„სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ“ - მიმართვა

29 ოქტ 2015

წლების განმავლობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია უცვლელია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცვლილების მიუხედავად, არსებობას განაგრძობს კორუმპირებული, ელიტური და კლანური სისტემა. ეს სისტემა სტუდენტების მიერ მობილიზებულ რესურსებს არამიზნობრივად იყენებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შედეგად, სტუდენტის სოციალური რეალობიდან გამომდინარე მაღალი სწავლის საფასურის გადახდის მიუხედავად, უნივერსიტეტი უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: განადგურებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, სასწავლებელში არ მიმდინარეობს სრულფასოვანი აკადემიური პროცესი, მოსაგვარებელია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას საუნივერსიტეტო ტერიტორიების პრივატიზაციის ხარჯზე ცდილობს. არ არსებობს ქართულ ენაზე შექმნილი კლასიკური და ანთოლოგიური ლიტერატურა და ა.შ.

ამავე სისტემის ნაწილია სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ილუზორული წარმომადგენლობითი ორგანოა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მათთვის გაცემულ თანხას, საერთო სიკეთის შექმნის ნაცვლად, საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის და სტუდენტებს შორის კონფორმიზმის, შემგუებლობის გაძლიერებისთვის იყენებს. ისინი ამკვიდრებენ შეხედულებას, რომ მნიშვნელოვანი სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია გასართობი ღონისძიებების ორგანიზება უნდა იყოს, რაც აქრობს კრიტიკულობას და აყალიბებს სოციალურ ნიჰილიზმს, სტუდენტი ყალიბდება პასიურ დამკვირვებლად საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

უკანასკნელ პერიოდში, თვითმმართველობამ გადაწყვიტა პოლიტიკა შეეცვალა. სტუდენტთა ნაწილს ეჭვი ეპარება თვითმმართველობის ელიტური ნაწილის გულწრფელობაში. როგორც ქვეყანაში, ასევე უნივერსიტეტში, მოახლოებულია არჩევნები. შესაბამისად, ისინი გრძნობენ საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. პრობლემები, რომლებიც მათთვის წლების განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, მოულოდნელად, მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ხოლო ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მართულ ინდივიდებად გამოაცხადეს. ამასთანავე, მათ ძირითადი აქცენტი დასვეს არა სისტემურ ცვლილებებზე, არამედ კონკრეტული პერსონის, რექტორის გადადგომაზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე განათლების პოლიტიკაში, ფუნდამენტური გარდაქმნებია განსახორციელებელი. რექტორთა ცვალებადობამ სისტემას ვერაფერი დააკლო. ჩვენ, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტისგან (სტუდ. თვითმმართველობისგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორატისგან, განათლების სამინისტროსა და პარლამენტისგან) მოვითხოვთ:

1) სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები;

2) წლის ბოლომდე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისტემური გარდაქმნის მიმართულებით - განისაზღვროს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ზუსტი ფუნქცია. თანამდებობები დატოვონ საშუალო და მაღალი რგოლის თანამდებობის პირებმა, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას;

3) საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში დაუყონებლივ დაიწყოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილება, რომელიც გააუმჯობესებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის დემოკრატიული პრინციპების მიხედვით მართვას;

4) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვითხოვთ უნივერსიტეტისათვის ბაზური დაფინანსების გამოყოფას;

5) მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული სადავო ობიექტების უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას საერთო საცხოვრებლებისა და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო სივრცეების მოსაწყობად.

ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ჯგუფთან, მათ შორის, სტუდენტურ თვითმმართველობასთან, თუ ისინი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების პრინციპებს სრულად გაიზიარებენ. პრივილეგიების დათმობისა და პრობლემების პერსონიფიცირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს შორის შესაძლებელია საერთო საქმისთვის სასარგებლო კომუნიკაციის დაწყება.

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციას მოძრაობის - „სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ“ - წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვა მოაწოდეს, რასაც უცვლელად ვბეჭდავთ.