პოლონელთა ბედი კავკასიაში

03 ივლ 2019

საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში გადასახლებულ პოლონელთა ცხოვრებაზე კვლევა დღემდე გრძელდება. „პოლონელთა ბედი კავკასიაში“ - ამ სახელწოდებით გამოიცა წიგნის პირველი ნაწილი, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წიგნი, რომელშიც XIX-XX საუკუნეების კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში მყოფი პოლონელების, მათ შორის, ე.წ. „კავკასიურ“ ჯგუფში შემავალი პოლიტიკური შეხედულებების გამო გადასახლებული პოეტების ცხოვრებაა აღწერილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და პროფესორ დანუტა ოსოვსკას (პოლონეთი) ავტორობით გამოიცა, რომელიც ქართულიდან თსუ-ის მაგისტრანტმა სალომე ბედუკიძემ თარგმნა. პოეტური თარგმანები პროფესორ რუსუდან ჭანტურიშვილს ეკუთვნის, რედაქტორია ლიტერატორი ანდრო ბედუკაძე. აღსანიშნავია, რომ წიგნში შესული მასალები, ძირითადად, 1830-1850-იანი წლების პერიოდს მოიცავს. პოლონელ ლიტერატორთა შემოქმედების მთლიანი სურათი პირველად არის წარმოდგენილი. ასევე, განხილულია მათი პოეზიისა და პროზის ძირითადი მოტივები. მონოგრაფია ორჯერ პოლონურ ენაზე, 2015 წელს კი - რუსულ ენაზე გამოიცა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის სენატის „აღმოსავლეთში მცხოვრებ პოლონელთა მხარდაჭერის“ ფონდის მეშვეობით. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონისტიკის ცენტრი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“.
წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში“, პრეზენტაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც კავკასიაში თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხვდნენ, თუმცა, შემდეგ მათთვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა. საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის კულტურის განვითარების პროცესში პოლონელებმა დიდი კვალი დატოვეს. წიგნში საინტერესოდ არის გადმოცემული პოლონელების ყოფა საქართველოში, კავკასიაში მათი პოეტური დასის დაარსება და ის ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე ქართველებსა და პოლონელებს შორის ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი ერის ურთიერთობა და ხედვა დამყარებული იყო დამოუკიდებლობის პრინციპებზე. მისასალმებელია, რომ ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. 18 პოლონური უნივერსიტეტი მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაცლით პროგრამებში“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მარიუშ მაშკევიჩის თქმით, „მე-19 საუკუნეში საქართველოში ბევრი პოლონელი ცხოვრობდა, მათ შორის პოეტები და მწერლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი შემოქმედებითი კვალი დატოვეს საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ თავისი ნაწარმოებების საშუალებით პოლონელები ცდილობდნენ საქართველოს ისტორიასთან ახლოს ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა მარიუშ მაშკევიჩმა. 
როგორც პრეზენტაციაზე მარია ფილინამ აღნიშნა, წიგნის შექმნის ისტორია თითქმის 30 წელს ითვლის. „კავკასიასა და საქართველოში 1830-1850-იან წლებში გადმოსახლებული პოლონელების შესახებ მასალები ჩემი კვლევების შედეგად დაგროვდა, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც დისერტაციაზე ვმუშაობდი. თვალწინ მედგნენ XIX საუკუნის შუა წლებში გადმოხვეწილი პოლონელი ახალგაზრდები, რომლებიც სამშობლოს და ახლობლებს მოწყვიტეს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მათი ხსოვნის პატივისცემა მევალებოდა. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პოლონეთის ტრაგიკული ისტორიის მოზაიკაში ჩაწერას“, - აღნიშნა მარია ფილინამ. 
„ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ ადამიანების შემოქმედებას გავცნობოდი, რომლებმაც თვითგადარჩენის საშუალებად ლიტერატურა აირჩიეს. წიგნზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ჩემთვის მნიშვნელოვან მასალებს გავეცანი, მიხარია, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდი და შესაძლებლობა მომეცა ქართველი მკითხველისთვის მათი სახელები გამეცნო“, - აღნიშნა სალომე ბედუკაძემ, რომელმაც პრეზენტაციაზე თავისი თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა. 
წიგნის პირველი ნაწილის შესავალში აღნიშნულია, რომ პოლონელები ძველთაგანვე სხვადასხვა მიზეზის გამო კავკასიაში ხვდებოდნენ. პოლონელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი საქართველოში 1830-1850 წლებში მოხვდა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გადმოასახლეს. კავკასიასა და საქართველოში არ არსებობს მეცნიერებისა და კულტურის დარგი, რომელშიც პოლონელებს თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი არ გამოემჟღავნებინათ: პოლიტიკა, სამხედრო საქმე, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. თბილისს დღესაც ამშვენებს ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა, რომელთა დაპროექტებასა და მშენებლობაში პოლონელი არქიტექტორები მონაწილეობდნენ. XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში მოღვაწეობდნენ ასევე ლიტერატორები, მუსიკოსები, ეთნოგრაფები, ისტორიკოსები, რომლებმაც ქართული საზოგადოება პოლონურ კულტურას, თავიანთი თანამემამულეები კი კავკასიურ სამყაროს აზიარეს. პოლონელთა მოღვაწეობამ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას.