რა საკითხებზე დაიწყო მსჯელობა სამინისტრომ ახლადშემქნილ კომისიასთან ერთად

29 ოქტ 2015

სტუდენტური აქციების შედეგად შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელშიც შედიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, უკვე ორი შეხვედრა გამართა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. რა საკითხები განიხილეს პირველ სხდომებზე და რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ერთობლივი კომისიის წევრები, ამ საკითხებზე გვესაუბრება კომისიის წევრი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ბახვა კვირიკაშვილი:

- ბახვა, პირველ რიგში იქნებ გაგვაცნოთ, როგორ დაკომპლექტდა კომისია და ვინ არიან მისი წევრები?

- კომისიაში შედიან თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე, მისი თანაშემწე გიორგი გაფრინდაშვილი, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კუკულავა, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები: შალვა საბაური, გიორგი კაკაურიძე, ბექა ბექაური, ბახვა კვირიკაშვილი და ზურაბ ბერუაშვილი. კომისიაში სხვადასხვა ეტაპზე იმუშავებენ ასევე კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირები, მაგალითად, ამ სხდომაზე მოწვეული იყო თსუ-ის ენების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგზე მოვიწვევთ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ა.შ. ამ ყველაფერში ჩართულია და მედიატორის ფუნქციას ასრულებს განათლების მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე. კომისიის მუშაობაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ განათლების სამინისტროს იურისტი და ის პიროვნება, რომლისგანაც კონკრეტულ სფეროში ან გამოცდილებას გავიზიარებთ, ან კონკრეტულად რაიმე ინიციატივა ექნება ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად.

- როდის შედგა პირველი სხდომა და მიღებულია თუ არა უკვე პირველი გადაწყვეტილებები?

- კომისიამ უკვე ორი სხდომა ჩაატარა. პირველი შეხვედრა შედგა 23 ოქტომბერს. მას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ყველანაირი საქმიანობა, რომელსაც ეს ჯგუფი გასწევს, ნორმატიულად უნდა იყოს მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც გაწერილია ის მოთხოვნები და პრობლემები, რომელშიც სამინისტროს შეუძლია მედიატორის ფუნქცია იკისროს. პირველივე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველაფერი არის დამოუკიდებელი ინსტიტუტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასაწყვეტი და სამინისტრო არ აპირებს მის საქმიანობაში ჩარევას.

პირველ შეხვედრაზე ჩამოიწერა კონკრეტული პრობლემები, რომელიც დახარისხდა იმის მიხედვით, თუ რომელი შეიძლება გადაწყდეს მოკლე ვადაში და რომელია უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა. ამავე შეხვედრაზე დაითქვა, რომ მეორე სხდომაზე საუბარი იქნებოდა საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონშია და ასევე, თსუ-ის ენების ცენტრის მუშაობაზე.

გუშინ, 26 ოქტომბერს, უკვე შედგა მეორე სხდომა, რომელზეც გადმოგვეცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტები და განმარტება, თუ რატომ შედის ესა თუ ის კონკრეტული ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ არა მარტო ცვლილებებზე, არამედ იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს, მაგრამ ამ პაკეტში არ არის გათვალისწინებული. ეს შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს ლეგიტიმაცია, რომელიც უნივერსიტეტის წესდებაში არ არის გაწერილი.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პრობლემა?

- უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ აკადემიური საბჭოს კანდიდატებიდან გამარჯვებულად ითვლება უფრო მეტი ხმის მფლობელი, მაგრამ მას 2 ადამიანი მისცემს ხმას თუ მთელი აკადემიური პერსონალი, ამის დაკონკრეტება არ არის მოცემული. აქ ძალიან მარტივად შეიძლება დაისვას მისი ლეგიტიმაციის საკითხი, რადგან ის 2 ამომრჩეველი არ წარმოადგენს მთელი აკადემიური პერსონალის აზრს. სხდომაზე ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ითქვა, რომ შესაძლოა დაწესდეს ქვედა ზღვარი და ამით ლეგიტიმაციის ხარისხი აიწევს.

აქვე ითქვა აკადემიური საბჭოს არჩევნებში სტუდენტების ჩართულობის პრობლემაზეც. კერძოდ, ერთადერთი ბერკეტი, როცა სტუდენტს შეუძლია თავისი ხმა დააფიქსიროს აკადემიურ საბჭოში, არის არჩევნებში მონაწილეობა. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-20 მუხლში წერია, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც არიან საფაკულტეტო საბჭოების წევრები, მაგრამ ამ ყველაფერს უპირისპირდება აკადემიური პერსონალის სრული რაოდენობა. საბოლოოდ გამოდის, რომ სტუდენტების მონაწილეობა არჩევნებში არის კანონის დაურღვევლობა, ანუ სამართალს ვიცავთ, მაგრამ სამართლიანობის პრინციპს ვარღვევთ, რადგან სამართლიანობის პრინციპით, რეალურად, სტუდენტი მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, არანაირი აზრი არ აქვს, რადგან აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის გადამწყვეტი. ამ ყველაფერზე ჩვენი შეთავაზება იყო ასეთი - არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საფაკულტეტო საბჭოს წევრმა აკადემიურმა პერსონალმა (უნივერსიტეტის წესდებით დარეგულირებულია, რომ ფაკულტეტის საბჭოს წევრთა რაოდენობის მაქსიმალური რაოდენობაა 40, ხოლო სტუდენტების რაოდენობა უნდა იყოს სრული რაოდენობის 1/4).

უკვე სტატუსი მიენიჭათ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსაც და ესეც დასარეგულირებელია - რამდენად მოხდება მათი წარმომადგენლობების ასახვა საფაკულტეტო და აკადემიურ საბჭოებში. ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო გვიწესებს ღია ჩარჩოს - ისინი ამბობენ, რომ სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ საფაკულტეტო და აკადემიურ საბჭოებში, მაგრამ რა კვოტა ექნებათ და რა სახით ჩატარდება არჩევნები, ეს უკვე უნდა დაარეგულიროს უნივერსიტეტების წესდებებმა, რადგან განათლების სამინისტროს მკვეთრი პოზიციაა - შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო და არ ჩაერიოს უნივერსიტეტების საქმიანობაში, რადგან ნებისმიერი უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი ორგანიზმი.

რაც შეეხება ენათა ცენტრს, აქ გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები, რომლის გამოსწორებაზეც ერთობლივად დავიწყეთ ზრუნვა. სხდომაზე მოწვეული გვყავდა ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც გაგვიზიარა თავისი გამოცდილება. იქ ეს პრობლემა დონორის მეშვეობით გადაწყვიტეს - გაუშვეს ენების ცენტრის თანამშრომლები და შემოიყვანეს ორგანიზაცია, რომელმაც ენის ცოდნის დონის მიხედვით დააჯგუფა სტუდენტები და დაიწყო სწავლება, რომლის შედეგებიც ასახულია კრედიტებში. ამასთან, ეს ორგანიზაცია იძლევა ენის ცოდნის დამადასტურებელ აკადემიურ სერტიფიკატსაც. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რომ თსუ-ის ენების ცენტრის თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადები ჯერ არ გასვლიათ. ამდენად, ამ პრობლემის მოგვარება არსებული რესურსით უნდა მოხდეს. აქ კვალიფიკაციის პრობლემა არ დგას, უფრო სხვა პრობლემები გამოიკვეთა - მაგალითად ის, რომ ფაკულტეტებს არ აქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ენების სწავლებისთვის უფრო აქტიურ რეჟიმში ჩართონ ცენტრის თანამშრომლები. ამდენად, შემდეგ შეხვედრაზე ენების ცენტრი წარმოადგენს ფინანსურ აღრიცხვას, ვადებს და სხვა საკითხებს, რომელიც ენების ცენტრის მუშაობას უფრო მოქნილს და შედეგიანს გახდის. ეს აუცილებელია, რადგან თუ უნივერსიტეტს არ გააჩნია სასწავლო ლიტერატურის თარგმნის რესურსები, უნდა ავირჩიოთ მოკლე გზა - ენების სწავლა, რაც უკვე ლიტერატურის დედანში გაცნობის შესაძლებლობას მოგვცემს.

- თუ არის განსაზღვრული, მომავალი სხდომა კონკრეტულად რა პრობლემებს მიეძღვნება?

- შემდეგი შეხვედრისთვის უკვე Iთ პრობლემის განხილვაა დაგეგმილი და ბაზების მოწესრიგების გზებზეც ვიმსჯელებთ. ასევე, ვისაუბრებთ სპორტული დარბაზების უქონლობაზე და ამ პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტზე (მაგალითად, რამდენადაა შესაძლებელი უნივერსიტეტმა ისარგებლოს მაღლივ კორპუსთან მდებარე სპორტული კომპლექსის მომსახურებით). კონკრეტული შეთავაზებები და გეგმები უკვე მომავალ კვირაში გაირკვევა.