რექტორის გადადგომა მისი მხრიდან სისუსტე იქნება!

29 ოქტ 2015

ინტერვიუ  იურიდიული  ფაკულტეტის  სტუდენტთან,  სენატის  წევრთან  ირაკლი  კუპრაძესთან

- რით ახსნით სტუდენტური თვითმმართველობის გააქტიურებას?

- უეცარი გააქტიურება სტუდენტური თვითმმართველობის ძალიან გასაკვირია, რადგან წლებია - მოყოლებული ამ ორგანიზაციის დაარსების დღიდან, სტუდენტური თვითმმართველობა ყოველთვის იყო ყოფილი ხელისუფლების რუპორი და ამ ხელისუფლების ხელი მართავდა ყოველთვის სტუდენტური თვითმმართველობის მაღალი თანამდებობა-პოზიციის მქონე წევრებს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები ყოველთვის გვევლინებოდნენ გუბერნატორის თანაშემწეებად, სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობებზე და სხვა. ამ სამინისტროებს შორის გამორჩეული იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. დღესაც თვითმმართველობის ძალიან ბევრი ყოფილი წევრი მუშაობს იქ.

ჩვენ არ გვჯერა მათი გულწრფელობის, ვინაიდან ისინი ყოველთვის იყვნენ ხელისუფლებ(ებ)ის დაკვეთების შემსრულებლები და ამას თვითონაც აღიარებენ, თუმცა საუბრობენ ახალ დამოუკიდებელ მოძრაობაზე, მაგრამ ძალიან ეჭვს იწვევს ამ მოძრაობის ამ კონკრეტულ ეტაპზე გააქტიურება, მით უფრო, როცა ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური ბატალიებიდან გამომდინარე მდგომარეობა სულ უფრო იძაბება.

- სტუდენტური თვითმმართველობის გასულმა არჩევნებმა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ვინმესთან პოლიტიკური თანამშრომლობის მომენტები არ ჩანდა მაშინ...

- ძველ არჩევნებზე არ ჩანდა ეს, რადგან ნაციონალური მოძრაობა იმდენად მარგინალიზებული იყო, რომ თანამშრომლობა გამორიცხული და მიუღებელი იქნებოდა. ახლა ოპოზიცია მოძლიერდა ხელისუფლების შეცდომების ხარჯზე და, ამ შემთხვევაში, ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნა იმდენად ორივე მხარეს აწყობს - როგორც პოზიციას, ასევე, ოპოზიციას, რომ რთულია ვინმესთან დააკავშირო.

- როგორც თავად აცხადებთ, თქვენი აზრით, რატომ აწყობს ხელისუფლებას ლადო პაპავას წასვლა?

- ხელისუფლებას აწყობს, რადგან ლადო პაპავა არის მართლაც უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი რექტორი, რომელმაც მოითხოვა პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება და ყველგან ახმოვანებს ამ მოთხოვნას, მათ შორის პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვადასხვა მინისტრების ვიზიტების დროს თსუ-ში თუ თსუ-ის მიღმა, იგი ყველა ტრიბუნას იყენებს ამისთვის. ასევე, ლადო პაპავა ღიად საუბრობს უნივერსიტეტის ქონების მიტაცებაზე, როდესაც უნივერსიტეტის ძალიან ბევრი ობიექტი, მისი სტატუსის ცვლილების პროცესში, დარჩა ჰაერში გამოკიდებული ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და ეს ქონება ნელ-ნელა იყიდება. ამ შემოსულ თანხებს წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს დღევანდელი ხელისუფლება და ცდილობს თავისთვის დივიდენდების დაწერას. ჩვენ გვაქვს თუნდაც ყველაზე გახმაურებული - სტუდქალაქის პრობლემა, რომელშიც დღესაც 500-მდე სტუდენტი და ადმინისტრაციის თანამშრომელი ცხოვრობს, თუმცა დღემდე არ არის უნივერსიტეტის ბალანსზე ეს შენობა და ეკონომიკის სამინისტრო წელავს ამ პროცესს, რათა გადმოგვცეს ჩვენივე კუთვნილი ქონება უკან.

- გამორიცხავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია ამ ახალი მოთხოვნებით დაიწყო სტუდენტურმა თვითმმართველობამ? როგორც ვიცით, მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნებია...

- შესაძლებელია, რომ მათი ეს გააქტიურება წინასაარჩევნო პროცესის ნაწილიც იყოს. ჩვენ სტუდენტურ თვითმმართველობას ყოველთვის ვაკრიტიკებდით იმის გამო, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ივენთებზე და გასართობ ღონისძიებებზე იყო გადართული და არასდროს ზრუნავდა სტუდენტების უფლებრივ მდგომარეობაზე. დღევანდელი ეს პროტესტი კი სტუდენტების უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვას სცილდება და გადადის არასწორად მიმართულ პოლიტიკურ პროცესებში, ვინაიდან ისინი ითხოვენ პიროვნების ცვლილებას, რექტორის გადადგომას და არა სისტემის ცვლილებას. პიროვნებები აქამდეც არაერთი შეცვლილა, თუმცა სისტემის უძრაობა არის მთავარი პრობლემა. ლადო პაპავა გამოთქვამს მზადყოფნას ცვლილებების დაწყების შესახებ. როცა სისტემის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა და ამაზე ვიმუშაოთ. ჩვენი ოპოზიციური ჯგუფები ამ მიმართულებით ყოველთვის მუშაობდნენ და არა ერთი პროექტი წარგვიდგენია.

- იცით თუ არა სხვა სტუდენტების აზრი რექტორის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით?

- სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ნაწილი რექტორის გადადგომას უმოქმედობის გამო ითხოვს, იმ უმოქმედობის გამო, რაც არასდროს გაუკრიტიკებიათ. ჩვენ კი, რომლებიც, ახლა, თითქოსდა ვიცავთ უნივერსიტეტის რექტორს და ვამბობთ, რომ იგი არ უნდა გადადგეს, მისი ლოიალობა და ზედმეტი კონსტრუქციულობა არაერთხელ გაგვიპროტესტებია. დღეს კი ვითხოვთ, რომ არ გადადგეს, რადგან მისი მხრიდან ეს იქნება სისუსტე და უნივერსიტეტი ხელში ჩაუვარდებათ იმ კლანებს, რომლებიც გავლენების გაძლიერებას ცდილობენ როგორც შიდა საუნივერსიტეტო არჩევნების წინ (მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები მოდის და იგი თავისი მნიშვნელობით მეორე პირია რექტორის შემდეგ), ასევე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოსვლამდეც. შესაბამისად ხელისუფლებამ კარგად იცის - უნივერსიტეტის სადავეები რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების წინ და ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ.

ინტერვიუ ჩაწერილია 21 ოქტომბერს