ინიციატივა განიხილა და 2013 წელს გოგებაშვილისეულ წერა-კითხვის სწავლების მეთოდს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ კულტურის სამინისტრომ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა ამ ძეგლისთვის განესაზღვრა ეროვნული კატეგორია და, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, 2014 წელს გამოვიდა დადგენილება, რომლითაც ი. გოგებაშვილის „დედაენას“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის ეროვნული კატეგორია მიენიჭა. ამ ფაქტმა უკვე შეუქმნა პრობლემა გარკვეულ ჯგუფებს, კერძოდ: ამჟამად სამი სახელმძღვანელოა ქართულ სკოლაში. სამივეს ჰქვია „დედაენა“ და არც ერთის ავტორად გოგებაშვილი არ იხსენიება. რა ხდება იცით? იღებენ წიგნს, შეცვლიან ერთ-ორ ელემენტს და ამის შემდეგ აცხადებენ თავს ავტორებად. ვალი რომ მოიხადონ გოგებაშვილის წინაშე, მიაწერენ ხოლმე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილის მიხედვით. ფაქტობრივად, ხდება გოგებაშვილის ძარცვა. ზოგი ავტორი კი სრულიად განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს წერა-კითხვის შესასწავლად, მაგრამ, იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს შუა სწავლებისას მოუხდათ სახელმძღვანელოს შეცვლა და კვლავ გოგებაშვილის მეთოდთან დაბრუნება. 

ეს მეთოდი ქართული ენის ბუნებაზეა მორგებული. ავტორთა ნაწილი კი უცხოური მეთოდოლოგიით სარგებლობს. იქ კი რაც ხდება, მოგეხსენებათ: ერთი ბგერა შეიძლება გადმოიცეს ორი ან სამი ასოთი, ან ერთი და იგივე ასო სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვაგვარად შეიძლება იკითხებოდეს. ქართულს ეს პრობლემა არა აქვს. თვითონ გოგებაშვილი ამბობდა: ჩვენ უნიკალური ენა გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვწერთ და რასაც ვწერთ, იმას ვკითხულობთო. აი ია-ს მიგნება ჩემს ოსტატობას კი არა, ქართული ენის ბუნებას და მის უნიკალურობას უნდა მივაწეროთო. ენის ბუნებას ზუსტად არის მორგებული ეს სახელმძღვანელო და ამიტომ იაკობის „დედაენა“ უნდა დაბრუნდეს ქართულ სკოლაში. 

- თუმცა, ალბათ, ბევრი რამ მაინც შეცვლას მოითხოვს დროისა და ვითარების შესაბამისად...

- გოგებაშვილს ჰქონდა „დედაენის“ 33 გამოცემა თავის სიცოცხლეში და ყველა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. იაკობი ამბობდა: თუ „დედაენას“ მოაკლდა „გაუკეთესება“, იგი მოკვდება. ამიტომ, სისტემატურად უნდა ხდებოდეს მისი გაუმჯობესება, ცხოვრების პირობებთან „დედაენის“ შეგუება,M მაგრამ ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რა პრინციპებითაც აიგო „დედაენა“. გოგებაშვილმა თავისი წიგნი უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და დაიბარა, რომ სახელმძღვანელოში ნებისმიერი ცვლილება უნდა შევიდეს საზოგადოების სამი მეოთხედის თანხმობით. რადგან დღეს აღარ არსებობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მაშინ წიგნი სახელმწიფოს საკუთრებაა, მით უმეტეს, იგი უკვე ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლია. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა განათლებისა და კულტურის სამინისტროებთან და ამის შემდეგ მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შეიქმნას კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც გოგებაშვილის სახელმძღვანელოს დღევანდელი სკოლისთვის მოამზადებს. 

- იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების ფარგლებში აქტიურობის გარდა, თქვენ ჩართული იყავით და ხართ უნივერსიტეტის ცხოვრებაშიც. გასული ათწლეული საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა თქვენთვის: მოგიხდათ უნივერსიტეტის დატოვება. ახლა რა ხდება და როგორ თანამშრომლობთ უნივერსიტეტთან?

- უნივერსიტეტის ისტორიას რამდენიმე მძიმე პერიოდი ახსოვს. ეს იყო გასული საუკუნის 20-იანი წლები, როცა 1926 წელს ივანე ჯავახიშვილი გააგდეს უნივერსიტეტიდან და აირჩიეს რექტორად ვინმე თედო ღლონტი, რომელზეც მიხეილ ჯავახიშვილი წერდა, რომ 1920 წელს უნივერსიტეტში სტუდენტად არ მიიღეს სამოქალაქო განათლების უქონლობის გამო და მერე რექტორად დანიშნესო. იმ პერიოდში ზედიზედ 6 რექტორი გამოიცვალა უნივერსიტეტმა და 1937-38 წლებში ყველა დახვრიტეს. საბედნიეროდ, უნივერსიტეტი მაინც გადარჩა აკაკი შანიძისა და მისნაირების წყალობით. ასევე, მძიმე პერიოდი დაუდგა უნივერსიტეტს 2004 წელს, როცა მოისურვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შეცვლა, რასაც მოჰყვა პროფესორ-მასწავლებელთა პროტესტი. განათლების კანონში არ იყო პუნქტი სწავლების ენის შესახებ. საერთოდ, სახელმწიფო ენა უნდა იყოს განათლების ენა, გარდა კანონით განსაზღვრული გარკვეული შემთხვევებისა. ენის შესახებ ცვლილება მივაღებინეთ, მაგრამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია კონკურსების საკითხმა. ამ კონკურსების გამოცხადებით მთავრობამ დაარღვია მის მიერვე მიღებული კანონი, რადგან კანონის მიხედვით, კონკურსები უნდა ჩატარებულიყო მას შემდეგ, როცა არჩეული იქნებოდა საბჭო და რექტორი იმ შემადგენლობიდან, რა შემადგენლობაც იყო უნივერსიტეტში. მთავრობამ კი პირდაპირ მოინდომა კონკურსების ჩატარება, რათა არასასურველი ხალხი გაეყარა. ამასთან, წესდებოდა ასაკობრივი ცენზი. პირდაპირ დაიმუქრა მაშინ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავო და შედეგი რა იყო? 2006 წელს გამოცხადდა აკადემიური კონკურსები 700 საკონკურსო ადგილზე და ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტში 3 500 პროფესორ-მასწავლებელი იყო, ანუ უნივერსიტეტში დატოვეს ადგილების 20%. პროფესორ-მასწავლებელთა 80%-ით შემცირება იყო ბარბაროსობა და კატასტროფა. ბევრმა ჩვენგანმა, და მათ შორის მეც, პროტესტის ნიშნად, უარი ვთქვით ამ კონკურსებში მონაწილეობაზე და ჩვენი ნებით დავტოვეთ უნივერსიტეტი. მას შემდეგ, რაც რექტორად აირჩიეს ვლადიმერ პაპავა, მან თავად შემოგვთავაზა ჯემალ მებონიას და მე - შევსულიყავით რექტორის მრჩეველთა საბჭოში და მონაწილეობა მიგვეღო უნივერსიტეტის ცხოვრებაში, რაზეც დავთანხმდით და ამჟამად ვართ ამ საბჭოს წევრები. გარდა ამისა, როგორც მოწვეული ლექტორი, ლექციებსაც ვკითხულობ. 

- თქვენ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც ბრძანდებით და განაგრძობთ ენის კვლევას. გლობალიზმის ეპოქაში მცირე ერებისა და ენებისათვის არსებობს საფრთხეები, რომელთა იდენტიფიცირება სწორედ მეცნიერთა პრეროგატივაა. თქვენ რას იტყოდით ახალი გამოწვევების შესახებ?

- ვფიქრობ, რომ ქართული ენისთვის საფრთხეები ახლა უფრო გამრავლდა, ვიდრე ეს იყო საუკუნის, ან თუნდაც ორი საუკუნის წინ. სწორედ ამიტომ, სპეციალური ზომებია გასატარებელი. ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და გარკვეული წრეების ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ მომზადდა, თუმცა 2003 წელს პარლამენტში შეტანილი ეს კანონი დაიკარგა. ამჟამინდელმა პარლამენტმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მონდომებით, წელს, ზაფხულში მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. ამ კანონს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მოხდა ისე, რომ არასწორი ინფორმაციით კანონის წინააღმდეგ განაწყვეს საზოგადოების ნაწილი. თუმცა, კანონი უკვე მიღებულია და იანვრიდან ამოქმედდება. იგი საკმაოდ ფართო და საინტერესოა. მის საფუძველზე უნდა შეიქმნას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც იქნება ქართული ენის ფუნქციონირების, სწავლებისა და შესწავლის პოლიტიკის განსაზღვრა. ეს კანონი მხოლოდ გარანტიაა იმისა, რომ ქართული ენა დაცული იქნება სახელმწიფოს ფარგლებში, მაგრამ თუ საზოგადოებამაც არ მოინდომა ენის შენარჩუნება და დაცვა, მაშინ ამას ვერანაირი კანონი ვერ უშველის