საჭიროა სისტემური ცვლილებები!

29 ოქტ 2015

გიორგი არობელიძე,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი:

- უნივერსიტეტში რომ პრობლემებია, ამაზე სტუდენტთა ნაწილი უკვე წლებია საუბრობს. ეს ეხება ადმინისტრაციის გაბერილ შტატებს, არამიზნობრივად დახარჯულ რესურსებს და ა.შ. როდესაც მე და ჩემი მეგობრები ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, მაშინ სტუდენტურ თვითმმართველობას სხვა პოზიცია ეკავა - ისინი სრულიად ინერტულები იყვნენ. ჩვენი მხრიდან იყო არა ერთი შეთავაზება, რომ დაგვეწყო ამ პრობლემებზე ერთად საუბარი, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ იყო. უნივერსიტეტის გადაცემაში ყველამ მოვისმინეთ თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის კომენტარი, სადაც იგი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა არამიზანშეწონილია. დღეს კი სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნებს შორის არის საბიუჯეტო დაფინანსება. ჩანს ისე, რომ თვითმმართველობის სისტემამ, თითქოს, ერთ დღეში განიცადა რაღაც ცვლილება, რაც დაუჯერებელია. ჩვენ არ გვჯერა მათი გულწრფელობის და ამ ყველაფრის უკან ვხედავთ გარე ძალების ჩარევას.

- თვითმმართველობის წევრები აცხადებენ, რომ აღარ გვინდა წინამორბედების ჭუჭყი კიდევ გვეცხოს, ჩვენ გადავწყვიტეთ ამისგან გათავისუფლებაო... არც ამ ნათქვამს ენდობით?

- მათი მთავარი მოთხოვნაა რექტორის გადადგომა, ანუ ფაქტია, რომ ისინი ებრძვიან არა სისტემას და ითხოვენ არა სისტემურ ცვლილებებს, არამედ კონკრეტული ადამიანის წასვლას პოსტიდან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პრობლემები არა კონკრეტულ ადამიანებში, არამედ იმ არსებულ სისტემაშია, რაც უნივერსიტეტშია.

სხვა დანარჩენ მათ მოთხოვნებს რაც შეეხება, ზუსტად იმავე შინაარსის მოთხოვნებით ვიდექით ჩვენ აქციებზე და მრავალი წელია ერთსა და იმავეს ვიმეორებთ.

- თქვენ არ ითხოვთ რექტორის გადადგომას?

- არ ვითხოვ რექტორის გადადგომას, არ ვერჩი პიროვნებებს, პრობლემა არის სისტემაში. არა მგონია, რექტორის გადადგომით ეს პრობლემები მოგვარდეს. ოდნავ მაინც რომ ვიყო დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პაპავას გადადგომა რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის, პირველი ვიქნები, ვინც ამას მოითხოვს.
თვითმმართველობა თავად წარმოადგენს იმ სტრუქტურას, რომელიც სტუდენტების მიერ გადახდილ ფულს ხარჯავს არამიზნობრივად. აუცილებელია უნივერსიტეტში დაიწყოს რეფორმა, მათ შორის კი სწორედ თვითმმართველობის რეფორმა და მის ერთადერთ ფუნქციად დარჩეს საფაკულტეტო საბჭოებში, ადმინისტრაციასა თუ რექტორატში სტუდენტთა ინტერესების დაცვა და არა კონცერტებისა და წვეულებების გამართვა.

ინტერვიუ ჩაწერილია
21 ოქტომბერს