ადმინისტრაციის რეორგანიზების საკითხი მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია

29 ოქტ 2015

ინტერვიუ თსუ-ის ვიცე-რექტორთან იოსებ სალუქვაძესთან
- უნივერსიტეტში ჩატარებული სტუდენტური აქციების ფონზე დღის წესრიგში დადგა სტუდენტთა მომსახურების სამსახურების რეორგანიზაციის საკითხი. გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით გარკვეული გეგმა და რას მოიცავს ის?

- ამ საკითხებს მთლიანად ვერ მოვიცავ, რადგან მათი მხოლოდ ნაწილი შედის ჩემს კომპეტენციაში. არსებობს ბრძანება სტუდენტთა მომსახურების განყოფილების რეორგანიზაციის შესახებ. ამ ბრძანების საფუძველზე არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ჯგუფის წევრებთან, ხოლო ხვალ, 27 ოქტომბერს უკვე ვხვდები სტუდენტებს, რომ მოვისმინოთ მათი პოზიციები და ერთად შევიმუშაოთ გარკვეული გზები პრობლემების გადასაწყვეტად და მომსახურების გასაუმჯობესებლად. ვფიქრობთ, რომ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ უკვე გამოიკვეთება წინადადებები, რომელსაც სამუშაო ჯგუფს შევთავაზებთ. გადაწყვეტილებების მისაღებად ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს – 5 დეკემბრამდე უნდა მოვრჩეთ ამ სამუშაოებს, რომ ძირითად ფორმატზე შევჯერდეთ.

ჩემი აზრით, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ისინი ამ პროცესებში მონაწილეობენ. დღეს ეს განცდა მათ არ აქვთ და როცა ეს არ არის და არსებობს ობიექტური პრობლემები, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია. სტუდენტების წადილი სრულიად გასაგებია - მათ უნდათ, რომ კონცენტრაცია გააკეთონ იმაზე, რისთვისაც უნივერსიტეტში მოვიდნენ – ეს არის სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და თავიანთი კარიერის გაგრძელება. როცა მათ მენეჯმენტის ან ადმინისტრაციული პროცედურების გამო ექმნებათ პრობლემა, ცხადია, უჩნდებათ პროტესტის განცდა. ამდენად, ჩვენ ვაპირებთ, ყველა ამ პროცესში ჩავაბათ სტუდენტები (ნაწილობრივ აქამდეც ასე იყო) და ერთად მოვაგვაროთ ყველა სირთულე.

- სტუდენტების მოთხოვნებში ასევე გამოკვეთილი იყო უკმაყოფილება საქმის წარმოების გადამეტებულ ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ მექანიზმზე და ისინი საქმის ელექტრონულ წარმოებაზე გადასვლას ითხოვდნენ. რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ თუნდაც შიდა წარმოება მოხდეს ელექტრონულად?

- როგორც ვფლობ ინფორმაციას, აქამდეც დაწყებული იყო ამგვარი საქმის წარმოებაზე საუბარი, თუმცა ჯერ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. გარკვეულწილად, მეც ვეთანხმები იმას, რომ დიდი დრო იხარჯება ქაღალდების ტრიალში და არა მარტო სტუდენტების, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც უნდა არსებობდეს ერთი ფანჯრის პრინციპი, რისთვისაც არსებობს ელექტრონული ფორმატი, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არსებობს ობიექტური სირთულეები, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მაინც გარდაუვალია და უნივერსიტეტი აქამდე, რაც შეიძლება, მალე უნდა მივიდეს, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ცუდი მართვა ელექტრონული საქმის წარმოებაშიც შეიძლება არსებობდეს. ამიტომ აქ უნდა გამოიკვეთოს ვინ რაზეა პასუხისმგებელი - ანუ, კონკრეტული პასუხის გამცემი კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ელექტრონული ფორმატი თავისთვის იქნება და პრობლემები მოუგვარებელი დარჩება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი რამის შესაბამისობაზეა აქ საუბარი და ეს უნდა გადაწყდეს, რაც შეიძლება, მოკლე დროში, თუმცა ვერც იმაზე დავხუჭავთ თვალს, რომ უნივერსიტეტის მატერიალური მდგომარეობა ბევრ რამეშია ხელისშემშლელი. ამის გამო უნივერსიტეტი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს - იგივე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების რემონტს და ა.შ.

- სტუდენტები ასევე აცხადებდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციის რეორგანიზაცია. რა იგეგმება ამ თვალსაზრისით?

- მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ნაკლებად მეხება, ვიცი, რომ ადმინისტრაციის რეორგანიზაცია მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია. არ ვიცი, ეს რა ფორმით მოხდება, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს ისეთი სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც გამორიცხავს ამ პრობლემების არსებობას. ეს რამდენად მოხდება მხოლოდ ჩვენი ძალებით, ესეც გასარკვევია, შესაძლებელია დახმარება და სხვა უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებაც დაგვჭირდეს.

კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ, ზოგადად, ამგვარი რეფორმირება აუცილებელია და ჩადებულიცაა უნივერსიტეტის უახლოეს გეგმებში, თუმცა ჯერ მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიგვიღია. პირადად ჩემი სამსახური ახლა ორიენტირებულია აკადემიური პერსონალისადმი მინიმალური მოთხოვნების და სამსახურში მიღების წესის შემუშავებაზე, რასაც, იმედია, წლის ბოლომდე დავასრულებთ.