რა დაიგეგმა სვიმონ კლდიაშვილის ნამუშევართა პოპულარიზაციისთვის

17 ნოე 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წლევანდელი წელი ქართველი არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის 150 წლის იუბილეს მიუძღვნა.  საზოგადოების ფართო წრეებისთვის კლდიაშვილი ცნობილია, როგორც მხოლოდ უნივერსიტეტის შენობის ავტორი. სინამდვილეში არქიტექტორის მოღვაწეობა ბევრად მრავალფეროვანი გახლდათ. სვიმონ კლდიაშვილის განსაკუთრებული ღვაწლის და ბიოგრაფიის პოპულარიზაცია იყო ბიოგრაფიული ფილმის შექმნის მიზანიც. ფილმი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის  ნინო კაკულიას ხელმძღვანელობით გადაიღო შემოქმედებითმა ჯგუფმა.  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ინიციატივით დაიგეგმა და გაიმართა რამდენიმე ღონისძიება. დიდი არქიტექტორის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთწლიან პროექტზე გვესაუბრა ხელოვნებათმცოდნე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი სალომე ჭანტურიძე.

- არასამთავრობო ორგანიზაცია „ძეგლის მეგობარი”-ს სახელით, მე და მარიამ გურგენიძემ ბატონ ზურაბ გაიპარაშვილს შევთავაზეთ გაგვეკეთებინა სხვადასხვა ღონისძიება სვიმონ კლდიაშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით. იდეა გავაცანით რექტორს და დავგეგმეთ ღონისძიებათა ციკლი, რომელიც მთლიანად ამ წლის ფარგლებში განხორციელდება.

დავგეგმეთ გამოფენის მომზადება, კატალოგის გაკეთება, ფილმის გადაღება. გვინდოდა ინიციატივა გაგვეჟღერებინა იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე ქუჩას მინიჭებოდა სვიმონ კლდიაშვილის სახელი. ჩვენი სამუშაოების პირველი ეტაპი იყო სვიმონ კლდიაშვილის შესახებ მასალების მოძიება. რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ცენტრში. მოვახდინეთ კლდიაშვილის მიერ შესრულებული პროექტების იდენტიფიკაცია. გადავიღეთ სახლების ფოტოები, ძველი და ახალი მასალა დავაჯგუფეთ და პირველ ეტაპზე გავაკეთეთ გამოფენა, რომელიც მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით. 130-მდე ფოტო წარმოვადგინეთ. ეს იყო სვიმონ კლდიაშვილის მიერ შესრულებული პროექტები, აგებული სახლების ძველი და ახალი ფოტო მასალა, პირადი ფოტოარქივი. ეროვნულმა არქივმა ერთი დღით გვათხოვა სვიმონ კლდიაშვილის მიერ შექმნილი ორიგინალი პროექტები. საბოლოოდ, საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება გამოვიდა. გაკეთდა ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორმა ნინო კაკულია მოამზადა. ფილმი დიდი არქიტექტორის ცხოვრებას და შემოქმედებას სრულად ასახავს.

- სვიმონ კლდიაშვილს იცნობენ როგორც არქიტექტორს, რომელმაც ააშენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგრამ არ იციან მისი მოღვაწეობის სხვა მხარეები. ამ მხრივ რა ღონისძიებებს გამართავთ?

- მნიშვნელოვანია კლდიაშვილის ექსპედიციები ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, ჯერ 1902 წელს სამხრეთ საქართველოში, შემდეგ 1910 წელს სვანეთში. ეს მასალა საინტერესოა იმ კუთხით, რომ იმ პერიოდის ასეთი მასშტაბური კვლევა არ გაგვაჩნია. უამრავი ძეგლი, რომელიც 1902 წელს სამხრეთ საქართველოში ,,გაიზომა”, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის, ბევრი დაზიანებულია, ბევრის მოძიება ჭირს. ამდენად, სვიმონ კდლიაშვილის მიერ შესრულებული მასალა უნიკალურია მკვლევარებისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სვიმონ კლდიაშვილი გახლდათ პროფესიონალი არქიტექტორი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს გაჰყვა ტაო-კლარჯეთში. რაც შეეხება სვიმონის როლს საერო პროექტებში, 65-მდე პროექტი აქვს შესრულებული, რომელთაგან 25-მდეა განხორციელებული. თბილისში ძალიან ბევრი სახლი მისი აგებულია და, სამწუხაროდ, ბევრმა ეს არ იცის. ჩვენი მიზანი იყო არქიტექტორის სახელის პოპულარიზაცია. გვინდოდა, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც მისი შექმნილია, საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი.

- როგორც ვიცით, წლის ბოლომდე, კიდევ გაქვთ დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება...

- 13 ნოემბერს დავგეგმეთ კონფერენცია, რომელიც ეძღვნება XIX-XX საუკუნის არქიტექტურას და თანამედროვე გამოწვევებს. ანუ ეს არის პერიოდი, როცა სვიმონ კლდიაშვილი მოღვაწეობდა, როგორც არქიტექტორი. ნებისმიერ მკვლევარს საშუალება ექნება საკუთარი კონცეფცია და მოხსენებები წარმოადგინოს. მე და მარიამ გურგენიძე ვაკეთებთ თემას, რომელიც უშუალოდ სვიმონ კლდიაშვილს ეხება. კონფერენციაზე წავიკითხავ მოხსენებას „სვიმონ კდლიაშვილი და ექსპედიციები ტაო-კლარჯეთში და სვანეთში“. მარიამი გააკეთებს იმ პროექტების პრეზენტაციას, რომელიც სვიმონ კლდიაშვილმა შექმნა. დეკემბრისთვის მომზადებული გვაქვს კატალოგი, რომელშიც შევა მისი ბიოგრაფიული ცნობები, ექსპედიციების განხილვები, ვიზუალურად ერთად განთავსდება მის მიერ შექმნილი პროექტები, ფოტოები. ეს კატალოგი უკვე გამომცემლობას გადაეცა მოსამზადებლად. იგი საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით არქიტექტურის მკვლევრებისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე მის მიერ აშენებული სახლის გადარჩენა. ამ სახლში სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ილია ჭავჭავაძემ. ამდენად, ეს ორმაგად მნიშვნელოვანი ძეგლია. გვინდა, ამ სახლის რეაბილიტაციის ღონისძიებების შესახებ ინიციატივა გავახმიანოთ. ამას გარდა, თბილისში არ არსებობს სვიმონ კლდიაშვილის სახელობის ქუჩა. მერიას მივმართეთ წინადადებით - რომელიმე ქუჩას დაერქვას მე-19 საუკუნის ამ დიდი საზოგადო მოღვაწის სახელი.