როგორ არის დაცული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები საქართველოში

16 სექ 2019

ახალი სამეცნიერო კვლევა

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამეცნიერო კვლევა გამოიცა. ეს პირველი აკადემიური ნაშრომია, რომელიც აღნიშნულ საკითხს საქართველოს კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე საფუძვლიანად განიხილავს. წიგნში დეტალურად არის აღწერილი საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობიდან გასვლის, შეწყვეტის, ბინადრობის უფლების, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხები; განმარტებულია ინფორმაცია - თუ რა სახის საკუთრების უფლებები არსებობს, რას ნიშნავს შეკრების თავისუფლება, რა პროცედურების გავლაა ამისათვის საჭირო; ასევე განხილულია საარჩევნო უფლებებიც. წიგნში - „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა)“ - თითოეული უფლება და თავისუფლება 5 თავშია გადანაწილებული: მოქალაქეობა, უცხოელთა სტატუსი და უფლებები, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება და საარჩევნო უფლება. საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა, ხოლო საერთო სასამართლოების პრაქტიკა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, სამართლის დოქტორმა ლევან დარბაიძემ მოამზადეს. 
„წიგნზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა, რადგან საკითხებს ვიხილავდით არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის დონეზე. კანონმდებლობა პერიოდულად იცვლება, დაემთხვა საკონსტიტუციო რეფორმაც და გარკვეული უფლებების სამჯერ დამუშავება მოგვიწია. ფაქტობრივად შეუძლებელია, ერთ ნაშრომში ადამიანის ყველა უფლება და თავისუფლება მოაქციო, ამიტომ ჩვენ რამდენიმე საკითხი ავიღეთ და დეტალურად გავაანალიზეთ. წიგნში განხილულია საქართველოს კანონმდებლობა, პრეზიდენტის ბრძანებები, მთავრობის დადგენილებები და მინისტრების ბრძანებებიც. გავაანალიზეთ საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილებები. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არა საერთაშორისო კონტექსტში, არამედ უშუალოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე განგვეხილა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს მოქალაქეობის, უცხოელთა უფლებების, საკუთრების უფლების, შეკრების თავისუფლებისა და საარჩევნო უფლების შესახებ თუ რაიმე დააინტერესებს, ერთი ნაშრომიდან შეუძლია ამომწურავი ინფორმაციის მიღება“, - განაცხადა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა. 
ნაშრომი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში მომზადდა. წიგნი, გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების უკეთ გაცნობაში დაეხმარება, გამიზნულია თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე „ადამიანის ძირითადი უფლებების“ საგნის სახელმძღვანელოდ. ახალი კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში უკვე ხელმისაწვდომია.