სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია და ამის მიხედვით გატარდეს რეფორმა

29 ოქტ 2015

ინტერვიუ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთან ალექსანდრე ცაგარელთან

- მას შემდეგ, რაც რექტორის პოსტზე ლადო პაპავა მოვიდა, თქვენც გამოხვედით პროტესტით და ძირეულ ცვლილებებს ითხოვდით. ზოგიერთი სხვა სტუდენტის მსგავსად გაქვთ თუ არა თქვენც ის შეგრძნება, რომ თქვენი აქციებიც უპასუხოდ დარჩა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან? სტუდენტთა ნაწილი კითხვას სვამს - რადგან ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომას არ მივმართეთ, იმიტომ არ მოგვაქცია სახელმწიფომ ყურადღება?

- ვერ ვიტყვი, რომ თავს ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობ. შარშანაც, როცა აქცია ჩატარდა, სწორედ მეორე დღეს გვქონდა შეხვედრა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან. მინისტრის მოადგილე თავადაც იყო მოსული უნივერსიტეტში, ამავე დროს, მაშინაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ოღონდ უნივერსიტეტის შიგნით. როგორც ჩანს, ჩვენც გვეგონა და სამინისტროსაც, რომ შიდა რესურსი საკმარისი აღმოჩნდებოდა ცვლილებების გასატარებლად. ჩვენც შევხვდით ერთხელ რექტორს და პრორექტორს იოსებ სალუქვაძეს, თუმცა სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მაშინ სრულფასოვნად არ დაწყებულა. რაც შეეხება იმ კომისიის სხდომას, რომელიც ამჟამად სტუდენტური თვითმმართველობის წევრებით დაკომპლექტდა და რომლის პირველი შეკრებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 23 ოქტომბერს შედგა, მეც ვიყავი დაპატიჟებული სრულიად შემთხვევით. როდესაც მინისტრი თამარ სანიკიძე 22 ოქტომბერს სტუდენტური თვითმმართველობის პროტესტანტ წევრებს უნივერსიტეტში შეხვდა, მეც ვესწრებოდი ამ შეკრებას და ქალბატონმა თამარმა მთხოვა - მივსულიყავი უკვე სამინისტროში კომისიის სხდომაზე, რადგან მეც ნამუშევარი ვარ ანალოგიურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, პროტესტის რადიკალური ზომა - შიმშილობაც გახდა ამ ეტაპზე საბაბი იმისა, რომ განათლების მინისტრი მოვიდა უნივერსიტეტში, რადგან საფრთხე დაემუქრა ადამიანების ჯანმრთელობას. მთავარია, კომისიამ იმუშაოს. მე არც ერთი იმ პუნქტის წინააღმდეგი არ ვარ, რა პუნქტებიც წარმოადგინეს კომისიის სხდომაზე. არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ სადღაც ფანჯრები გამოიცვალოს და ერთმანეთის ბარათებით არ ისარგებლონ ლექტორებმა, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოასწორებს აკადემიურ-სამეცნიერო მდგომარეობას უნივერსიტეტში. ეს ვერ იქნება განსაკუთრებული კატალიზატორი განვითარებისთვის. ამ პუნქტებში იყო ენების სწავლების გაძლიერების მოთხოვნაც, რაც კარგია ნამდვილად. მთლიანობაში საუბარი შეეხებოდა ტექნიკურ-ინფრასტრუქტურულ საკითხებს. თუ გადაწყდება ეს ტექნიკური საკითხები, წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით.

- სტუდენტთა ერთი ჯგუფი ღიად აცხადებს, რომ ,,დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს ლადო პაპავა”. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს საფუძველი იმისა, სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ასეთი აქცენტი გააკეთოს?

- რაც განათლების სამინისტროში შეხვედრები მქონდა, ვერ ვიტყვი, რომ სამინისტრო ებრძვის მას. პირიქით, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ჩაერიოს სამინისტრო შიდა საუნივერსიტეტო საქმეებში, სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია და ამის მიხედვით გატარდეს რეფორმა, რაც უნივერსიტეტში ცვლილებებს გამოიწვევს.

- ეს ჩარევა თსუ-ის ავტონომიურობის დაკარგვის პრობლემას ხომ არ შექმნის?

- არ მგონია, რომ ამით უნივერსიტეტის ავტონომიურობა იზღუდებოდეს. რაღაცა მდგომარეობა, რაც თავიდანვე არის არასამართლიანი, ამის აღმოფხვრა და გამოსწორება, ვფიქრობ, ავტონომიურობაში ჩარევას არ ნიშნავს. ანუ თუკი არსებობს კლანური მმართველობა, ხომ არ ვიტყვით, მოდი, ასე დავტოვოთ ყველაფერი და არ ჩავერიოთ უნივერსიტეტის საქმეში... როგორც ჩანს, ეს გამოსასწორებელია, რასაც შიდა საუნივერსიტეტო რესურსი არ ყოფნის, ამიტომ სამინისტრომ აქტიური ქმედებები უნდა განახორციელოს, შეიტანოს ცვლილებები ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში, რაც, თავისთავად, შეცვლის მდგომარეობას უნივერსიტეტში.

ამ შემთხვევაში ვერ ვიგრძენი, რომ სამინისტრო რექტორის წასვლაზეა ორიენტირებული. რამ გამოიწვია სტუდენტური თვითმმართველობის ასე უცებ გააქტიურება, ეგ საკითხავია და ცოტა უცნაური, მაგრამ, არ მგონია, რომ ამის უკან განათლების სამინისტრო იდგეს.

- შენი აზრით, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი არ აძლევს რექტორს იმის უფლებას და საშუალებას, რომ ახალი აკადემიური კონკურსები გამოაცხადოს და სრული რეორგანიზაცია დაიწყოს უნივერსიტეტში, გამოსავალი რა არის?

- ეს კანონი, რა თქმა უნდა, შესაცვლელია, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო რექტორის ხელმძღვანელობით მიიღებს რეორგანიზაციის დაწყების გადაწყვეტილებას და შეცვლის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს, რაზეც საუბარი იყო ჯერ კიდევ შარშან, მაშინ შესაძლებელია, არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ამ მიმართულებით სამინისტრომაც და უნივერსიტეტმაც საერთო ძალისხმევით უნდა იმუშაონ.

ვფიქრობ, აუცილებელია უფრო ფართო პლატფორმა შეიქმნას უნივერსიტეტის ეგიდით თუ სამინისტროსი, რომელიც ერთიანად მიუდგება საკითხებს და არა ცალ-ცალკე. ასეთი პლატფორმა აუცილებელია, წამოყენებულ საკითხებს კი მეტი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთლიანად პროგრესული საუნივერსიტეტო საზოგადოებიდან. ბევრი რამეა გამოსასწორებელი და ამას სრულფასოვანი ცვლილებები სჭირდება თვითმმართველობის სტრუქტურიდან დაწყებული, აკადემიური ხარისხის კონტროლით და სახელმწიფოდან განათლების დაფინანსებით დამთავრებული.