რა ხელშეწყობა აქვს პალიატიურ მზრუნველობას საქართველოში?

15 ოქტ 2019

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე პალიატიური მზრუნველობის დამკვიდრების ხელშეწყობას მიეძღვნა „პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (ემა) გენერალური ასამბლეას ფარგლებში თბილისში 21-25 ოქტომბერს გაიმართა. სიმპოზიუმს, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსდა, 22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 
სიმპოზიუმზე პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე მსჯელობდნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, დარგის ფუძემდებლები და სპეციალისტები.
თემატიკა, რომელსაც მეცნიერთა მოხსენებები შეეხებოდა, მოიცავდა პალიატიური მზრუნველობის ფილოსოფიას და მნიშვნელობას, ძნელად მართვად ტკივილთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბავშვთა პალიატიურ მზრუნველობას, ავადმყოფთა უფლებებს, ამ დარგში სამედიცინო პერსონალის დახელოვნებას, განათლებას, დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას სისტემის მიმართ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა პალიატიურ მზრუნველობასაც მოიცავს. რა არის პალიატიური მზრუნველობა? საქართველოს კანონმდებლობაში პალიატიური მზრუნველობა შემდეგნაირადაა განმარტებული: „აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“.
ჯანმრთელობის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა სამ ჯგუფად იყოფა: ჯანმრთელები, განკურნებადი ავადმყოფები და ადამიანები, რომელთა განკურნებაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემაც სამი მიმართულებით ვითარდება: პრევენციული, სამკურნალო და პალიატიური. პალიატიური მზრუნველობა ქრონიკულად დაავადებულებისთვის, შიდსით, ძვალ-კუნთოვანი დაავადებებით, პარკინსონის და ა.შ. დაავადებებით შეპყრობილი ადამიანებისთვის არის გამიზნული.
„არ შეიძლება ადამიანი ბოლომდე არ იყოს საზოგადოების ღირსეული წევრი - ეს არის პალიატიური მზრუნველობის ფილოსოფია“ - მიაჩნია პროფესორ დიმიტრი კორძაიას, რომელსაც პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობა ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა კარგად გააზრებული. მაშინ საქართველოში უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანებისა და მათი ოჯახების დახმარებაზე არავინ ფიქრობდა. დიმიტრი კორძაიამ კი სწორედ მაშინ საქართველოში პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია დააფუძნა. იგი შეიძლება საქართველოში ამ მიმართულების ერთერთ ფუძემდებლადაც მივიჩნიოთ. 
მთელ მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღე 13 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა ამ დღის აღნიშვნა და პალიატიური მზრუნველობის თემასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემაზე მსჯელობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.


პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე პალიატიური მზრუნველობის დამკვიდრების ხელშეწყობას მიეძღვნა „პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (ემა) გენერალური ასამბლეას ფარგლებში თბილისში 21-25 ოქტომბერს გაიმართა. სიმპოზიუმს, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსდა, 22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 
სიმპოზიუმზე პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე მსჯელობდნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, დარგის ფუძემდებლები და სპეციალისტები.
სიმპოზიუმის გახსნას ესწრებოდნენ: პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია, თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი სიმონ დალაქიშვილი, ამავე დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი ელენე ჯანბერიძე, პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ექსპერტი, ონკოლოგი, პროფესორი თამარ რუხაძე, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი გია ლობჟანიძე, აჭარის პალიატიური მზრუნველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი, მედიცინის დოქტორი მემედ ჭინჭარაძე და სხვები. 
თემატიკა, რომელსაც მეცნიერთა მოხსენებები შეეხებოდა, მოიცავდა პალიატიური მზრუნველობის ფილოსოფიას და მნიშვნელობას, ძნელად მართვად ტკივილთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბავშვთა პალიატიურ მზრუნველობას, ავადმყოფთა უფლებებს, ამ დარგში სამედიცინო პერსონალის დახელოვნებას, განათლებას, დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას სისტემის მიმართ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 
„2000 წლიდან დღემდე, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის შექმნის გზაზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ხელმიუწვდომელია თუნდაც საბაზისო პალიატიური მზრუნველობა (ტკივილის და სხვა სიმპტომთა ადეკვატური მართვა) მისი საჭიროების მქონე პირთა დიდი ნაწილისათვის, რაც არა მარტო სამედიცინო-ჯანდაცვითი, არამედ ეთიკური და ადამიანთა უფლებების სფეროს პრობლემაა. ეს, ერთი მხრივ, ასახავს პალიატიური მზრუნველობის თაობაზე ინფორმირებულობის, ასევე, პროფესიული განათლების დეფიციტს, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი პოლიტიკური ნების დეფიციტს ან პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობის არასწორ გააზრებას - შესაბამისი მიმართულებების მესვეურების (გადაწყვეტილების მიმღებების) მიერ. ეს სისტემა, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის კარგად განვითარებული. 20 წელია სხვადასხვა ორგანიზაციები ვცდილობთ, რომ ეს სამსახური ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტს გაუტოლდეს და მთელი ქვეყნის საზოგადოება მოვიცვათ, მაგრამ, ჯერჯერობით, მიზანს ვერ მივაღწიეთ“, - აღნიშნა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა. 
როგორც გაირკვა, დიდ ბრიტანეთში ამ დარგის დასაფინანსებლად 25 მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი, საიდანაც 12 მილიონი კერძო დაფინანსებიდან მოდის, ხოლო 9 მილიონი სახელმწიფოსგან. „ხედავთ, რამხელა დისპროპორციაა და ეს მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი ნიმუშია პალიატიური მზრუნველობის წარმატებული სისტემის მოწყობის. ამ მიმართულებით აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის მიმართვა“, - განაცხადა პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, რომელმაც პალიატიური მზრუნველობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა ერთერთ აქტუალურ პრობლემად გამოყო. 
„პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის შემდეგ, საქართველო პირველი იყო, სადაც პალიატიური მზრუნველობის სერვისის ჩამოყალიბება დაიწყო. ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და უცხოელი კოლეგების ცოდნის გაზიარებით შევძელით, რომ 2004 წელს ქართველ პაციენტებს ამ სერვისის პირველად სარგებლობის საშუალება მივეცით. ამავე წლიდან დაიწყო როგორც სტაციონარული, ისე ბინაზე მომსახურეობაც. 2005 წლიდან 2012 წლამდე ამ სერვისით, გარკვეულწილად, დაიფარა საქართველოს 5 რეგიონი. ამ პერიოდში საზოგადოების ცნობადობა აღნიშნული სერვისის მიმართ საკმაოდ ამაღლდა. სამწუხაროდ, სტაციონარებში ეს სერვისი ხარისხით ვერ დაიკვეხნის... ამ მიმართულების განვითარებას განათლება, კეთილი ნება, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რათა მომსახურების ხარისხმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. საჭიროა საზოგადოების, მოხალისეების ჩართვა, ფსიქოლოგების, სოციოლოგების კოორდინალური მუშაობა და მულტიდისციპლინარული გუნდის არსებობა. ყველამ ერთად უნდა იზრუნოს, რომ პაციენტმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მშვიდად გაატაროს“, - განაცხადა პროფესორმა თამარ რუხაძემ. 
საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარის გია ლობჟანიძის აზრით, პალიატიური მზრუნველობის სერვისების სრულყოფის მიზნით აუცილებელია მთელი რიგი საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, რაზეც უცხოელი ექსპერტების მიერ სიმპოზიუმზე შემუშავებული რეკომენდაციებიც მიუთითებენ. „საქართველოში გაიხსნა მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გენერალური ანსამბლეა, სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის ექიმი და 300-ზე მეტი დელაგატი იღებს მონაწილეობას. საქართველო გახდა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სახელმწიფო, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამ ასამბლეას ერთი კარგი ტრადიცია აქვს: მისი მსვლელობის პერიოდში ერთი დღე დათმობილი აქვს სამეცნიერო სესიას. მიმდინარე წლის სესიის თემად სწორედ პალიატიური მზრუნველობა შეირჩა. ამ სესიის მომზადებაში საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად აქტიურად ჩაერთო საქართველოს პალიატიური ზრუნვის ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
როგორც მოგეხსენებათ, პალიატიური მზრუნველობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისის განვითარება საქართველოში 2000 წლის დასაწყისიდან დაიწყო. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი გასაკეთებელია. დღეს აქ ჩამოსული არიან მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, რომლებიც უნიკალურ ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. დარგის შემდგომი განვითარებისთვის საინიციატივო პაკეტებია შესამუშავებელი და რა რეზოლუციებსაც მივიღებთ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს“, - აღნიშნა პროფესორმა გია ლობჟანიძემ. 
სიმპოზიუმზე საერთაშორისო რანგის ექსპერტებისა და სპეციალისტებისათვის მეტნაკლებად ცნობილი აღმოჩნდა საქართველოში ამ დარგის მდგომარეობა, რაც მათ მოხსენებებშიც გაცხადდა. ოქსფორდის პალიატიური ზრუნვის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა რობერტ ტვაიკროსმა თავის მოხსენებაში - „პალიატიური მზრუნველობა: რა, ვინ, სად და როგორ?“ - ყურადღება გაამახვილა პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობაზე, პრაქტიკაში სხვადასხვა ტიპის ტკივილის მართვის თავისებურებებზე. „ტკივილი უნდა შეფასდეს, როგორც სომატო-ფსიქოლოგიური ფენომენი; ყურადღებით უნდა გამოვიკვლიოთ მისი მიზეზები. შესაძლებლობის შემთხვევაში, ერთობლივად უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტოზური (საჭირო წამლები, საჭირო დოზებით და საჭირო ინტერვალებით) და არამედიკამენტოზური მკურნალობა“, - აღნიშნა პროფესორმა რობერტ ტვაიკროსმა, რომელმაც ავადმყოფების ისტორიების კვლევების საფუძველზე ტკივილის სხვადასხვა სახეობის მართვისთვის შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები წარმოადგინა.
სიმპოზიუმის გახსნისას კიდევ ერთმა უცხოელმა მეცნიერმა ჰავიერ ბატისტემ (director of WHO Collaborating Center for palliative Care Public Health Programs Barcelona, Chair of Palliative Care, University of Vic Spain) წაიკითხა მოხსენება, რომელიც კატალონიაში პალიატიური მზრუნველობის სერვისის დაფუძნებასა და განვითარებას შეეხებოდა. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება კატალონიური პალიატიური მკურნალობის მოდელის მაგალითზე პალიატიური მზრუნველობის ქართული მოდელის განვითარება და სრულყოფა.


რას შეუწყობს ხელს საუნივერსიტეტო რეკომენდაციები

თსუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა სიმპოზიუმზე გამომსვლელთა მოხსენებები და ძირითადი აქცენტები შეაჯამა და აღნიშნა, რომ პალიატიური მზრუნველობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება დიდ სტიმულს მისცემს პალიატიური ზრუნვის სერვისების განვითარებას საქართველოში. „საბედნიეროდ, მსგავსად მრავალი სხვა ქვეყნისა, ჩვენშიც დაიწყო პალიატიური მზრუნველობის განვითარება და, ერთი შეხედვით, „უიმედო“ პაციენტებსაც იმედი გაუჩნდათ - ტკივილის და სხვა მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქებისა. დღეს პაციენტებისათვის გარკვეულ ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა როგორც ბინაზე მოვლის, ისე სტაციონარში (საავადმყოფოში) გაწეული სამედიცინო მომსახურების სახით, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში ტარდება.
პალიატიური ზრუნვის დროს, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანზე ორიენტირებული პროგრამების განვითარება, მისი უზრუნველყოფა არა მარტო ტკივილგამაყუჩებლებით, არამედ ფსიქოსოციალური კეთილდღეობითაც. მიმაჩნია, რომ სიმპოზიუმი ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვცემს, რომელიც ხელს შეუწყობს პალიატიური ზრუნვის სერვისების განვითარებას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და მისი დეკანია“, - განაცხადა პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
სიმპოზიუმის გახსნის დასასრულს, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ მადლობა გადაუხადა ქართველ და უცხოელ კოლეგებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ „სიმპოზიუმის „საუნივერსიტეტო რეკომენდაციები“ ხელს შეუწყობს პალიატიური მზრუნველობის როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და დარგში სამეცნიერო კვლევების სწორად დაგეგმვა-წარმართვას, მათ შორის, სადოქტორო თუ სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში. სიმპოზიუმის მასალები გავრცელდება თსუ-ის ვებ-გვერდისა და პალიატიური მზრუნველობის პროფესიული ელექტრონული ქსელების საშუალებით: ისინი განთავსდება „ჰოსპისის და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ასოციაციის“ და „პალიატიური მზრუნველობის ევროპული ასოციაციის“ ვებ-გვერდებზე. სიმპოზიუმის მოხსენებათა აბსტრაქტები და რეკომენდაციები გამოქვეყნდება თსუ-ის ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალში „Translational and Clinical Medicine~, Georgiam Medical Journal“, რომელიც ინდექსირებულია „Google Scholar“-ში“. 
სიმპოზიუმის მუშაობის დროს გამოიკვეთა, რომ პალიატიური მზრუნველობის საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა საქართველოში. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოა - ათასობით ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას. დღეისათვის არსებობს ხელმისაწვდომი და მეცნიერულად დასაბუთებული მკურნალობის საშუალებები ტკივილის მართვისათვის და, ამდენად, არაეთიკურია იმ შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რასაც პალიატიური მზრუნველობა იძლევა აღნიშნული კატეგორიის პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის პალიატიური მზრუნველობის სერვისით სარგებლობა გარანტირებული იქნება მაშინ, როცა ქვეყნის მმართველი ორგანოები სიმპოზიუმზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და სისტემას უფრო სრულყოფილს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს გახდიან.