ევროპის საუკეთესო მეცნიერი, რომელიც დაბერებას ებრძვის

16 სექ 2019

მეცნიერება მხოლოდ აღმოჩენის ინტერესი არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის ახლდა თან ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების, საზოგადოების გაკეთილშობილების და ცხოვრების გაუმჯობესების უზენაესი მიზანი. ამიტომაც მეცნიერისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ მიზნისკენ სვლას შეალია, ყველაზე დიდი ჯილდო იმის აღიარებაა, რომ მან მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ დიდ საქმეში. 
სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა გაზეთმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას ერთი სასიამოვნო ამბის შესახებ ამცნო - 23-25 მაისს შვედეთის ქალაქ გეტენბორგში გამართულ გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის ევროპის კონგრესზე ევროპის გერონტოლოგთა და გერიატრთა ასოციაციის პრეზიდენტმა ევროპის საუკეთესო მეცნიერის ერთადერთი მედლით ფუნდამენტურ გერონტოლოგიაში თსუ-ის პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა დააჯილდოვა.

მეცნიერება მისთვის ცხოვრების წესია. ბიოლოგიამ, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ბევრი ახალი კარი შეაღებინა და ფიზიოლოგიის ურთულეს ლაბირინთებში ატარა. დღეს, როცა უამრავი წარმატების შემდეგ, კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად, ამბობს, რომ მადლიერია განგებისა, რადგან ის საქმე აკეთებინა, რომელიც უყვარს. 
პროფესორ თეიმურაზ ლეჟავასთვის მეცნიერული და ადამიანური ძლიერების ნიშანი ცოდნას, ტაქტსა და წესიერებას ემყარება. ამასვე ასწავლის სტუდენტებს და ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ მათთვისაც მაგალითი იყოს. 
მისთვის მედლები და ჯილდოები უცხო არაა. ჯერ კიდევ თელავის საშუალო სკოლაში გამოიჩინა თავი საუკეთესო სწავლით და 1957 წელს ოქროს მედალიც დაიმსახურა. სკოლის წლებს დიდი სიყვარულით იხსენებს და ამბობს, რომ იქ ისწავლა მეგობრობა, მიზნისკენ დაუღალავი სვლა და სხვისი ნაშრომის დაფასება. ოქროსმედალოსანს, ცხადია, ნებისმიერი სპეციალობა შეეძლო აერჩია, მაგრამ მამის, ცნობილი მეცნიერის ალექსანდრე ლეჟავას დამსახურებაა, რომ დღეს ქართულ მეცნიერებას, კერძოდ კი, გენეტიკას თეიმურაზ ლეჟავა ჰყავს. 
უნივერსიტეტში ისე ისწავლა, არავინ იცოდა, რომ ალექსანდრე ლეჟავას შვილი იყო. მას ეს არც სჭირდებოდა - ,,იმდენად კარგი ლექტორები მყავდა, ძნელი არ იყო, მათგან ცოდნა წამომეღო“, - ამბობს ის და იხსენებს, რომ ივანე ბერიტაშვილის ლექციებსაც ესწრებოდა: „ერთხელ მამამ მკითხა: - როგორი ლექტორია ბატონი ივანეო? მე მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი: - დიდი მეცნიერები ხომ ხშირად კარგი მოლაპარაკეები არ არიან! - უსმინე, ის დიდი მეცნიერია, რასაც ამბობს ჭეშმარიტებაა, მისგან ბევრს ისწავლიო“, - ასე დამმოძღვრა მამამ და არც შემცდარა. იმ საგანში ბატონი ივანესა და შემდგომ ბატონი თეიმურაზ იოსელიანისგან მართლაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, - იხსენებს პროფესორი.
მერე იყო ასპირანტურა, საკავშირო აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი და საკავშირო სამედიცინო აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტი, სადაც თეიმურაზ ლეჟავა უდიდესი მეცნიერის ალექსანდრა პრაკოფიევა-ბელგოვსკაიას ხელმძღვანელობით მუშაობდა. „ეს ქალბატონი ნობელის პრემიის ლაურეატ მელერთან თანამშრომლობდა და საბჭოთა კავშირში პირველი ლაბორატორია გენეტიკაში სწორედ მან შექმნა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ლაბორატორიაში მეც მოვხვდი და დღემდე ალექსანდრა პრაკოფიევა-ბელგოვსკაიას „ზურგით” დავდივარ. მასთან მუშაობა ადვილი არ იყო - მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ დიდი ცოდნის მატარებელი მეცნიერი გახლდათ. ასპირანტურაში, საკანდიდატო თემის მოძიება მოსკოვში მომიხდა. მახსოვს, ღამეებს ვათენებდი ბიბლიოთეკაში, რომ საინტერესო საკვლევი თემა შემერჩია. ბოლოს შევჩერდი შტეინ-ლევენტალის სინდრომზე - უნდა გამომეკვლია, ამ სინდრომის დროს რა მდგომარეობაში იყვნენ ქრომოსომები. თემაში ახალი მიმართულებებიც ჩავრთე. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სულ მახსოვდა, რომ მე ქართველი ვარ და ყოველთვის ყველაზე მეტს ვმუშაობდი. საინტერესო დაცვა მქონდა. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვას რომ ორი ოპონენტი ჰყავდა, მე სამი მომიჩინეს. მერე უკვე სამეცნიერო ინტერესის ვექტორი დაბერებისკენ გადაიხარა და სადოქტორო სწორედ ამ მიმართულებით დავიცავი პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში)“, - იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.
პირველი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტში (დირექტორი პროფ. ჯ. ციციშვილი) და შემდეგ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო. ამბობს, რომ აქაც გაუმართლა, რომ ბრწყინვალე მეცნიერისა და პიროვნების - დიმიტრი გედევანიშვილის ფრთის ქვეშ მოხვდა. გენეტიკის პირველი ლაბორატორიაც, პროფესორ ლეჟავას ხელმძღვანელობით, სწორედ სამედიცინო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრა 1975 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ ყველა კვლევა და ცდა ამ უნივერსიტეტის ბაზაზე მზადდება და უცხოეთშიც მშობლიური უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ეწევა.

სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიების აცილების საშუალება

პროფესორ ლეჟავას სამეცნიერო ინტერესები მრავალმხრივია. მათ შორის კი თავად გამოყოფს ბოლო პერიოდის კვლევებს, რომლებიც ადამიანის გენომის კვლევას და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების შეჩერებას შეეხება. 
მის მიერ შექმნილია დაბერების გენეტიკური თეორია, რომელიც სამ აღმოჩენას მოიცავს: დადგინდა, რომ დაბერების პროცესში ქრომატინის მოდიფიკაცია პირველადია მუტაციებსა (ხარისხობრივი დარღვევების) და რეპარაციასთან (აღდგენის) მიმართებაში, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიების აცილების საშუალებას ქმნის. 
პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ასევე დადგინდა, რომ რიგი სინთეზური პეპტიდური ბიორეგულატორების მოქმედებით შესაძლებელია დაბერების პროცესში მოდიფიცირებული ქრომატინის გახსნა, რაც ჩაკეტილ გენთა გამოთავისუფლების წინაპირობაა და, შესაბამისად, გენთა აქტივობის კორექცია დაბერების პათოლოგიების აცილებისა და მკურნალობის საშუალებას ქმნის; თეიმურაზ ლეჟავას მიერ აგრეთვე ნაჩვენებია, რომ პეპტიდური ბიორეგულატორებისა და მძიმე მეტალების კომბინირებული ზემოქმედებით შესაძლებელია დამოკლებული ტელომერის ნორმალიზაცია, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევებში (როდესაც ტელომერები მნიშვნელოვნად დამოკლებულია) და შესაძლებლობას იძლევა დაისახოს გზები ამ პათოლოგიათა განკურნებისათვის.
დაბერების გენეტიკური თეორია და დაბერების პერიოდში ქრომატინის მოდიფიკაციის პროცესი ფართოდ არის გაშუქებული ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ პროფესორ ლეჟავას მონოგრაფიაში. თეორიის დებულებები შეტანილია წამყვან ამერიკელ მეცნიერთა მიერ ქრომატინზე გაკეთებულ სამაგიდე ნაშრომში, როგორც ძირითადი არგუმენტი დაბერების პროცესში ქრომატინის რემოდელირებისა, რაც თავის მხრივ დაბერების განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს; 
„ეს ძალიან აქტუალური თემატიკაა. ამ მიმართულებით ამერიკასა და ევროპაში ძალიან ბევრი მუშაობს და აქ თავის გამოჩენა ძნელია. ამიტომ, თუ ჩვენ დიდ და თამამ ნაბიჯს გადავდგამთ, გვექნება რაღაც ახალი გზა, რომელიც სხვებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. დაბერების გარდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მიგნება: ჩვენ შევძელით, რომ შეგვეჩერებინა ძუძუს კიბოს განვითარება. მოგეხსენებათ, ავთვისებიანი სიმსივნის შეჩერება წარმოუდგენლად გვეჩვენება და ამას ძალიან ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ ჩვენ რა ცდაც ჩავატარეთ, ხუთი ტესტ-სისტემა, ყველგან დადებითი პასუხი მივიღეთ. ახლა გავაგზავნეთ მონაცემები სინგაპურში (გენომის დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში) და მგონია, რომ დადებითი შედეგი უნდა მივიღოთ“, - ასე „ორი სიტყვით“ გვიხსნის ბატონი თეიმურაზი იმ კოლოსალურ შრომას, რასაც ეწევა და იქვე სიამაყით გვიზიარებს, რომ ყველა ამ კვლევაში პროფ. თ. ჯოხარიძის და კათედრის ყველა თანამშრომლის დიდი წვლილია. რაც შეეხება სტუდენტებს, ძალიან მომზადებული და მოტივირებული თაობა მოდისო, ამბობს და გვიყვება, როგორ ინტერესდებიან ისინი კვლევებით, როგორ სურთ, რომ განვითარდნენ და თავისი პატარა წვლილი შეიტანონ მეცნიერებაში.

ოჯახური გარემო

კითხვაზე, თუ რა იყო მისი მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი, რომელმაც ასეთი წარმატება განაპირობა, ბატონი თეიმურაზი დაუფიქრებლად ასახელებს ოჯახს და მეუღლეს, რომელიც სტუდენტობის წლებიდან უდგას გვერდით. ცხადია, ადვილი არაა დიდი მეცნიერის ცოლობა, მაგრამ არც ისაა იოლი - იყო საუკუნის მწვრთნელის, მხატვრულ ტანვარჯიშში ქართული სკოლის დამფუძნებლის, ყველა დონის ჩემპიონებისა და პრიზიორების აღმზრდელის - ნელი სალაძის ქმარი და მასთან ერთად ატარო უღელი ისეთი სიყვარულით, როგორზეც ახლა ბატონი თეიმურაზი საუბრობს: „ნელი სტუდენტობისას გავიცანი - ერთად ვსწავლობდით. შეუღლებაზე დიდხანს არ გვიფიქრია - მალევე გადავწყვიტეთ. ერთ დღეს მე, ნელი და ერთი ჩვენი მეგობარი წავედით ხელის მოსაწერად. უკან დაბრუნებულები კაფეში დავსხედით და ერთი ბოთლი შამპანური გავხსენით. აღმოჩნდა, რომ რაღაც ძალიან ძვირს შევეპოტინეთ და ჩემი საათის დატოვება დამჭირდა, რომ შემდეგ დღეს დანაკლისი თანხა მიმეტანა. ასე დავიწყეთ თანაცხოვრება. ჩემი მეუღლე უფლისგან დაჯილდოებული ადამიანია. არის ნამდვილი შემოქმედი და ხელოვნებაც კარგად ესმის. ბრწყინვალედ თარგმნის ქართულ პოეზიას, ფლობს რამდენიმე ენას. მას და მის საქმიანობას ყოველთვის ვგულშემატკივრობ“, - ამბობს ბატონი თეიმურაზი და ოჯახზე საუბრისას განსაკუთრებით ამაყობს შვილებით: ნინო სამი შვილის დედა და ნიჭიერი შემოქმედია, ალექსანდრე კი ჩვენი უნივერსიტეტის და სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ის მამის კვალს გაჰყვა, მეცნიერებათა დოქტორია და წლების განმავლობაში მუშაობდა იაპონიაში. დღეს კი უკვე სინგაპურში გენომის ინსტიტუტის ტრანსლაციური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელია და საქართველოშიც ხშირად ატარებს საჯარო ლექციებს. ალექსანდრე ორი ვაჟის მამაა - ნიკოლოზი სწავლობს, ხოლო თეიმურაზ (თემუკა) ლეჟავა საქართველოს ელჩია იაპონიაში.
ევროპის საუკეთესო მეცნიერი ფუნდამენტურ გერონტოლოგიაში აქტიურ მუშაობას აგრძელებს და ფიქრობს, რომ კიდევ ბევრი რამ შეუძლია შესძინოს გენეტიკის მიმართულებას. ამაში ბატონი თეიმურაზ ლეჟავას აქტიური და მიზანმიმართული საქმიანობა გვარწმუნებს და ვფიქრობთ - რა კარგი იქნება მალე დადგეს ის დრო, როცა ქართველი მეცნიერი სიამაყით გვამცნობს - მე დავამარცხე სიმსივნე! მე შევანელე დაბერების პროცესი!