რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაცია“

24 ნოე 2019

25 ოქტომბერს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ I და II ტომების გადამუშავებული და გავრცობილი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავად მეცნიერი უძღვებოდა. „ბერძნული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და ძველი სამყაროს კულტურებით დაინტერესებული მკითხველისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბერძნული ცივილიზაციის“ პირველი ტომი ჯერ კიდევ 1988 წელს გამოვიდა, II ტომი კი - 1997 წელს.
„მოგეხსენებათ, ეს წიგნები საკმაოდ მძიმე დროს გამოიცა, როდესაც საქართველოში არეულობა დაიწყო. პირველი ტომი დიდი ტირაჟით გამოვიდა, მეორე ტომის გამოცემას ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი უძღვოდა წინ, ამიტომ ვერ მოვახერხე მისი ბოლომდე მიყვანა, რომელიც 500 ეგზემპლარი გამოვიდა. ახლად გამოცემულ ტომში 3 თავია დამატებული: „ისტორიის უკვდავება“, „სიტყვის ძალა“ და „ფილოსოფიის ტრიუმფი“ - ამით, ფაქტობრივად, ამოიწურა ჩემი სათქმელი კლასიკური ეპოქის ელინურ კულტურაზე. მეორე გამოცემაში ანტიკური სახელების გადმოცემისას ვისარგებლე ქართულ კლასიკურ ფილოლოგიაში ამჟამად მიღებული წესებით. სამომავლოდ, ჩემი სურვილია, კიდევ სამი წიგნი გამოიცეს - ბერძნული ცივილიზაცია – გვიანანტიკურობამდე, ეტრუსკული კულტურა და რომაული ცივილიზაცია. ამჟამად ჩემს მეუღლესთან ერთად მესამე ტომზე ვმუშაობ, რომლის დასრულების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება არაბერძნულ ენაზე ყველაზე დიდი ბერძნული ცივილიზაციის ისტორია. ჩემი აზრით, ამ ორტომეულის გაცნობის შემდეგ მკითხველი მიიღებს მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას ბერძნული კულტურისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
„წიგნის გამოცემა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ითავა. მადლობა მინდა გადავუხადო წიგნის რედაქტორს მარიამ გოჩიტაშვილს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დოქტორანტს ეკატერინე კვირკველიას ნაშრომის გამოსაცემად მომზადებისა და ილუსტრაციების მოძიების საქმეში გაწეული დახმარებისათვის, ასევე, ჩემს მოსწავლეს ბექა კვირკველიას და სოფიო შამანიდს, რომლებიც მომდევნო ტომებზე მუშაობისას დამეხმარებიან“, - აღნიშნა რისმაგ გორდეზიანმა.
როგორც პრეზენტაციაზე მეცნიერმა თქვა, ანტიკური ეპოქა იმითაც არის საინტერესო, რომ დაინახოს საზოგადოებამ, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთმმართველობას და რა კრიზისამდე შეიძლება მივიდეს ასეთ დროს საზოგადოება. „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკოსები დასხდებიან და დღე და ღამეს გაათენებენ ამ წიგნების კითხვაში, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ბევრ თავის სასარგებლოს ნახავს ამ წიგნში“, - განაცხადა რისმაგ გორდეზიანმა.