ქეთევან ჭკუასელი: უნივერსიტეტი გულსაბნევივით უნდა დაიბნიონ და ყველგან იამაყონ, რომ აქ მუშაობენ

23 ნოე 2019

პედაგოგების ოჯახში გაიზარდა, თუმცა მასწავლებლობა მისი მიზანი არასოდეს ყოფილა - ქიმიის მეცნიერებებით იყო დაინტერესებული და ჩააბარა კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე... ახლა ამბობს, რომ თუ დღეს პედაგოგიკაში მოღვაწეობს და მთელი თავისი ცხოვრება მომავალი თაობის განათლებას მიუძღვნა, ეს ღვთის ნება იყო, რადგან ლაბორატორიაში მუშაობის დროს ისე მოიწამლა, სამუდამოდ აეკრძალა ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება და ცდებზე მუშაობა. 
დღეს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ჭკუასელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელია.

პირველი გაკვეთილი

„ოჯახში ქიმიკოსი არავინ გვყოლია, ძირითადად ჰუმანიტარები იყვნენ. რადგანაც ოქროსმედალოსანი გახლდით და ყველა საგანს თანაბრად ვფლობდი, მინდოდა მათემატიკურზე ან ქართულ ფილოლოგიაზე ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ ქიმიის ბუმი იყო, ყველა კარგი მოსწავლე ქიმიურზე აბარებდა და მამამ, რომელიც ქიმიკოსებს უკითხავდა ლექციას უნივერსიტეტში, ეს სპეციალობა მირჩია. ასე გადავწყვიტე ქიმიკოსობა. ჩემს კურსზე მხოლოდ მედალოსნები მოხვდნენ. ძალიან ძლიერი კურსი მყავდა, მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ მე მაინც არ ვიყავი კმაყოფილი - ყველაფერს ვსწავლობდი, ქიმიის გარდა და ზერელედ ვეკიდებოდი ამ საგანს. ალბათ იმიტომაც მოვიწამლე, რომ ლაბორატორიაში მუშაობაც არ ვიცოდი, გულით არ ვმუშაობდი და წესებს არ ვიცავდი. იმ საბედისწერო მოწამვლის შემდეგ ერთი გზა მრჩებოდა - პედაგოგობა, რითაც დავიწყე კიდეც ჩემი ბიოგრაფია და რაშიც ქიმია ძალიან დამეხმარა“, - ასე იხსენებს ქალბატონი ქეთევანი პირველ წლებს და იმ გაკვეთილზე გვესაუბრება, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი მომავალი: „უნივერსიტეტში პრაქტიკა სერიოზულად ტარდებოდა. სწავლა წყდებოდა და სკოლებში მივდიოდით, სადაც დილიდან საღამომდე ვმუშაობდით - ნამდვილ პრაქტიკას გავდიოდით. პირველი გაკვეთილი 42-ე სკოლის მე-9 კლასში ჩავატარე. მახსოვს, როგორ ვღელავდი - შეშინებული ვიდექი კლასის წინაშე, მაგრამ, ალბათ, ოჯახიდან გამოყოლილმა მასწავლებლობის ფენომენმაც იმოქმედა და ძალიან კარგი გაკვეთილი გამოვიდა, იმდენად კარგი, რომ მკაცრი შემფასებელი, არაჩვეულებრივი პედაგოგი ქეთევან ტუსკიაც მოიხიბლა. იქ ოთხი გაკვეთილი ჩავატარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თუმცა, პირველი შიში მახსოვს“, - გვიამბობს იგი.
შემდეგ იყო უკვე ნამდვილი გაკვეთილები. 22 წლის ახალგაზრდამ მოახერხა და მოსწავლეთა ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა. ახლა ამბობს, რომ კმაყოფილია განვლილი გზით - იყო სკოლის მასწავლებელიც, მეთოდისტიც, სამმართველოს უფროსის მოადგილეც - ყველა ამ სტრუქტურამ თავისი კვალი დატოვა და თუ დღეს კარგად გრძნობს - რა სჭირდება განათლების სისტემას, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პირდაპირ უნივერსიტეტის აუდიტორიიდან არ დაუწყია საქმიანობა.

პედაგოგიკა გასწავლის, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს სტუდენტთან

სკოლა იმდენად შეუყვარდა, რომ მისი მიტოვება არც უფიქრია, ისე ჩააბარა ასპირანტურაში. ახლა ამბობს, რომ რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ იმდენად მოეწონა პედაგოგობა, ისე ააწყო ურთიერთობები მოსწავლეებთან, რომ მყარად გადაწყვიტა - ოჯახის ტრადიციებს გაჰყოლოდა და თავისი წვლილი შეეტანა განათლების მეცნიერებებში. „იცით ალბათ, რომ დიმიტრი უზნაძეს აქვს სერიოზული ნაშრომები პედაგოგიკაში. ის ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას, როგორც მცირე ერს, არ აქვს უფლება, რომ მხოლოდ მასობრივი განათლება ჰქონდეს - მისი განათლება უნდა იყოს „მასობრივი და ელიტარული“, ანუ ყველამ უნდა ისწავლოს და უნდა ისწავლოს კარგად - ელიტარულად. აი, ესაა ჩემი ამოსავალი წერტილიც - ამდენი წელია, უნივერსიტეტის მასწავლებელი ვარ და არ მინახავს ნაკლებად ნიჭიერი ქართველი ბავშვი. ეს გენეტიკური ნიჭია და რატომ უნდა დავკარგოთ?” - გვეუბნება ქალბატონი ქეთევანი და ამით უკვე ნათელი ხდება, რომ მისი ძალისხმევა - ყველა სტუდენტს ერთნაირად შეუწყოს ხელი ხარისხიანი განათლების მიღებაში, სწორედ უზნაძისეულ თეორიას მიჰყვება, მას ეყრდნობა.
კითხვაზე, თუ რით იყო ადრინდელი უნივერსიტეტი გამორჩეული, რა ჰქონდა მას ისეთი, რაც ახლა აღარ აქვს, გვპასუხობს, რომ ადრე აქ თანამშრომლობის, კოლეგიალობის, ერთი საქმის ერთად კეთების სურვილი იგრძნობოდა და ყველა ერთად ისწრაფვოდა განათლების დონის ამაღლებისა და სტუდენტის ხელშეწყობისთვის: „აქ რაც იყო, ის აღარ არის. 53 წელია, რაც ვმუშაობ, უფრო ადრე გავხდი სტუდენტი და მეორე კორპუსში რომ შემოვიდოდი, თითქოს ჩემი სახლი იყო, სახლზე უკეთესიც. შემდეგ იყო ურთიერთობა თანამშრომლებთან არა მარტო კათედრაზე, სხვებთანაც. რაღაც ერთიანი სივრცე და ჰაერი იყო - ერთიანი სუნთქვა, რომელიც 2006 წელს დაინგრა. ყველაზე დიდი ნაკლი, რაც დღეს უნივერსიტეტს აქვს, არის ის, რომ უნივერსიტეტის პროფესორი რამდენიმე ადგილას მუშაობს და ახალგაზრდებს ვერ ვამაგრებთ. ვინც გავზარდე, ყველა სხვადასხვა ადგილებში მუშაობს, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს. არადა, სასწავლო დაწესებულებას არ უყვარს სხვაგან მოსიარულე ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და რაღაცნაირად ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ ახალგაზრდებს, რომ აქ დამაგრდნენ - ერთ ადგილზე. ჩემს ინსტიტუტში ეს მოვახერხე. ყოველთვის ვეუბნები მათ - რომ უნივერსიტეტი გულსაბნევივით უნდა დაიბნიონ და ყველგან იამაყონ, რომ აქ მუშაობენ, რადგან საბოლოოდ მაინც ამ უნივერსიტეტით შოულობენ სხვა სამსახურს. ჩვენმა უნივერსიტეტმა შეინარჩუნა კლასიკური ფუნდამენტი და ცდილობს, რომ ამაზე დააშენოს მომავალი. არ შეიძლება ამის დაკარგვა“, - ამბობს ქალბატონი ქეთევანი.

რა სჭირდება განათლების სისტემას?

„ეს ურთულესი თემაა და, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ნება, რომელიც არ ჩანს“, - ქალბატონი ქეთევანი ათეულობით წლების ნაფიქრს გვიზიარებს: „გარდა ნებისა, მთავარი, რაც ამ სისტემას აკლია, არის კლასიკური დიდაქტიკური ჯაჭვი, რომლის პირველი კითხვა არის მიზანი - ვინ გვინდა, რომ აღვზარდოთ? თუ მიზანი არ გამოიკვეთა, არაფერი გამოვა. იაკობ გოგებაშვილს ძალიან მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული, რა სურდა იმ თაობას - აღეზარდათ ახალი ტიპის ქართველი, ანუ ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის საჭიროებას დაინახავდა და იზრუნებდა. დღეს ეს არ ვიცით. შემდეგ მოდის შინაარსი - რა საგნები უნდა ასწავლო სკოლაში. მესამე და უსერიოზულესი საკითხია, თუ როგორ უნდა ასწავლო. ეს ის თემაა, რომელზე პასუხსაც ვერაფრით გადმოიტან უცხო ქვეყნიდან. ის ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს - მოიცავს პრინციპებს, მოიცავს მეთოდებს, შეფასებას - როგორია ქართველი ბავშვის ბუნება და როგორ გამოიწვევ ამ ბავშვის მოტივაციას. და ბოლოს, ვინ უნდა იყოს მასწავლებელი? სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში - ჩვენს სახელმწიფოს მასწავლებლისთვის არაფერი გაუკეთებია 25 წლის განმავლობაში. თუ გაკეთებას ორდღიანი ტრენინგების ჩატარებას ეძახიან და ამ ორ დღეში უნდათ ახალი სისტემა დაანახონ პედაგოგს, ეს არ არის ნება. საინტერესოა, ვინმემ დათვალა, აი, ახლა სად ვართ? ბავშვი რა დონეზეა? პედაგოგი? გამოცდის ჩაბარებას რომ ვთხოვთ, რამე ვასწავლეთ მასწავლებელს? მხოლოდ კვლევების შედეგები ხომ არ არის? ანაც - დავუშვათ, ვენდობი იმ საერთაშორისო კვლევებს, რომელიც მაჩვენებს, სად ვართ, მერე რა გავაკეთე, რომ წინ წავიწიო? ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეისწავლა ეს კვლევები, მერე დაჯდა, იფიქრა და გააუმჯობესა მდგომარეობა. ჩვენ? ვიფიქრეთ? გვაქვს ეს კლასიკური პედაგოგიკა, რასაც უნდა დაეყრდნო და გაათანამედროვო, ოღონდ ის ჯაჭვი არ უნდა დაკარგო, რაც კლასიკურ ფუნდამენტთან გაკავშირებს. ხე მარადიულია, ფოთლები კი ახალ-ახალი ამოდის. განათლებაც ასეა - მთავარ ღერძს უნდა მიაშენო სიახლეები. 21-ე საუკუნეში ქრება ცოდნის სტატუსი და ინფორმაციამდე დადის. ეს უკანასკნელი კი ცოდნა ვერასდროს იქნება. ცოდნა სხვა რამეა. იმ რაღაც უნარებს, რაც ადამიანში უნდა განვითარდეს, სწორედაც რომ ცოდნა იძლევა და არა ინფორმაცია“.

პედაგოგიკა და უნივერსიტეტი

უნივერსიტეტში პედაგოგიკის ინსტიტუტი დაარსების დღიდან - 1919 წლიდან არსებობს. უამრავი პერიპეტიის გავლის შემდეგ კი, 1933 წლიდან, ფუნქციონირება დაიწყო პედაგოგიკის კათედრამ, რომელიც ყველა ფაკულტეტს ცალ-ცალკე ემსახურებოდა და მასწავლებლებს ზრდიდა. 1960-იანი წლებიდან ქალბატონი ქეთევანიც ჩაერთო ამ პროცესში და სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ქიმიკოსებთან, ფილოსოფოსებთან და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან. 1990-იან წლებში, რადგან ქვეყანაში ძალიან დიდი არეულობა იყო და უნივერსიტეტისთვის არავის ეცალა, უნივერსიტეტის საზოგადოებამ ამ თავისუფლებით ისარგებლა - მაშინ ძალიან ბევრი თანამედროვე პროგრამა შექმნა. მაგალითად, ვიდრე ბოლონიის პროცესს შევუერთდებოდით, პედაგოგიკის მიმართულებაზე შეიქმნა სამაგისტრო პროგრამები, ანუ მოთელვა - თუ როგორია საგანმანათლებლო სისტემა ქვეყნის გარეთ, უკვე გავლილი იყო. 2001 წელს ქეთევან ჭკუასელმა გახსნა რადიკალურად განსხვავებული მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ეს იყო 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც ან ძირითადი სპეციალობის პარალელურად, ან შემდეგ ასწავლიდა პედაგოგობის მსურველთ. ეს იყო ევროპული მოდელის შესაბამისი სწავლება. „წარმოიდგინეთ, რომ ეს ინიციატივა და პროგრამა დიდმა საბჭომ მიიღო. ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, აგვეხსნა, რომ ყველა არ უნდა გახდეს მასწავლებელი და ეს უნდა იყოს არჩევითი. გავიტანეთ ეს 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც 2001 წლიდან არსებობდა უნივერსიტეტში და აბსოლუტურად თანამედროვე პროგრამა გახლდათ“, - ამბობს ქალბატონი ქეთევანი და იხსენებს, რომ დღეს უფრო მეტი წარმატება ექნებოდათ, რომ არა ავადსახსენებელი 2006 წელი...
„ჩემს მიმართულებაზე 12 შტატიდან 4 დატოვეს - ერთი სრული და სამი ასოცირებული პროფესორი. ამ ოთხი საშტატო ერთეულით უნდა აგვეშენებინა ახალი კათედრა. მაშინ დაიწყო ახალი პროგრამების წერის პროცესიც და ეს რესურსი არ იყო საკმარისი ამისთვის. ვერც გაბედავდი მაშინ გეთქვა, რომ შტატი გჭირდება. ამავე პერიოდში შეგვაერთეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან, რომლის დეკანი გახლდათ დარეჯან თვალთვაძე. ფაკულტეტის ქუდქვეშ 27 მიმართულებაა გაერთიანებული და მისი მენეჯმენტი ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა დარეჯანმა ზუსტად გათვალა, რა სჭირდებოდა მიმართულებას. მე არც დამჭირდა თქმა, დამიძახა და მითხრა, შტატი უნდა დაგიმატოო. ასე შევივსეთ კიდევ ოთხი თანამშრომლით“, - გვიყვება ქალბატონი ქეთევანი და დასძენს: „ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი ადმინისტრაციის და პირადად ყველა რექტორის თანადგომას იმ დიდი და რთული საქმის განხორციელებაში, რასაც მასწავლებლის მომზადება ჰქვია. ეს უნივერსიტეტს ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდა. ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2014 წელს ბატონ ლადო პაპავას ინიციატივით მოხდა ახალი ფაკულტეტის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნა, რამაც განათლების მიმართულების განვითარების აქცენტირებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამ ორი მიმართულების გაერთიანება უდავოდ მნიშვნელოვანი მომენტია დარგის განვითარების თვალსაზრისით“.
დღეს ამ საშტატო ერთეულებზე ქეთევან ჭკუასელის სტუდენტები მუშაობენ, ასევე მისი მოწაფეა მოწვეული ლექტორების უმრავლესობა. „მადლობა უფალს, რომ ბევრი სტუდენტი გვყავს მიმართულებაზე და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ბევრიდან ისეთები ამოარჩიო, რომლებიც აქ საქმიანობას გააგრძელებენ. მე არცერთ საკითხს არ ვწყვეტ ერთპიროვნულად, ყველაფერი ერთობლივი მსჯელობის და გადაწყვეტილების შედეგია. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებებში არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდულ აზრს. ისინი თავის ზურგზე გრძნობენ, თუ რა პრობლემები აქვს სკოლას და რა უნდა გამოსწორდეს მომავლისთვის“, - გვიყვება იგი.
დღეს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების მიმართულებით მოქმედებს 2 სამაგისტრო და 1 სადოქტორო პროგრამა, ასევე მუშაობს 300-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა, 60-კრედიტიანი მაინორ პროგრამა და 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა ზრდასრულთათვის, რომლებიც მომავალ პედაგოგებს უზრდის ქვეყანას. ამ ყველაფრის შემოქმედი კი ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი და მისი გუნდია. ეს ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სათანადოდ დააფასა და სულ ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.

„გულწრფელობა ადამიანურ ურთიერთობებში არსებითი მგონია“

თავისუფალი დრო არ აქვს, მაგრამ ახლობლებისა და მეგობრებისთვის მაინც გამოძებნის ხოლმე დღეებს. უყვარს მუსიკა და თუ რამეზე წუხს, ისაა, რომ სიმღერა არ იცის: „მოცარტი მიყვარს. წყაროსავით არის - ძალიან მაწყნარებს. სახლში ფირფიტების ძალიან დიდი კოლექცია მაქვს. სტიპენდიას რომ ავიღებდი, პირველი, რასაც ვყიდულობდი, ფირფიტა იყო. პეკინის ქუჩაზე ერთი მაღაზია იდგა - „მელოდია“ და მისი ხშირი სტუმარი გახლდით. მერე, როცა ტელეფონით ან კომპიუტერით დავიწყე მუსიკის მოსმენა, მივხვდი, რომ ეს ცა და დედამიწაა. ვერც ვუსმენდი თავიდან, ახლა უკვე მივეჩვიე“.

* * *
უნივერსიტეტის III კორპუსში შემოხვალთ თუ არა, განსაკუთრებულ გარემოში აღმოჩნდებით - აქ დეკანი, მიმართულების ხელმძღვანელი და ლექტორი თანამდებობის პირები კი არა, სტუდენტთა მომსახურებისთვის მოტივირებული ადამიანები არიან. ამ გარემოში კი განათლების მეცნიერებების მიმართულება თვალშისაცემად გამორჩეულია - აქ მუდმივად ტრიალებენ ახალგაზრდები, ქალბატონი ქეთევანის აღზრდილები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მის გზას. „ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. მადლიერი ვარ ჩემი თანამშრომლების და ამ ბავშვების, რომლებიც მე მოვიყვანე, მათით მიდგას სული. რაღაც ახალგაზრდული მუხტი შემოაქვთ, სიახლეზე არიან ორიენტირებული და თან ინარჩუნებენ იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენ გადავეცით. დიდი იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტის სასახელო გზას გააგრძელებენ“, - გვეუბნება ქალბატონი ქეთევანი და კითხვაზე, რამეს ხომ არ შეცვლიდა თავის ცხოვრებაში, გვპასუხობს: „ალბათ, ისევ ისე ვიცხოვრებდი. ღირებულებათა სისტემაში, რასაც დააყენებ წინა პლანზე, ისაა მთავარი და მე ადამიანურ ურთიერთობებს ვამჯობინებ. უკვე იმდენი წლის ვარ, რომ კარგად მესმის, ვის ვიხსენებ და ვინ არ დამავიწყდება. გულწრფელობა ადამიანურ ურთიერთობებში არსებითი მგონია“...