რა სიახლეებით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს?

16 სექ 2019

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ­-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე
უპირობო ლიდერი საერთაშორისო რანჟირებებში
ჩვენი უნივერსიტეტი კავკასიის მასშტაბით კვლავ უპირობო ლიდერია. სერიოზულ საერთაშორისო რეიტინგებში ყველაზე მაღალი შეფასებები გვაქვს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც უკვე მესამე წელია წარმოდგენილია Times Higher Education მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოსა და რეგიონში, რომელიც საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის; და ასევე პირველია რეგიონში the QS Eastern Europe and Central Asia University Rankings 2019 და Round University Ranking 2019-ის მიხედვით; აღსანიშნავია ასევე, რომ ჩვენი უნივერსიტეტი კარგ პოზიციებს ინარჩუნებს შანხაის რეიტინგებშიც. თსუ ფიზიკის დეპარტამენტი კი მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტში არის და ასევე ლიდერია რეგიონში N151-200 ადგილით (Academic Ranking of World Universities by ShanghaiRanking).

ზოგადად, რანჟირების შედეგების ანალიზის მიხედვით, თსუ-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე საერთაშორისო ცნობადობაა. თსუ-ის პარტნიორების რიცხვი მსოფლიოს 50 ქვეყანაში 200-ს აღწევს; 2019-2021 წლებში 125 უნივერსიტეტთან მომზადდა „ერაზმუს+“-ის საპროექტო განაცხადი; თსუ 26 ქვეყანაში 85 პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს Erasmus+ ICM პროექტის ფარგლებში, განხორციელებულია 1146 მობილობა; 2015-2018 წლებში თსუ-ის 800-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში - ამ მონაცემებითაც თსუ ლიდერია საქართველოში.

ავტორიზაცია და აკადემიური თავისუფლება

2018-2019 წლები თსუ-სთვის და, ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უპირობო 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა, რაც, ცხადია, დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს. 
სიახლეა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილა და მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებას და უნივერსიტეტების ავტონომიას. 
ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარდა აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსები, 1400-ზე მეტი ვაკანსია იყო გამოცხადებული და აპლიკანტი გაცილებით მეტი. მართალია, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ მხოლოდ 14 შემთხვევას განიხილავს სასამართლო.


თსუ - აბიტურიენტთა პირველი არჩევანი

წელსაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით თსუ კვლავ ლიდერი გახლდათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ პრიორიტეტად 10 260 აბიტურიენტმა დაასახელა. თსუ მეორე და მესამე არჩევანშიც პირველი იყო. შესაბამისად, გამოცდების გზით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა და ეს იმ ფონზე, როდესაც, ზოგადად, მცირდება აბიტურიენტების რიცხვი ქვეყანაში. გარდა ამისა, არც ერთ კომპრომისზე არ წავსულვართ და ის ზღვარი, რომელიც გვაქვს დაწესებული, არის ძალიან მაღალი და არ ჩამოგვიწევია. უფრო მეტი ადამიანი ირჩევს თსუ-ს, რაც პოზიტიური მაჩვენებელია. თუმცა ჩვენ გვახსოვს გარკვეული წარუმატებლობაც, როდესაც პირველკურსელთა შედარებით მცირე ნაკადი მივიღეთ. ასეთი კრიტიკული სასწავლო წელიწადი იყო 2016-2017-ში. შემდეგ კი დავიწყეთ აღმასვლა. დღეს უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტსა და საერთაშორისო სკოლა ISET-ში სწავლობს 22 000-ზე მეტი სტუდენტი; მოქმედებს 210-ზე მეტი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 21 უცხოენოვანი. იზრდება უცხოენოვან სტუდენტთა რაოდენობაც.


სამეცნიერო კვლევა უნივერსიტეტში

გვაქვს შთამბეჭდავი სტატისტიკა ჩვენი მეცნიერების მიერ გრანტების მოზიდვის თვალსაზრისით: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული პროექტების 50% თსუ მეცნიერების მონაწილეობითა და ავტორობით ხორციელდება; ეს არის ძალიან კარგი შედეგი, თუმცა ამ შედეგის გაუმჯობესებაზეც ვფიქრობთ. უნივერსიტეტის მეცნიერები ჩართული არიან არაერთ მსხვილ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის, როგორიცაა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე ATLAS-ექსპერიმენტი, იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) და იაპონიის პროტონების ამაჩქარებელთა კომპლექსზე (J-PARC) მიმდინარე JEDI და COMET ექსპერიმენტები და სხვა. ყოველწლიურად უნივერსიტეტში 200-ზე მეტი სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება, რომელშიც სტუდენტებს პირველი კვლევითი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; ინოვაციურ კვლევებში ჩართვა და საკუთარი იდეების განხორციელება მათ მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანად აქცევს.


„აკადემია ევროპეას“ ჰაბი

ჩვენთვის ძალიან საამაყო და მისასალმებელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აკადემია ევროპეას“ ჰაბი გაიხსნა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ევროგაერთიანების გარეთ შეიქმნა ასეთი წარმომადგენლობა და ეს მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.


რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია

2019 წელს დაფუძნდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა რექტორს. რექტორებთან ერთად, კონფერენციის პირველ სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დამფუძნებელ სხდომაზე წევრებმა 2 წლის ვადით თავმჯდომარედ, ამჯერად, მე ამირჩიეს. უმაღლესი სასწავლებლებისთვის ეს გაერთიანება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება უმაღლესი სკოლის წინაშე არსებული საჭირბოროტო საკითხები: უნივერსიტეტების დაფინანსება, რეფორმების მხარდაჭერა თუ სხვა. ეს საკითხები უნდა განვიხილოთ პროფესიულად და კონსოლიდირებული პოზიციით წარვდგეთ საზოგადოებისა და იმ მოკავშირეების წინაშე, რომელიც ჰყავს უმაღლეს სკოლას. სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ კომენტარებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში. შემდეგი შეხვედრა ჩატარდება შემოდგომის დასაწყისში, სავარაუდოდ, ბათუმში, სადაც კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ფორმატი ღია იქნება კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც. ამის თაობაზე ვიმსჯელებთ ბათუმის კონფერენციაზე.


ინფრასტრუქტურის განვითარება

ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ბევრი სიახლე გვაქვს. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის II კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის 25 მილიონი ლარი გამოყო. ვინაიდან II კორპუსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, საკმაოდ რთულია აქ სამუშაოების წარმართვა, თუმცა უამრავი რამ უკვე გაკეთდა - ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, გამოიცვალა სახურავი, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, მოწესრიგდა ფასადი, შეიცვალა ფანჯრები და ა.შ. ახლა დარჩა შიდა სამუშაოები. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. ამიტომ დარჩენილი სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. 
ასევე, დასრულების ფაზაში შევიდა მაღლივი კორპუსისა და VI კორპუსის ფოიეების კეთილმოწყობა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ნაწილის რეკონსტრუქცია. 
ალბათ იცით, რომ უკვე მეორე წელია თსუ-ში სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი ამოქმედდა. საერთო საცხოვრებელი 320 ადგილიანია და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპლექსი მოიცავს 3 საცხოვრებელ კორპუსს და ადმინისტრაციულ შენობას, ასევე კაფეტერიას, საკონფერენციო ოთახს, სამედიცინო პუნქტს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერების ოთახს, სამრეცხაოს და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურას. შენობის გარეთ მოწყობილია ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები.
ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თბილისში, თსუ-ის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტის ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდება.


სტუდენტური პროექტები

2017 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და მას შემდეგ უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს სტუდენტურ პროექტებს საგრანტო კონკურსის საფუძველზე. პროექტებს ამტკიცებს შვიდკაციანი საბჭო თსუ-ის რექტორის მოადგილის ხელმძღვანელობით. საბჭოში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები შედიან.
2017-2018 წლებში სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი 300-მდე პროექტი (სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები და აქტივობები) დაფინანსდა. სტუდენტური პროექტების ჯამურმა ბიუჯეტმა 1,4 მილიონი ლარი შეადგინა.


„93-ე აუდიტორია“ - კლუბი ლიტერატურის მოყვარულთათვის

2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლუბი „93-ე აუდიტორია“ აღდგა. ამ აუდიტორიაში უნივერსიტეტის ისტორიის მანძილზე საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები, ახალგაზრდა მწერალთა შეხვედრა-დისკუსიები იმართებოდა. ტრადიციის შესაბამისად, აუდიტორია კვლავ კრებს ლიტერატურის მოყვარულებს. პირველი შეხვედრები აქ პოეტებთან დავით მაღრაძესთან და ტარიელ ხარხელაურთან გაიმართა.

*
ვულოცავ ყველა პირველკურსელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი უნივერსიტეტისთვის ეს 102–ე მიღებაა და დიდი პატივია, რომ ამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რაც ძალიან გვახარებს. იმედია, რომ მათგან დიდი ნაწილი დაასრულებს აქ სწავლას, გახდება პროფესიონალი, კარგი სპეციალისტი და დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. 
უნივერსიტეტის პირველი პედაგოგის ვანდა ღამბაშიძის ქალიშვილი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო, ემიგრაციაში ყოფნისას სულ ამბობდა თურმე, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, არსად არ არსებობს. მისი მოგონებები უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე საქართველოში ჩამოსულმა მისმა შთამომავალმა გაგვაცნო, სადაც მედეა ღამბაშიძე წერდა: „მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა... აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. გიორგი ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონი ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ“. ამ ჩანაწერებში ჩანს ის უნივერსიტეტი, რომლის სახელითაც დღემდე ვამაყობთ და იმედი გვაქვს, რომ მედეა ღამბაშიძით დაწყებული, დიდი ოჯახის წევრობის ხიბლს მალე მიხვდებიან ისინიც, ვინც წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვინც მომავალში ჩვენი კურსდამთავრებულის სახელს შეიძენს.