მან შეუძლებელი შესაძლებელი და შესაძლებელი ხელმისაწვდომი გახადა

16 სექ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ცერცვაძე, მეცნიერი, რომელმაც საქართველო აივ/შიდსის ფართო მასშტაბიანი ეპიდემიისგან იხსნა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დანერგა, გადაარჩინა 100-ობით ადამიანის სიცოცხლე და ქართული მედიცინა ახალ საფეხურზე აიყვანა, 70 წლის შესრულდა. მადლობა საკუთარი და ხალხის სახელით საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და სამეცნიერო საზოგადოებამ მას უნივერსიტეტში გამართულ იუბილეზე გადაუხადეს. 
საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელმა, თსუ-ის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ XXI საუკუნის ორ მთავარ გამოწვევასთან - აივ/შიდსთან და C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. სამედიცინო-პრაქტიკულ მოღვაწეობასთან ერთად იგი, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მკვლევარია - არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე გამოცემებში, მისი ავტორობით გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო და ორი მონოგრაფია. ასევე, იყო 20-ზე მეტი ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაციების/გაიდლაინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და თანაავტორი.
„ჩვენ, ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მხოლოდ ამერიკაში იყო ცნობილი შიდსის დაავადების შესახებ, 83-84 წლებში დავაფუძნეთ შიდსის სამსახური საქართველოში, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახურად ითვლება. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართო მასშტაბიანი ეპიდემია, დიდი ადამიანური მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი. ამავე დროს ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და განმახორციელებელი მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. უკვე განკურნებულია 40 000-ზე მეტი პაციენტი. პროგრამის დასრულებამდე იგეგმება 120 000-ზე მეტი პაციენტის განკურნება და ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც ერთი ქრონიკული ინფექციის აღმოფხვრა მოხერხდა. აქამდე მხოლოდ მწვავე ინფექციების განკურნება იყო შესაძლებელი, მაგალითად, ყვავილის და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტის საშუალებით. ის, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუ წარმატებით განხორციელდა, მაშინ 2030 წლისთვის საქართველო იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც დაძლეული იქნება ერთდროულად XXI საუკუნის ორი მთავარი ეპიდემია - აივ/შიდსი და C ჰეპატიტი“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
„მან შეუძლებელი შესაძლებელი გახადა და ეს შესაძლებელი გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - ასე დაახასიათა ქართველი მეცნიერის მოღვაწეობა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და მას უწოდა ექიმი, რომელმაც სასოწარკვეთილ პაციენტებს სიცოცხლის იმედი დაუბრუნა: „მაშინ, როდესაც აივ/შიდსი მსოფლიოსთვის გამოჩნდა, როგორც თავზარდამცემი პრობლემა და როდესაც ბევრი ადამიანი, რომელმაც თავისი დაიგნოზი პირველად გაიგო, მოიცვა უიმედობამ, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა დაახვედრეს გამბედავი და თავდაჯერებული მეცნიერები. ბატონი თენგიზის დამსახურებით ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იდგა. ქართველ პაციენტებსაც გაუჩნდათ იმედი, რომ ეს დაავადება მართვადია და არა სასიკვდილო. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ბატონმა თენგიზმა თქვა, რომ შევძლებთ და დაასაბუთა და დაამტკიცა ამ საქმის შეუძლებლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველოში C ჰეპატიტისა და აივ/შიდსის დიაგნოსტიკა-მკურნალობა უფასო და ხელმისაწვდომია.
თენგიზ ცერცვაძე კარგად ხედავს, რომ ტრადიციულ მეცნიერებასთან, სიბრძნესთან ერთად, ასევე საჭიროა თამამი იდეები, რისკი და გამბედაობა, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი დაინერგა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას დაედო საფუძველი.
უნივერსიტეტში გამართულ საიუბილეო საღამოზე თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის სფეროს დაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბრწყინვალების ორდენით“ დააჯილდოვა. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა C ჰეპატიტთან ბრძოლაში საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ჩვენი საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მადლობა იქნება ის, რომ ბოლომდე გავიაროთ გზა, რომელიც C ჰეპატიტის დამარცხებამდე დარჩა და დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბატონი თენგიზი სამაგალითო ადამიანია, ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა ჩვენს საზოგადოებას სჭირდება - პასუხისმგებლიანი და შეუპოვარი. მან დაამარცხა ორი ძალიან მძიმე სენი, რაც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც დიდი წარმატებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თენგიზ ცერცვაძეს თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ივანე ჯავახიშვილის მედალი გადასცა. 
„თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ქმნის ეპოქას, ქვეყნის ისტორიას. შიდსის ცენტრის ჩამოყალიბება და C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამის დანერგვა საქართველოში მის სახელს უკავშირდება. ამასთან, იგი არის კარგი მკვლევარი, მასწავლებელი, პროფესორი, ექიმთა მთელი პლეადის აღმზრდელი. ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა, საერთაშორისო ექსპერტებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესოდ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად აღიარეს. სწორედ ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველოში აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი; მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა. 2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის (ჯანმო-ს ფორმულირებით) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო - Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია მიიღო, რომელიც დღემდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არც ერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას არ მიუღია.
ქართველ მეცნიერსა და ექიმს, რომელმაც ქართული ჯანდაცვის სისტემაში მთელი ეპოქა შექმნა, ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. მას საქართველოში ციტირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. აღსანიშნავია, რომ თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად აღიარეს, რის შედეგადაც მეცნიერი ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში წარსდგა მოხსენებით (ქ. ბეთესდა), 2000 წლის 3 ნოემბერს კი - აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თენგიზ ცერცვაძის საიუბილეო საღამო 3 ივლისს გაიმართა. ღონისძიებას თბილისის თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია უძღვებოდა.