პასუხს ნუ გვთხოვთ იმ წარსულზე, რომელიც ჩვენ არ შეგვიქმნია

29 ოქტ 2015

ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტთან პაატა ბახტურიძესთან

- რა მოთხოვნები გაქვთ, კონკრეტულად?

- ჩვენს მოთხოვნებს ცოტა არასწორი ინტერპრეტაციები მისცეს ვიღაცებმა (სტუდენტებს შორის). წამოგვაძახეს, რომ მხოლოდ რექტორის გადადგომას ვითხოვთ და არა, მაგალითად, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის. მიხსენეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც... არადა ჩვენ ვამბობთ, რომ უნივერსიტეტში არის პრობლემები, პრობლემებზე პასუხი კი მოეთხოვება ყოველთვის პირველ პირს. ქვეყანაშიც ასე ხდება: როდესაც გამოდიან აქციაზე და არის პრობლემები, არ ითხოვენ, რომ გადადგეს რომელიმე მინისტრი, ითხოვენ კონკრეტულად პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელი შეიცვლება, პროცესები უნდა გაგრძელდეს. ახალ რექტორთან ერთად დაიწყება ძიება - ვის აქვს, თუნდაც, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა მიღებული, ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ ამჟამინდელ რექტორს რაღაცებზე არ აქვს ინფორმაცია (როგორც ეს თავად განაცხადა). ერთია ის, რომ ინფორმაცია რექტორს არ ჰქონდა და ამ მხრივ არის დამნაშავე და მეორეა ის, რომ მხოლოდ რექტორსაც არ უნდა შევაწმინდოთ ხელი. ყველას მიმართ დასაწყებია კვლევა-ძიება, ვინც დამნაშავეა.

ჩვენ, თვითმმართველობა, ხომ არ გამოვდივართ და არ ვამბობთ, რომ ეს რექტორი არ მოგვწონს და მოგვწონს სხვა კონკრეტული პიროვნება. ძალიან კარგი იქნება, თუ შეიცვლება საგანმანათლებლო სისტემაში ის მუხლი, რომლის თანახმადაც მხოლოდ 12 ადამიანი (აკადემიური საბჭოს წევრები) ირჩევენ უნივერსიტეტების მმართველ პირებს.

- სტუდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ როდესაც ისინი აპროტესტებდნენ მთელ რიგ საკითხებს უნივერსიტეტში, თქვენ მათთან ერთად არ იდექით... რა პასუხს გასცემთ ამ პოზიციას?

- როდესაც გვედავებიან, რომ სტუდენტური თვითმმართველობა რაღაც საკითხებზე არ ყვირის და რადიკალური ზომების მიღებას ერიდება, სულ ახსენდებათ და წამოგვაძახებენ ხოლმე წინა წლების სტუდენტური თვითმმართველობის გაკეთებულ საქმეებს - მოყოლებული მეორე მოწვევის თვითმმართველობის ქმედებებიდან. გვახსენებენ ძველ პრეზიდენტებს, ძველ ვიცე-პრეზიდენტებს, რომელთა საქმიანობაშიც მართლა იყო ხარვეზები, მიკერძოება - ეს არც იყო დამალული ფაქტი და ყველამ იცის. წამოგვაძახებენ მათ შავ-ბნელ საქმიანობას და ყოველ დღე ამის შეხსენება იწვევს კომპლექსს ადამიანებში, ჩნდება შიშის მომენტი, რომ ამის მერე შენც ამოიღო ხმა. ...და დღეს, როცა გამოვდივარ და ჩემი კომპლექსები გვერდზე გადავდე, გავბედე და გავაპროტესტე ის, რაც მეც არ მომწონს, სხვა ჯგუფის სტუდენტები მეუბნებიან, აქამდე სად იყავიო? თანაც ხაზს უსვამენ იმას, რომ დღევანდელი თვითმმართველობაც პოლიტიკურად მართული ძალაა ისევ. გავიხსენებ გაზგასამართი სადგურის მშენებლობის თემაზე საპროტესტო აქციისთვის მზადების პერიოდს. როდესაც ირაკლი კუპრაძე აპროტესტებდა გაზგასამართი სადგურის მშენებლობას, ამოვიდა და გვითხრა, რომ ერთად დავდგეთო. ჩვენ ავუხსენით, რომ შენ ამას აკეთებ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკური პირები არიან - ჩვენ ამის გვეშინია, რადგან გვაქვს პრეცედენტი, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობა ასოცირდებოდა ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთასთან. ამის დღესაც გვეშინია, რადგან მე რომ დღეს ვინმემ სადმე დამაფიქსიროს იმ მხრივ, რომ ვინმეს პოლიტიკურ ინტერესებს ვატარებ, ამით გავწირავ იმ 800 ადამიანს, რომელიც სტუდენტურ თვითმმართველობაში მუშაობს. ეს ავუხსენი მაშინ ირაკლი კუპრაძეს და ვუთხარი, არ მინდა შენც გაისვარო, რადგან მომავალში უნივერსიტეტისთვის ერთად დადგომამ რომ მოგვიწიოს, სხვადასხვა ფლანგზე აღმოვჩნდებით, რადგან შენთან ერთად ვეღარ გამოვალთ. დღეს დადგა საჭიროება, რომ ირაკლი კუპრაძეც და სხვა დანარჩენებიც ვიდგეთ ერთად, მაგრამ აი, ის წყენა, ეტყობა, ირაკლიმ ვერ დაივიწყა. ეტყობა ვერ გაიგო - რას ვეუბნებოდი და ვარიგებდი, არადა გულწრფელი იყო ჩემი რჩევა-დარიგება. დღეს ერთნი იძახიან, აგერ „რუსთავი 2” -ის რეპორტაჟს „აზიარებენ” სოციალურ ქსელში და აი, გამოავლინეს თავი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდებმაო; მეორენი იძახიან, რომ თურმე დღევანდელ ხელისუფლებას ვლადიმერ პაპავას უნივერსიტეტში ყოფნა არ აწყობს და ამიტომ აპროტესტებს სტუდენტური თვითმმართველობა რაღაცებსო. ანუ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ - ქართული ოცნება ვართ, ნაციონალები თუ ვინ ვართ? მე ირაკლი კუპრაძეს ხუმრობით ვუთხარი - ჩვენ ვართ ქართული ოცნების მიერ მართული ნაცმოძრაობა.

ჩვენი დისკრედიტაცია უკვე ზღვარს სცილდება. ჩვენ ტალახს გვესვრიან და ამბობენ იმასაც, რომ თვითმმართველობაში სტუდენტები პირადი სარგებლის მიღებისთვის შემოდიან. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი ცილისწამება? დამერწმუნეთ, თავად ჩვენს შიდა თათბირებზეც ძალიან ბევრი რამ პროტესტდება. ავიღოთ, თუნდაც, გავრცელებული და აქტუალური თემა - ბაკურიანის საკითხი. ჩვენ მზად ვართ, ამ თემაზე პასუხი ვაგოთ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ არამიზნობრივად დაიხარჯა თუ არა ბაკურიანში ტრენინგებისთვის თანხა. თანაც ეს ტრენინგები ჩატარდა ადრე - როცა წინა მოწვევის თვითმმართველობის პრეზიდენტი სოფო ჩიტაძე იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან ეს ჩვენი მოწვევის დროსაც გაკეთდა.

- ბევრი პროტესტანტი სტუდენტი აცხადებს იმას, რომ დღევანდელი რექტორი კონსტრუქციულია და რომ მასთან საუბრის პრობლემა არ არსებობს. თქვენ რატომ მიმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას? დიალოგის რესურსი ამოიწურა?

- ლადო პაპავას მიმართ ჩემს პირად დამოკიდებულებას გეტყვით. ლადო პაპავას რექტორობის პერიოდში სტუდენტური თვითმმართველობა რა მდგომარეობაში იყო, იმასაც აგიხსნით და დასკვნა თქვენ გამოიტანეთ - გულწრფელი ვარ თუ არა. ლადო პაპავას რექტორობის დროს სტუდენტური თვითმმართველობა ისე კარგად არის, როგორც, დარწმუნებული ვარ, არასდროს ყოფილა. ლადო პაპავა არც ერთი პროექტის დაფინანსებაზე უარს არ გვეუბნებოდა. მეტსაც გეტყვით, ლადო პაპავამ გაზარდა თანხის რაოდენობა, რომელიც უნდა მოხმარდეს სტუდენტთა ღონისძიებებს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ გვაწყობს ლადო პაპავა უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტურ თვითმმართველობას - ცალკე აღებულ ინსტიტუტს. ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ეს მომენტიც გვერდზე გავწიეთ და ვფიქრობთ, რომ მართლა დადგა ის დრო - სტუდენტური თვითმმართველობის მრავალწლიანი არსებობის მანძილზე - დაფიქსირდეს ერთი პრეცედენტი მაინც, რომ თვითმმართველობა გამოვიდა და ღიად დაუპირისპირდა იმას, ვინც კარგად გვამყოფებდა (უხეშად რომ ვთქვათ).

თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ყოველთვის გვქონდა იმის საშუალება, რომ პირდაპირ რექტორის კაბინეტში შევსულიყავით და საუბრის რეჟიმში წამოგვეჭრა პრობლემები. მაგრამ პრობლემები პრობლემებად დარჩა. ეს უკვე იწვევს სერიოზულ გაბრაზებას სტუდენტებში და გვაძახებენ - სად არის სტუდენტური თვითმმართველობა, უნივერსიტეტი როცა თავზე გვენგრევა? სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ცალკე გვეუბნებიან, რატომ გვაჩერებთ თქვენ, თვითმმართველობის ხელმძღვანელები, გამოვიდეთ და სიმართლე ჩვენც ვთქვათ, ხომ ხედავთ სხვა სტუდენტები ლამის დაგვცინიან – ჩვენს გვერდით რატომ არ ხართ? ვაღიარებ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისგან ბევრჯერ გამოთქმულა იმის სურვილი, რომ სხვა სტუდენტების აქციებს შეერთებოდნენ და მე მითქვამს, რომ, მოდით, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ; ხვალვე ჩავალ რექტორთანაც და ყველასთან, ვის გამოც ეწყობა ეს აქციები, დაველაპარაკები და იქნებ ყვირილის და რადიკალური ზომების გარეშე მოგვარდეს პრობლემათქო. ამას ვაკეთებდი, მაგრამ ბოლოს იცით რა მოხდა? შეხვედრები იყო შეხვედრებისთვის და მეტი არაფერი. დღეს მე მაქვს ბოდიში მოსახდელი ჩვენი თვითმმართველობის სტუდენტებისთვისაც, რომ ვერაფერს გავხდი. ასეთ დროს კი ძალიან მარტივია მთელი ორგანიზაციის დისკრედიტაცია სხვადასხვა იარლიყის მოწებებით და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ახალგაზრდები ვართ და გვინდა მომავალში ცხოვრება იმ ტალახის გარეშე, რომელსაც წარსულის გამო დღესაც გვაცხებენ. ჩვენც ვიმსახურებთ მომავალს და პასუხს ნუ გვთხოვთ იმ წარსულზე, რომელიც ჩვენ, პირადად, არ შეგვიქმნია. ამიტომ გვინდა, დაფიქსირდეს, რომ ამიერიდან აღარ გავჩუმდებით, რათა მომავალი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობები იყვნენ უფრო გამბედავები და, თუ საჭირო გახდება, არა მარტო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, არამედ მთლიან სახელმწიფოსაც დაუპირისპირდნენ თავისი უნივერსიტეტის და თავისი სტუდენტების სახელით.

ინტერვიუ ჩაწერილია 21 ოქტომბერს