სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი ფორმა არის „მოლაპარაკების მაგიდასთან“ დასხდომა

29 ოქტ 2015

ინტერვიუ თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთან,
„გის ჯგუფის“ (გეოინფორმაციული სისტემების ჯგუფი) წარმომადგენელთან
მათე ხოფერიასთან.

- რას ფიქრობთ უნივერსიტეტში მიმდინარე დღევანდელ პროცესებზე?

- ცხადია, სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი სახელმწიფოში. ისტორიას ახსოვს უნივერსიტეტიდან დაწყებული გადატრიალებები. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სტუდენტი წარმოადგენს დიდ ძალას. შესაბამისად, ყველა კარგად უნდა აცნობიერებდეს მის მიერ გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებს, რადგან, შესაძლოა, ნებისმიერი არასწორი ან ახალგაზრდული სისწრაფით მოფიქრებული გადაწყვეტილება სავალალო აღმოჩნდეს უნივერსიტეტისთვის.

- არის თუ არა ადეკვატური შიმშილობის დაწყება რექტორის გადადგომის მოთხოვნით?

- ყველა ადამიანს აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება და შესაძლებლობა. ასევე, სიტყვის თავისუფლება. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ არსებობს უფრო ცივილიზებული გზები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, პრობლემა ყველგან არის - უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე. მაგალითად, ჩვენ, გეოგრაფებს, სხვადასხვა სახის პრობლემა გვაწუხებს, რასაც თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას. ჯერჯერობით გარემოებათა გამო, გეოგრაფიის მიმართულება, ფაქტობრივად, გამორიცხავს ყოველგვარ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
„გის ჯგუფის“ (რომლის წარმომადგენელიც ვარ) მიზანია განათლებული, რაციონალურად მოაზროვნე, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებით გამორჩეული სტუდენტების „დამეგობრება“ და მათი შემდგომი განვითარებისთვის საფუძვლის მომზადება.
მიგვაჩნია, რომ გეოგრაფია იმ სახით, რაც დღეს უნივერსიტეტში ისწავლება, არავისთვის აღარაა საჭირო. გვსურს, შევცვალოთ მთელი რიგი თემები და გავხადოთ უფრო მეტად მობილური, საინტერესო და, რაც მთავარია, თანამედროვე. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის დაწყებას, ვიცით, რომ ბატონი რექტორი, ფაკულტეტისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად, აუცილებლად მოგვისმენს და ეტაპობრივად დაგვეხმარება არსებული პრობლემის გადაწყვეტაში. პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმაზე აქ ვერ ვისაუბრებ. სრული დოკუმენტი, ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული, გადაეგზავნება რექტორს.

- თქვენი აზრით, რას გამოიწვევს რექტორის გადადგომა?

- რექტორის გადადგომა აუცილებლად გამოიწვევს უფრო დიდ ქაოსს და გაუგებრობას, ვიდრე დღეს არის. ვიცით, რომ უახლოეს მომავალში აირჩევა ახალი კანცლერი, რაც გულისხმობს მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. თუ პარალელურად, უნივერსიტეტს აღარ ეყოლება რექტორი, გამოდის, რომ უზარმაზარი ცოცხალი სხეული, რასაც უნივერსიტეტი ჰქვია, ერთბაშად ორი მმართველის გარეშე რჩება მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. ბუნებრივია, ვერ მოხერხდება სიტუაციების მართვა, გაჩნდება დიდი ბზარი, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. უნივერსიტეტში დაგროვებული პრობლემები ათწლეულებიდან მოდის და იგი დღევანდელი მმართველობის უშუალო შედეგი არ არის. საჭიროა ძირეული სისტემური ცვლილებები. ამისათვის კი უნდა არსებობდეს ჯანსაღი, სწორი კომუნიკაცია ხელმძღვანელობასა და სტრუქტურებს შორის. სტუდენტური თვითმართველობა უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ყველა სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებაში არსებული საწუხარის შესახებ, რათა სწორი აქცენტები გააკეთოს. პრობლემების მოგვარებაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ აკადემიურად მაღალი მოსწრების სტუდენტები.
მხოლოდ რექტორების შეცვლა საქმეს ვერ შველის!

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება სიტუაციის განმუხტვა?

- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი ფორმა არის „მოლაპარაკების მაგიდასთან“ დასხდომა და არგუმენტირებული მსჯელობა. რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ურთიერთპატივისცემა. თითოეულმა პროფესორმა და სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, სად იმყოფება, რათა არ მისცეს საკუთარ თავს იმის თქმის ან ისე თქმის უფლება, როგორც უნივერსიტეტს არ ეკადრება!
„გის ჯგუფმა“ რამდენიმე თვის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ვლადიმერ პაპავა აფასებს სტუდენტების ჯანსაღ აზრს და შეძლებისდაგვარად მხარში უდგას ყოველ დადებით აქტივობას, რასაც საფუძვლად სწავლა და განვითარება უდევს.


ინტერვიუ ჩაწერილია 21 ოქტომბერს