დათო მაღრაძის პოემის – „ჯაკომო პონტი“ – თარგმანების პრეზენტაცია

02 ივლ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტი“ - თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წიგნი აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნეს სოხუმელმა, ცხინვალელმა და თბილისელმა სპეციალისტებმა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ, დადასტურებაა იმისა, რომ შემოქმედებითი და კულტურული ტრადიციები ამ ხალხებს შორის დღესაც წარმატებით გრძელდება. თარგმანები ირმა ოსია-კინწურაშვილს, მინაზ ლაზბას, ლარისა ტუპწაყვასა და ნაირა ბეპიევას ეკუთვნით. წიგნი იორდანიაში დაიბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ პოემა „ჯაკომო პონტი“ უკვე ნათარგმნია არაერთ ენაზე, მათ შორის, გერმანულად, ინგლისურად, შვედურად, თურქულად, რუსულად, იტალიურად და სხვა ენებზე. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი თარგმანები კავკასიელ ხალხთა ურთიერთობებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. პოემის აფხაზურად მთარგმნელის ირმა ოსია-კინწურაშვილის თქმით, კრებული აფხაზეთშიც გაიგზავნა.
„მოგეხსენებათ, აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა და მას გაფრთხილება, დახმარება და განვითარება სჭირდება, ამიტომ ყველაფერი, რაც ქართულიდან აფხაზურ ან აფხაზურიდან ქართულ ენებზე ითარგმნება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომაც პოეტ დათო მაღრაძის წიგნის თარგმანს აფხაზეთში დადებითად შეხვდნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა“, - განაცხადა პოემის აფხაზურად მთარგმნელმა ირმა ოსია-კინწურაშვილმა.
თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, „ჯაკომო პონტის“ ოსურ ენაზე მთარგმნელის ნაირა ბეპიევას აზრით, პოემაში გადმოცემულია მაღალი საკაცობრიო ღირებულებები, რაც ყველასთვის საერთოა. „თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინიციატივით გამოიცა ოსი მწერლების ნაწარმოებები ქართულ ენაზე, ითარგმნა თანამედროვე მწერლების მოთხრობები და კლასიკოს მწერალთა შემოქმედებაც. ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ ენებზე თარგმანები წარმოვადგინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას ოს, აფხაზ, ჩერქეზ და კავკასიაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნაირა ბეპიევამ.
„აღსანიშნავია, რომ „ჯაკომო პონტი“ ნათარგმნია აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე. რთულმა პერიოდმა ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორა, ამიტომ აუცილებელია კულტურული ურთიერთობების გამყარება, რათა ამ ხალხმა ერთმანეთი თავიდან „აღმოვაჩინოთ“ და „გავიცნოთ“, - აღნიშნა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
პოეტ დათო მაღრაძის თქმით, პოემაში აღწერილია ხელოვანის თავგადასავალი ძალადობრივ სახელმწიფოში, რომელიც აგრესიულ-პროვინციული გარემოთია შეზავებული. „ეს პოემა თავისუფალ სივრცეში დაიბადა და ასევე თავისუფალ სივრცეში ითარგმნა... მართალია, წიგნი 2009 წელს დაიწერა, მაგრამ, ჩემი აზრით, დღესაც აქტუალურია. მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ოსურად ეთნიკურმა ოსებმა თარგმნეს, აფხაზურად - ეთნიკურმა აფხაზებმა, ჩერქეზულად - ეთნიკურმა ჩერქეზებმა. ეს არ არის ქართული ინიციატივა, ეს არის სახელოვნებო სამყაროს წიაღში გაჩენილი ბუნებრივი მოთხოვნილება და იმედია, საინტერესო იქნება აფხაზი, ოსი, ჩერქეზი, კავკასიელი მკითხველისთვის, ისევე, როგორც ამერიკელისთვის, უნგრელისთვის, თურქისთვის, იტალიელისთვის“, - აღნიშნა მაღრაძემ.