მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრის 100 წლიანი გზა

15 ოქტ 2019

მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრა ქართული უნივერსიტეტის დაარსების პირველსავე წლებში, 1919 წელს, ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის თაოსნობით, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გაიხსნა. იგი იყო ერთადერთი გეოლოგიური პროფილის კათედრა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. ახლად დაარსებულ კათედრას თავად პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე ჩაუდგა სათავეში და მას გარდაცვალებამდე - 38 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
კათედრის დაარსება სირთულეებთან იყო მაშინ დაკავშირებული. იმ დროისათვის სასწავლო პროცესს მხოლოდ ერთი მიკროსკოპი და ქანების ერთადერთი კოლექცია ემსახურებოდა; იყო ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოების დეფიციტი. სადემონსტრაციო მასალის დეფიციტის შევსებას კათედრა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილი ექსკურსიებისას მოპოვებული მინერალებისა და ქანების კოლექციის ხარჯზე ახდენდა. მაღალკვალიფიციური გეოლოგიური კადრების მომზადების მიზნით კათედრა რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა: მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებელთა კადრების მოზიდვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოოების შექმნის მიმართულებებით.
კათედრის თავდაპირველი შემადგენლობა ასეთი იყო: პროფესორი ალ. თვალჭრელიძე; დოცენტი ი. ყიფშიძე, ასისტენტი ა. ფლორენსკი, ლექტორი გ. სმირნოვი და პრეპარატორი შ. ნადარეიშვილი. მაშინ კათედრის ეს მცირე ჯგუფი საბუნებისმეტყველო, პოლიტექნიკურ, აგრონომიულ და საექიმო ფაკულტეტებს ემსახურებოდა; იკითხებოდა კათედრის მაპროფილებელი დისციპლინები: კრისტალოგრაფია, მინერალოგია და პეტროგრაფია. 
1926-1930 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 1926 წელს ჭიათურის მარგანეცის „ჩემოს“ საზოგადოების მიერ უნივერსიტეტისათვის გადმოცემული თანხებიდან კათედრამ უცხოური ფირმის მიკროსკოპები, მინერალებისა და ქანების კოლექციები შეიძინა.
კათედრის მთავარი საზრუნავი მაინც მშობლიურ ენაზე ახალი სახელმძღვანელოების შედგენისა და არსებული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის საკითხი იყო. 1920 წელს ქართულ ენაზე პირველად ალ. თვალჭრელიძის გეომეტრიული კრისტალოგრაფიის სახელმძღვანელო დაიბეჭდა.
კათედრის საქმიანობა მარტო სასწავლო პროცესით არ იფარგლებოდა. კადრების მომზადების პროცესის პარალელურად, საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც თავდაპირველად, ძირითადად, გამოყენებითი მინერალოგიის მიმართულებით მიმდინარეობდა. ალ. თვალჭრელიძისა და მისი თანამებრძოლების სამეცნიერო ინტერესთა სფეროში მოექცა საქართველოს ბუნებრივი რესურსების კომპლექსურად შესწავლის აუცილებლობის საკითხი.
ალ. თვალჭრელიძის თაოსნობით მოწყობილი გეოლოგიური ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილ იქნა გრაფიტის, დარიშხანის, მოლიბდენიტის, არსენოპირიტის, თეძამის ვულკანური ტუფის, სახურავი ფიქლების, ბოლნისის ტუფის, აქატის, ქალცედონის, ტალკის, ბარიტის, დანალექი და მაგმური წარმოშობის სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი და სანახელაო ქვების, მსუბუქი ბეტონის შემავსებელი მასალის, მჟავეგამძლე ანდეზიტების საბადოები და სხვ.
დაარსების ადრეული წლებიდან კათედრის სამეცნიერო-კვლევის ძირითადი პრობლემა მაინც ადსორბენტი თიხების შესწავლა იყო, რასაც თეორიულ მხარესთან ერთად დიდი პრაქტიკული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ტიპის თიხებს იყენებდნენ როგორც გამწმენდ საშუალებას ნავთობისა და საფეიქრო მრეწველობაში. იმ ხანად ეს მინერალური ნედლეული იმპორტის საგანს წარმოადგენდა და ამერიკის კონტინენტის ფლორიდინის შტატიდან შემოჰქონდათ, რაც რიგ სიძველეებთან იყო დაკავშირებული. ალ. თვალჭრელიძის მიერ მსგავსი თიხები მიკვლეული იქნა წალტუბოს რაიონის სოფ გუბრინში. აღმოჩენილი თიხების ტექნიკურ ვარგისიანობაზე გამოცდის მიზნით, კათედრაზე 1926 წელს ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი ფლორიდინის ლაბორატორიის სახელწოდებით. ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურა გუბრინის თიხების, როგორც ადსორბენტის, ყოველმხრივ ვარგისიანობა-უპირატესობაც კი ამერიკულ თიხასთან შედარებით. 1929 წელს ხსენებული ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა და განვითარდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. კათედრისა და ინსტიტუტის თანამშრომელთა ერთობლივმა მუშაობამ თიხების კვლევის საქმეში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა და თუ დღეს მსოფლიოს პეტროგრაფიული საზოგადოება საქართველოს თიხებს გუმბრინისა და ასკანის სახელწოდებით იცნობენ, მასში განუზომლად დიდია კათედრისა და მისი დამფუძნებლის ალ. თვალჭრელიძის ღვაწლი.
1933-1934 სასწავლო წლიდან მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტში გაერთიანდა. 1935 წელს ეს უკანასკნელი დანაწილდა და მას ცალკე გამოეყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, რომელშიაც მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრა 2003 წლამდე შედიოდა.
1937 წელს შემოიღეს მინერალოგიის სწავლება ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტებზე. ამ პერიოდში ეწყობოდა სასწავლო პრაქტიკები: მე-2 კურსზე მინერალოგიაში, მე-3 კურსზე პეტროგრაფიაში, ხოლო 4 და მე-5 კურსის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებს გადიოდნენ სხვადასხვა გეოლოგიურ ექსპედიციებსა და დაწესებულებებში.
ამავე დროს, საფუძველი ჩაეყარა პალეოვულკანოლოგიურ კვლევებს, რომლის ფუძემდებელი საქართველოში აკადემიკოსი გიორგი ძოწენიძე იყო. მის მიერ 1948 წელს გამოქვეყნებულმა ფუნდამენტურმა გამოკვლევამ - „საქართველოს მიოცენამდელი ეფუზიური ვულკანიზმი“ 1950 წელს სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია დაიმსახურა.
1919-1957 წლებში კათედრის თანამშრომელთა ინტენსიური სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის დასტურია ამ პერიოდში დაცული მრავალი სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაცია, რამდენიმე მონოგრაფია, რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატია. გამოიცა სახელმძღვანელოები: „მაგმური ქანების პეტროგრაფია“ (თვალჭრელიძე, 1950 წ.); „კრისტალთა ოპტიკის შესავალი“ (თვალჭრელიძე, 1954 წ.).
კათედრის თანამშრომელთა სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღინიშნა არა ერთი სამთავრობო ჯილდოებით.
1957 წელს კათედრამ და სამეცნიერო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე. ამავე წელს კათედრის გამგის თანამდებობაზე პროფესორი გიორგი ძოწენიძე დაინიშნა, რომლის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით (1959 წელს) კათედრის გამგის მოვალეობის შესრულება დაევალა დოც. ნ. სხირტლაძეს. ეს თანამდებობა მან კონკურსის წესით 1960 წელს დაიკავა.
ამ პერიოდში კათედრას, მაღალკვალიფიციურ გეოლოგიურ კადრების მომზადებასთან ერთად, მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული საქართველოს მაგმური, დაბალექი და მეტამორფული ფორმაციების შესწავლის მიმართულებით, რაც ასახულია მონოგრაფიულ გამოკვლევებში, მრავალრიცხოვან გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებსა და სამეცნიერო ანგარიშებში. უნდა აღინიშნოს აკად. ნ. სხირტლაძის მიერ დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობის მქონე, ადსორბენტი თვისებების მატარებელი მაღალკაჟმიწიანი ბუნებრივი ცეოლითების აღმოჩენის შესახებ. ამ აღმოჩენამ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ცეოლითური ნედლეულის გეოლოგიურ-მინერალოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური კომპლექსური ხასიათის ფართომასშტაბიანი კვლევების დაწყებას.
ამ პერიოდში დაცულია ერთი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია (თუთბერიძე); გამოქვეყნებულია 3 სახელმძღვანელო: „გეოქიმიის მოკლე კურსი“ (ივანიცკი, ქოიავა, 1972 წ.), „პეტროგრაფია-მინერალოგიის საფუძვლებით“ (სხირტლაძე, 1984 წ.), „ლითოლოგია“ (ქოიავა 1988 წ.). 
1997 წელს პირადი განცხადების საფუძველზე, კათედრის გამგის თანამდებობა დატოვა აკადემიკოსმა ნიკოლოზ სხირტლაძემ. იმავე წელს, კათედრის გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა, კონკურსის წესით, პროფესორმა ბეჟან თუთბერიძემ დაიკავა. ამ დროისთვის კათედრის ძირითადი აკადემიური პერსონალი იყო: აკადემიკოსი ნიკოლოზ სხირტლაძე, პროფესორები: ვ. ქოიავა, ო. ნადარეიშვილი და ბ. თუთბერიძე; დოცენტი რ. მაყაშვილი, უფროსი მასწავლებელი ა. დოლაქიძე, ასისტენტი მ. კანდელაკი. 
1998 წელს მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრა გარდაიქმნა მინერალოგია-პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრად.
2003 წელს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებად დაიყო. 2003 წლიდან 2005 წლამდე კათედრა გეოლოგიის ფაკულტეტში შედიოდა, ხოლო 2005 წლიდან დღემდე ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის შემადგენლობაშია.
კათედრას მაღალკვალიფიციური გეოლოგიური კადრების მომზადებისათვის გააჩნია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სასწავლო პროცესს ემსახურება: მინერალოგიისა და პეტროქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, მაგმური, დანალექი და მეტამორფული ქანების მდიდარი კოლექციები, პოლარიზაციული მიკროსკოპული ბაზა, კეთილმოწყობილი აუდიტორიები. 
კათედრის ყოველდღიური ზრუნვის საგანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. უკანასკნელ პერიოდში სამეცნიერო გრანტის ფარგლებში შეძენილია უახლოესი მოდელის პოლარიზაციული მიკროსკოპი. წლის ბოლომდე ფაკულტეტის დეკანის პროფ. რ. ხომერიკის თანადგომით, თითქმის მთლიანად მოხდება მიკროსკოპული ბაზის განახლება თანამედროვე პოლარიზაციული მიკროსკოპებით.
სასწავლო-სამეცნიერო პროცესს ემსახურება პეტროქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია. აქ ტარდება აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო გეოლოგიურ ექსპედიციებში მოპოვებული ქანებისა და მინერალების სრული სილიკატური ქიმიური ანალიზები. ანალოგიური ხასიათის სამუშაოები უტარდება, ასევე, სამივე საფეხურის სტუდენტების მიერ პრაქტიკის პერიოდში მოპოვებულ მასალას. შედეგებს ისინი სამეცნიერო კონფერენციაზე გასატანი მოხსენებებისა და სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შედგენისას იყენებენ. ლაბორატორიაში სტუდენტები ეცნობიან ლაბორატორიული კვლევისა და ანალიზების ჩატარების მეთოდიკას.
კათედრის სიამაყეა მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია. 2008 წელს პირველ კორპუსში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მინერალოგიის სასწავლო მუზეუმში განთავსებული კოლექციები ყუთებში ჩაიყარა და გადაიტანეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სარდაფში. მხოლოდ კათედრის დიდი ძალისხმევითა და მონდომებით წლების განმავლობაში ყუთებში ჩაყრილი უნიკალური კოლექციების ბაზაზე შეიქმნა მინერალოგიის სასწავლო ლაბორატორია, რომელიც კათედრის მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას წარმოადგენს. ლაბორატორიაში დაცული დაახლოებით 7000-ზე მეტი მინერალთა კოლექცია განთავსებულია სისტემური პრინციპით მინერალოგიის კურსში არსებული სასწავლო პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად. ლაბორატორიაში ტარდება პრაქტიკულ-სემინარული სამუშაოები მინერალოგიაში.
მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ხშირი სტუმრებია ჩვენი და საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალისტები, მინერალებით დაინტერესებული ადგილობრივი თუ უცხოელი პერსონები, კერძო და საჯარო სკოლის ქართული და უცხოენოვანი საშუალო სკოლის მოწაფეები. განსაკუთრებული სტუმრიანობა აღინიშნებოდა 1991-2004 წლებში. მინერალოგიის სასწავლო მუზეუმის სტუმრები იყვნენ: საქართველოსა და საზღვარგარეთის ცნობილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციები, საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, უმაღლესი და საშუალო სკოლის მოსწავლეები და სხვ. ამ დროისთვის რექტორი გახლდათ ცნობილი ისტორიკოსი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ როინს იმ დიდი ყურადღებისა და თანადგომისათვის, რომელსაც ის მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრის მიმართ იჩენდა.
კათედრაზე წარმატებით ტარდება საველე-გეოლოგიური სასწავლო და პროფესიული პრაქტიკები. 
კათედრა დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა კადრების მოზიდვას. აღსანიშნავია სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა ყოველწლიურ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. ასევე ფართოა მათი მონაწილეობის მასშტაბები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამართულ ყოველწლიურ საფაკულტეტო კონფერენციის მუშაობაში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კათედრის მიმართულების ზოგიერთი დოქტორანტის (მირიან მაქაძე, დავით მაქაძე, ჯავახიშვილი, კობახიძე, გვენცაძე) აქტიური მონაწილეობა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. 
კათედრა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტთა დასაქმების საკითხებს. მაგისტრები და დოქტორანტები ყველა დასაქმებულია გეოლოგიისა და კავკასიის მინერალურ ინსტიტუტებში, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტოში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში, ქალაქის მერიასა და კერძო კომპანიებში.
კათედრის აკადემიური პერსონალის საქმიანობა მარტო სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება. აქ ტრადიციულად ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მეცნიერული ინტერესის სფეროს საქართველოს მაგმური და მეტამორფული წარმონაქმნების კომპლექსური შესწავლა წარმოადგენს. ამ მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლები ყოველწლიურად ატარებენ საველე-გეოლოგიურ ექსპედიციებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში თემატიკის შესაბამისად. ექსპედიციებში ტრადიციად იქცა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მონაწილეობა.
კათედრაზე სამეცნიერო კვლევები რამდენიმე მიმართულებით ტარდება, კერძოდ: ხმელთაშუაზღვიურ ალპური ნაოჭა სარტყლის - კავკასიის სეგმენტის ნეოგენურ-ანთროპოგენური ვულკანიზმის განვითარების კანონზომიერების, მათი პროდუქტების ნივთიერი შედგენილობისა და გამოვლინების გეოდინამიური პირობების შესწავლა-მაგმური პეტროლოგიის გადაფასებისა და ლითოსფერული ფილების ტექტონიკის კონცეფციის ფარგლებში (თუთბერიძე); საქართველოს ნეოგენურ-ანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური პროცესების შესწავლა და ვულკანური პროდუქტების პრაქტიკული გამოყენება (თუთბერიძე, ახალკაციშვილი); ვულკანიზმისა და გამყინვარების განვითარების დროის ასაკობრივი კორელაციის დადგენა (ახალკაციშვილი); ალაზანგაღმა კახეთის, თუშეთისა და ნაწილობრივ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიის ქვედა და შუა იურული ფიქლების სერიასთან დაკავშირებულ ვულკანიზმისა და მასთან დაკავშირებული გამადნების შესწავლა (აქიმიძე).
მიმდინარეობს არსებული პალეომაგნიტური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ხელახალი ინტერპრეტაცია უახლესი აპარატურისა და შეცვლილი გაზომვის მეთოდიკის გამოყენებით. კათედრაზე განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები ასახულია მონოგრაფიაში (თუთბერიძე 2004 წ.), ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. კათედრის თანამშრომლები მონაწილეობენ მრავალ ადგილობრივი და საერთაშორისო სიმპოზიუმების, სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების და ვორქშოფების მუშაობაში.
კათედრა აქტიურად არის ჩაბმული საგრანტო პროექტების მოპოვებასა და მათ განხორციელებაში. კათედრამ გაიმარჯვა განათლების სამინისტროს მიერ დასაფინანსებლად გამოცხადებულ სამაგისტრო პროექტის კონკურსში (ხელმძღვანელი თუთბერიძე, აქიმიძე); მონაწილეობდნენ ნატოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში (თუთბერიძე) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებულ ინტერდისციპლინურ საგრანტო პროექტში ფიზიკოსებთან ერთად (თუთბერიძე, ახალკაციშვილი) და ა.შ. სასიხარულოა იმის გაგებაც, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულია 5 დოქტორანტი.
2014 წლიდან კათედრა აქტიურად არის ჩართული ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის გეგმის სტრატეგიისა და ქვათაცვენის შეჩერების გადაუდებელი ქმედებების შემმუშავებელ კომისიაში (თუთბერიძე). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ამგები ქანების პეტროლოგიური შესწავლა (თუთბერიძე). 
კათედრა დახმარებას უწევს სტუდენტებს უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში წარსადგენი სამეცნიერო თემატიკის შერჩევაში. 
კათედრა აქტიურად არის ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის გეოგრაფია-გეოლოგიის სექციისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობაში (თუთბერიძე, ახალკაციშვილი).
კათედრა რეგულარულად აწყობს მინერალებისა და სამშენებლო ქვების გამოფენას მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში (ახალკაციშვილი). მინერალებისა და სამშენებლო ქვების მასშტაბური ხასიათის გამოფენა მოეწყო 2014 წლის 26 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა კურთხევითა და უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრის დარბაზში. ექსპოზიციის გახსნას თვით უწმინდესი და უნეტარესი და რექტორი დაესწრო.
ტრადიციულად, კათედრის ზრუნვის საგანია სასწავლო პროცესის ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. უკანასკნელ პერიოდში კათედრის მაპროფილებელ დისციპლინებში შეიქმნა ორგინალური სახელმძღვანელოები: „მინერალოგია“ (თუთბერიძე, 2010 წ.) და „მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით“ (თუთბერიძე, 2017 წ.).
კათედრის საიუბილეო დღეს, თავს მოვალედ ვთვლი, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლიერებით პატივი მივაგო კათედრის დამაარსებლის, აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძისა და კათედრაზე მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთა ნათელ ხსოვნას. კათედრაზე ტრადიციად იქცა გარდაცვლილი ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლების ხსოვნისადმი პატივის მიგება და მათი ღვაწლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების გამართვა.

ბეჟან თუთბერიძე,
მინერალოგია-პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის
კათედრის გამგე, პროფესორი