თუ ხელშემწყობად მოგვევლინება სახელმწიფო, ეს არ ნიშნავს ავტონომიურობის შელახვას

29 ოქტ 2015

ბლიც-ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველთან რამაზ საყვარელიძესთან

- რას ურჩევდით სამინისტროს მოცემულ სიტუაციაში?

- უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს შეიძლება უფრო რთული მიზეზები ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ საუნივერსიტეტო პრობლემატიკაა. ამას ნუ შევყვებით ახლა. ფაქტია, რომ არის პრობლემები, რომლებზედაც პრაქტიკულად უკვე რამდენიმე წელია საუბრობს სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფი.

ამინისტროს ვურჩევდი, რომ ის ჯგუფიც, რომელიც აქამდეც აყენებდა პრობლემებს, ჩართოს კომისიაში და მხოლოდ მოშიმშილეებთან მუშაობა ნუ იქნება პრიორიტეტი. საღი აზრი შეიძლება იმ სტუდენტებშიც იყოს, რომლებიც ამ დღეებში არ შიმშილობდნენ. სოციალურად აქტიური მხოლოდ ის არ არის, ვინც რადიკალურ პოზიციებს იკავებს. ასე რომ, კომისიის გაფართოება, ჩემი აზრით, სასურველია. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ჯერ შემუშავდეს სტრატეგია და სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში კი სამინისტრომ, ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე უნივერსიტეტთან ერთად იზრუნოს მის განხორციელებაზე, მიზანშეწონილია, რადგან ბევრი პრობლემა, რომელიც უნივერსიტეტს აქვს, თავად უნივერსიტეტის ძალებით, ფაქტია, რომ ვერ წყდება. სახელმწიფოს, ანუ სამინისტროს დახმარება, როგორც ჩანს, სასურველი არის პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტისთვის.

- ამით ხომ არ იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომიურობა?

- ამ ჩარევას ავტონომიურობის შელახვას ვერ დავარქმევდი, რადგან თავის ბედ-იღბალს, ამ შემთხვევაშიც, უნივერსიტეტი წყვეტს. საკითხი უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან დაისვა. თუ ხელშემწყობად მოგვევლინება სახელმწიფო, ეს არ ნიშნავს ავტონომიურობის შელახვას, რადგან გადაწყვეტილებებს იმაზე - ვინ იყოს უნივერსიტეტის სათავეში, იღებს თავად უნივერსიტეტი - ეს არის ავტონომიურობის ძირითადი გამოხატულება.