ქართველოლოგიის საერთაშორისო კონგრესი დასრულდა

16 ნოე 2015

ქართველოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის, განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, ვიწრო სამეცნიერო ინტერესების გარდა, განაპირობებს საქართველოს, როგორც უდიდესი კულტურის ქვეყნის ნიშანს მსოფლიოს სხვა ძველი კულტურის ქვეყანათა შორის. სწორედ ამიტომ, ეს დარგი ხელისუფლებისა და მთავრობის ზრუნვის საგანია და მისი ხელშეწყობისათვის არაერთი ღონისძიება ხორციელდება.

ამ მიზანს ემსახურებოდა 11-14 ნოემბერს გამართული საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომლის მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს საპატრიარქომ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

10 ნოემბერს უცხოელი ქართველოლოგები საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდნენ. ისინი მიიღო კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, რომელმაც მათ საჩუქრები გადასცა და ქართველოლოგიის კონგრესს წარმატებები უსურვა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრ-ცელებულ მიმართვაში ნათქვამია: „ქართველოლოგიური კონგრესი მოიაზრება, როგორც ერთგვარი დათვალიერება, ერთი მხრივ, იმ უმნიშვნელოვანესი შედეგებისა, რასაც ქართველოლოგებმა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მიაღწიეს, ხოლო მეორე მხრივ, იმ პრობლემებისა, რაც უკანასკნელი ათწლეულების გაჭიანურებული კრიზისის შედეგად წარმოიქმნა ქართველოლოგიის განვითარების საშინაო თუ საერთაშორისო ასპარეზზე“. სწორედ ამგვარი შემაჯამებელი მოხსენებებით წარსდგნენ მეცნიერები სამეცნიერო ფორუმზე.

კონგრესი გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც დარბაზს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს კურთხევა გადასცა. მოწვეულ სტუმრებს ასევე მიესალმნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, დონის როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბესარიონ მესხი და სხვები.

კონგრესი მეორე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც დონის როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ქართულ უნივერსიტეტს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და ამავე დროს ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

კონგრესზე იმუშავა რამდენიმე სამეცნიერო სექციამ და წარმოდგენილი იყო 120-მდე მოხსენება. თემატიკა, რომელსაც მეცნიერთა მოხსენებები შეეხებოდა, მოიცავდა ქართულ ენას, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, ისტორია-ისტორიოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ლიტერატურათმცოდნეობას, ქრისტიანული მწიგნობრობის კვლევის თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემატიკას, ღვთისმეტყველებას, ქართულ ხელოვნებათმცოდნეობასა და ქართულ ფოლკლორს. 

მეცნიერთა დიდმა ნაწილმა კონგრესი მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმად მიიჩნია, რადგანაც იგი მოიცავდა ქართველოლოგიის თითქმის ყველა მიმართულებას და მოხსენებები წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტენდენციების კონტექსტში. 

ავთანდილ არაბული, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი: „კონგრესზე 3 სექციაა ჩამოყალიბებული და მათზე, როგორც ჩვენი სტუმრების, ასევე ქართველი კოლეგების მხრიდან, უაღრესად საინტერესო სამეცნიერო მოხსენებები მოვისმინეთ. ჩვენ საგანგებოდ ვემზადებოდით, რომ კონგრესზე წარმოგვედგინა არა წვრილმანი საკითხები (რომელიც, ცხადია, მეცნიერებას აქვს და აინტერესებს), არამედ, ფუნდამენტური მოხსენებები ქართველოლოგიის განვითარებისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ინტერესით მოვუსმინეთ უცხოელ ქართველოლოგებს, რომელთაც ყოველთვის აქვთ ჩვენთვის საინტერესო ახალი სამეცნიერო ინფორმაციები. უნდა ვთქვა, რომ ამ კონგრესზე განსაკუთრთებული ინტერესით ველოდებით პროფესორ ვახტანგ ლიჩელს, რომელმაც გრაკლიანი გორის არქეოლოგიური გათხრების სენსაციურ აღმოჩენაზე უნდა ისაუბროს. ასე რომ, ეს კონგრესი, სამეცნიერო მიღწევების თვალსაზრისით, უაღრესად მაღალი დონისა აღმოჩნდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს კონგრესი დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ერთგვარი საანგარიშო ფორუმი, დაახლოებით სამი წლის პერიოდულობით, რომელზეც თავმოყრილი იქნება ქართველოლოგიაში მიმდინარე კვლევები, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი ეროვნული იდენტობისა და კულტურის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის უნიკალურობის წარმოაჩენას მსოფლიო ასპარეზზე.“

გუჩა კვარაცხელია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი: „მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ქართველოლოგიურ პრობლემატიკას ეძღვნება. საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ. გამოვარჩევდი ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს, თუმცა არც გვიკვირს, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის ქართველოლოგიური სკოლა. აქ ბევრი უცხოელი მეცნიერია, რომლებიც არა მხოლოდ იკვლევენ ქართულ ენას, არამედ საუბრობენ ამ ენაზე. ესეც დიდი სიმდიდრეა ჩვენი კონგრესისა და, ზოგადად, ქართველოლოგიის სამეცნიერო დარგისთვის“.

ჰიროტაკე მაედა, იაპონელი ქართველოლოგი: „მინდა მივულოცო ქართველ მეცნიერებს ამ მნიშვნელოვანი კონგრესის ჩატარება. მე ამაყი ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ კონგრესის მუშაობაში. იმედი მაქვს, რომ კიდევ ჩატარდება ასეთი სამეცნიერო ფორუმები, რაც ჩვენთვის, უცხოელებისთვის, დიდი სტიმულია, ზოგადად კი ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის განვითარებას“.

რევაზ გაჩეჩილაძე, თსუ-ის პროფესორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში: „ქართველოლოგიური კონგრესი დროული გახლავთ, რადგან საჭიროა ჩვენი კულტურა და მეცნიერება უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი. აქ ბევრი უცხოელი მეცნიერი იღებს მონაწილეობას, მაგრამ ვისურვებდი, რომ ასეთი კონგრესი ტარდებოდეს საზღვარგარეთ. მიმაჩნია, რომ ეს კონგრესი არის მოსამზადებელი ეტაპი იმისათვის, რომ მსგავსი ფორუმი უცხოეთშიც ჩატარდეს, თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სეკულარული, მას უნდა ატარებდეს უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია და თანამედროვეობას უნდა ემსახურებოდეს. მე მაქვს საშუალება, დავაკვირდე სხვა ქვეყნების კულტურის ისტორიას და უნდა ვთქვა, რომ ქართული კულტურა მართლაც გამორჩეულია. კულტურის ასეთ უწყვეტობას, როგორიც ჩვენ გვაქვს, ძალიან ცოტა ხალხი თუ დაიკვეხნის მსოფლიოში. ჩრდილოეთის ქვეყნებში განვითარება გვიან დაიწყო და იქ კულტურა სამხრეთიდან შედიოდა. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ კულტურას, ხოლო მეცნიერებს მართებთ – შეისწავლონ ის ისეთი კუთხით, რომლითაც მთელი მსოფლიოსთვის იქნება ცნობილი“.

კონგრესის გახსნას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია; ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესორი გია ალიბეგაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა; მსოფლიო ბანი, საპატიო აკადემიკოსი პაატა ბურჭულაძე; მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი ელდარ ისმაილოვი; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი; დელეგაციები ჩეჩნეთისა და დაღესტანის ავტონომიური რესპუბლიკებიდან.

კონგრესის მუშაობაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, 11 ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ქართველოლოგები: ბერნარ უტიე (საფრანგეთი, ლავო), ვინფრიდ ბოედერი (გერმანია, ოლდენბურგი), ჰიროტაკე მაედა (იაპონია, ტოკიო), ნიკოლაე დურა (რუმინეთი, ბუქარესტი) და სხვები. წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ ასევე ისრაელიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან. კონგრესს სპეციალური ვიზიტით სტუმრობდა დონის როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ბესარიონ მესხის მეთაურობით.

საერთაშორისო კონგრესი სამი წლის შემდეგ ისევ უმასპინძლებს ქართველოლოგიით დაინტერესებულ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს.