რატომ ირჩევენ ყველაზე მაღალრეიტინგულები თსუ-ს?

16 სექ 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო რეიტინგის მქონე აბიტურიენტი სწავლას თსუ-ში გააგრძელებს. Dდანიელ სტეპანენკო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის სტუდენტი გახდა. ამავე ფაკულტეტზე ისწავლის ორი მომდევნო ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი - ნიკოლოზ ბუჯიაშვილი და გოჩა მაისურაძე. ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღეს ამჯერად უკვე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელმა ანა აბრამიძემ, თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პირველკურსელმა ლუკა კუპრაშვილმა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელმა მარიამ გუგეშაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელმა თამარ მანთიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელმა მარიამ თხინვალელმა და იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმა ანა ხურციძემ.
თსუ-ის წარმატებულმა პირველკურსელებმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების ერთწლიან დატვირთულ პერიოდთან და სტუდენტობის დაწყებასთან დაკავშირებული ემოციები გაგვიზიარეს, გაიცნეს ერთმანეთი და გვესაუბრნენ - თუ როგორ შეარჩიეს პროფესია, რატომ აირჩიეს თსუ და რა ინტერესები, მოლოდინი და სამომავლო გეგმები აქვთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას.

დანიელ სტეპანენკო, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის I კურსის სტუდენტი: „თბილისის 74-ე საჯარო სკოლა (რუსული სექტორი) დავამთავრე. მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე. საზღვარგარეთ არასდროს ვყოფილვარ. ფიზიკის, მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდებში პრობლემა არ მქონია, ადვილად მოვემზადე. უცხო ენად ჩემი მშობლიური – რუსული ენა ჩავაბარე, ყველაზე მეტად ქართული ენის შესწავლა გამიჭირდა, ამიტომ მთელი წელი მას დავუთმე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით X კლასიდან დავინტერესდი. ავირჩიე ფიზიკა, რადგან ყველაზე მეტად დამაინტერესა, თუმცა სხვა მეცნიერებებიც მომწონს. ძალიან მინდა, მომავალში უცხოელ მეცნიერებთან ერთად ვიმუშაო და საერთო პროექტები განვახორციელო. ასევე, ჩემი ოცნებაა კვანტური ბიოლოგიის (ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრების კვანტურ დონეზე ახსნა) განვითარება. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მეტად ფიგურირებს საერთაშორისო ასპარეზზე და ყველაზე მეტადაა პოპულარული. სწორედ ამიტომ ავირჩიე აქ ჩაბარება. ამასთანავე, ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ჩემი ოჯახისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც ხელმისაწვდომია. 
თავისუფალ დროს სამეცნიერო წიგნების კითხვაში ვატარებ, მომწონს ავტორები: რიჩარდ დოკინსი, კარლ სეიგანი, სტივენ ჰოკინგი და სხვა. კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარს, მეც ვუკრავ პიანინოზე.
მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ შრომა და სწავლა მნიშვნელოვანია, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობა არ უნდა დაივიწყონ, განსაკუთრებით ძილი, რასაც ბევრი აბიტურიენტი ყურადღებას არ აქცევს... ეს დიდი შეცდომაა“. 

ანა ხურციძე, იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. IV კლასში ვიყავი, როდესაც იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაგვატარებინეს. მე ადვოკატის როლი მერგო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე სამართლის შესწავლა. ბავშვობის ოცნება მიზნად დავისახე. არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევაჩერე, რადგან ბევრს უთქვამს, რომ საქართველოში სამართალს საუკეთესოდ ამ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან.
მიყვარს მუსიკა, თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ. მეც ვუკრავ, თუმცა მხოლოდ ჩემთვის. ასევე მიყვარს აზიური კინო, ძალიან განსხვავებული ხალხია და განსხვავებული ურთიერთობები აქვთ, რაც ჩემთვის საინტერესოა. სიამოვნებითYვუსმენ აზიური კინოს მუსიკასაც“.

ლუკა კუპრაშვილი, თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის I კურსის სტუდენტი: „თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე სკოლა დავამთავრე. ბოლო ერთი წელი ინტენსიურად ვემზადებოდი, გავდიოდი სკოლის პროგრამას, დავდიოდი რეპეტიტორებთანაც. უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას თსუ-ში ჩაბარება გადავწყვიტე. მინდა, რომ ძლიერ სპეციალისტად ჩამოვყალიბდე. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, მაგრამ სამომავლოდ მაინც მგონია, რომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც გავაგრძელებ. 
სპორტი მიყვარს. თბილისის ფრენბურთის გუნდში ვთამაშობ. ვიცი, რომ ფრენბურთის გუნდი თსუ-შიც არის და ვფიქრობ, აქაც ვცდი ბედს. განსატვირთად მუსიკას ვუსმენ, ხანდახან მეც ვმღერი, თუმცა არც თუ კარგად გამომდის“.

მარიამ გუგეშაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „თბილისის კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის შინაგანი სამყარო, ამიტომ ფსიქოლოგიის შესწავლა გადავწყვიტე და რადგან ფსიქოლოგიის ყველაზე კარგი სკოლა თსუ-ს აქვს, აქ ჩავაბარე. მინდა, რომ მაქსიმალურად მივიღო ის ცოდნა, რასაც აკადემიური პერსონალი მომაწვდის. კვლევებიც მაინტერესებს. მგონია, რომ ქართული ფსიქოლოგია ჯერ კიდევ კარგად არ არის განვითარებული და მეც მსურს ამ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანო.
სანამ თსუ-ის III კორპუსში მოვიდოდი, ცოტა შემაშინეს და მითხრეს, რომ არც თუ ისე კარგი გარემო დამხვდებოდა, მაგრამ აქაურობა ძალიან მომწონს - მყუდროა და მშვენიერი სიტუაციაა.
შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილი კინომანი ვარ. ზოგადად, განსაკუთრებული მეხსიერებით არ გამოვირჩევი, მაგრამ არასდროს მავიწყდება რეჟისორების, ფილმების, მსახიობების სახელები. ...ხანდახან კალათბურთსაც ვთამაშობ... ეს ჩემი განტვირთვის საშუალებებია“.

თამარ მანთიძე, მედიცინის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „ყოველთვის მინდოდა, რომ ექიმი ვყოფილიყავი, ჩემი საყვარელი თამაშიც „ექიმობანა“ იყო. დედა მედიცინის სპეციალისტია და, ალბათ, ამანაც მოახდინა გავლენა. როდესაც ადამიანის ანატომიას გავეცანი, უფრო მეტად დავინტერესდი, უფრო მეტიც, გაოცებულიც კი ვიყავი, იმდენად ბევრი სიახლე აღმოვაჩინე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ძლიერი პროფესორები ასწავლიან, კარგი სასწავლო პროგრამაა, ბევრი გაცვლითი პროგრამაც მოქმედებს, ამიტომაც უმაღლესი სასწავლებლის შესარჩევად ბევრი არ მიფიქრია. მიყვარს ექიმის პროფესია, უფრო მეტად კარდიოლოგია და ნევროლოგია მაინტერესებს. მინდა, ძლიერი სპეციალისტი გამოვიდე.
იმერეთის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა დავამთავრე. აბიტურიენტობისას გიჟური რეჟიმი არ მქონია. თავისუფალ დროს, ძირითადად, ვხატავ. თუმცა, ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა და კლასიკური მუსიკის მოსმენა“.

მარიამ თხინვალელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „თბილისის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ოქროს მედლით დავამთავრე. ყველა საგანში არ მოვმზადებულვარ. გადავწყვიტე, რომ ზოგად უნარებს თავად შევჭიდებოდი და შედეგით კმაყოფილი ვარ. ჰუმანიტარული თუ ტექნიკური საგნების სწავლა ჩემთვის რთული არასდროს ყოფილა, ამიტომ სპეციალობის შერჩევისას დიდხანს ვფიქრობდი. ბოლოს მივხვდი, რომ ლიტერატურასთან გაცილებით ახლოს ვიყავი, ოლიმპიადებშიც რამდენჯერმე გავიმარჯვე. ამან მიბიძგა და ქართული ფილოლოგია ავირჩიე. შემდეგ სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე აღარც მიფიქრია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია. გადაწყვეტილი მაქვს ქართული ენის მეცნიერული შესწავლა, მინდა საკუთარი თავი ამ საქმეს მივუძღვნა, ასევე, ძალიან მაინტერესებს ლიტერატურათმცოდნეობაც. წიგნების კითხვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ისტორიული ძეგლების მონახულება კი ყველაზე საყვარელი განტვირთვის საშუალებაა.
თავისუფალ დროს პიანინოზე ვუკრავ ან ფილმებს ვუყურებ. მიყვარს იაპონური ანიმეც, განსაკუთრებით - „ციცინათელების სასაფლაო“. ეს ანიმაციური ფილმი საუკეთესოა“.

ანა აბრამიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „თბილისის 175-ე საჯარო სკოლა დავამთავრე, რეპეტიტორებთან ბოლო ერთი წელი ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში მოვემზადე. გეოგრაფია და ინგლისური ენა სკოლის პროგრამით ვისწავლე. ვფიქრობ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები არ არის იმ სირთულის, რომ რეპეტიტორის გარეშე ვერ ჩააბარო, მაგრამ XII კლასში დიდი მასალაა და ამიტომ დროის უკეთ გადასანაწილებლად რეპეტიტორებს მივმართე. რეგისტრაციამდე ორი კვირით ადრე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა ავირჩიე, რაც საშუალებას მომცემს, რომ ბევრი ქვეყანა ვნახო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კადრი გავხდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი კარგი გაცვლითი პროგრამა აქვს, ამიტომაც ავირჩიე ეს უნივერსიტეტი. სამეცნიერო კვლევებიც მაინტერესებს, ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა გავხდე მეცნიერი. 
მხატვრული ლიტერატურა მიყვარს, ხანდახან ვხატავ. გეოგრაფიის საგანი კი იმდენად მიყვარს, რომ ჰობად აღვიქვამ. გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიება, კითხვა, გარჩევა ჩემთვის განტვირთვას უდრის“.