მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა

17 სექ 2019

„ალბათობის თეორია და სტატისტიკა“, - 9 სექტემბერს ამ სახელწოდებით გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან.
საიუბილეო კონფერენციაზე გამომსვლელებმა სახელოვანი მეცნიერის მოღვაწეობასა და მეცნიერების წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა ესტატე ხმალაძის უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლი და აღნიშნა, რომ უკვე წლებია, მისი სახელობის სტიპენდიით არაერთი სტუდენტი სარგებლობს: „უნივერსიტეტში ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდია არის დანიშნული. ბევრი მაგისტრანტი უკვე გახდა მისი სახელობის სტიპენდიატი. ბატონი ესტატე სტუდენტებს ხელს უწყობს, რომ მიიღონ მაღალი დონის განათლება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებსა და ცენტრებში“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 
პროფესორი ესტატე ხმალაძე ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ-სთან. იგი აქტიურად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ გადასცემს უნივერსიტეტს თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურნალები: „Annals of Probability“, „Annals of Statistics“ და „Applied Probability“. პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დააარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ის წარჩინებული მაგისტრებისათვის. ფაკულტეტს უკვე ჰყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან.
ტილბურგის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ეინმაჰალმა (ჟოჰნ Eინმაჰალ) გაიხსენა ესტატე ხმალაძესთან თანამშრომლობის ასპექტები და აღნიშნა, რომ ის არის მეცნიერი, რომელსაც სურს სიღრმისეულად იკვლიოს საკითხები, რაზეც წერს, და რაც მთავარია, შეხედოს მათ განსხვავებული კუთხით: „რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს სურს იყოს იმ ადამიანის მეგობარი, რომელმაც დღეს უნივერსიტეტის ოქროს მედალი მიიღო. მეამაყება, რომ ჩვენ დღეს ვმონაწილეობთ კონფერენციაში, რომელსაც „ხმალაძე 75“-ს ვეძახით. ეს მეტად საპასუხისმგებლოა. ბატონი ესტატე 1989 წელს გავიცანი და მაშინვე მოვიხიბლე მისი საინტერესო კითხვებით. მასთან ურთიერთობის წლებმა დამარწმუნა, რომ პროფესორ ხმალაძისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა“, - განაცხადა პროფესორმა ეინმაჰალმა.
ესტატე ხმალაძეს იუბილე მიულოცა აკადემიკოსმა გიორგი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უცხოელი მეცნიერების ჩამოსვლა და კონფერენციებში მონაწილეობა სტიმულის მიმცემია ახალგაზრდა თაობისთვის: „მთავარი, რაც აქ შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები დავაინტერესოთ მათემატიკით, მეცნიერებით. მადლობა ამ კონფერენციისთვის, რადგან ეს არის ის ღერძი, რითაც ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მაღალი სამეცნიერო დონე“, - აღნიშნა მან.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს, ასევე, მათემატიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ნატროშვილმა, გიორგი აბაშიძემ, ბესიკ ჩიქვინიძემ.
თსუ-ის სამეცნიერო პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენაში, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის პროფესორ ესტატე ხმალაძეს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადაეცა. 
კონფერენციაზე, რომელიც ესტატე ხმალაძის 75 წლისთავს მიეძღვნა, მნიშვნელოვანი მოხსენებები იყო წარმოდგენილი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა მრავალფეროვანი სამეცნიერო თემატიკა შესთავაზეს კონფერენციის მუშაობაში მონაწილე კოლეგებს.