მსოფლიოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგის იოანე ზიზი ულასის ახალი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცემა

01 ივლ 2019

მსოფლიოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგის იოანე ზიზი ულასის ახალი წიგნი - „თანაზიარება და სხვად ყოფნა. სწავლება პიროვნულობასა და ეკლესიაზე“ - უახლეს მომავალში ქართულ ენაზე გამოიცემა. წიგნი აქტუალურია, რადგან პასუხობს თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და მოთხოვნებს. იოანე ზიზი ულასი განიხილავს სისტემურ ღვთისმეტყველებას, თეოლოგიის ძირითად საკითხებს, საუბრობს ღმერთის რაობაზე და იმაზეც, თუ რაში გამოიხატება მისი არსებობა. ფილოსოფოსები, თეოლოგები და სასულიერო პირები იოანე ზიზი ულასის ნაშრომის წაკითხვას საზოგადოების ყველა წარმომადგენელს ურჩევენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე პერიოდში თეოლოგიის მიმართულებით ქართულ ენაზე სამეცნიერო ნაშრომები ნაკლებად ქვეყნდება.
„ავტორი კრიტიკულად განიხილავს ქრისტიანობაში გავრცელებულ მიმართებას ადამიანისადმი. ის საყვედურები, რომელსაც ამ საკითხებისადმი საუკუნეებია გამოთქვამდნენ ფილოსოფოსები, ხელოვანები, თეოლოგები, დღესაც აქტუალურია.
წინამდებარე წიგნი გარკვეული მნიშვნელობით აპოლოგეტიკურიცაა, ცდილობს და საუკეთესოდაც გამოსდის - თანამედროვე სამყაროში დაიცვას ღმერთის იდეა, ქრისტიანული მონაპოვარი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცხოვრებაში. ამ მიზნის მისაღწევად ავტორი არ ერიდება და აკრიტიკებს ეკლესიის მიერ არჩეულ ვექტორს - „ღვთისადმი მორჩილებას“ და მიიჩნევს, რომ მას ამისგან კარდინალურად განსხვავებული - „სიყვარულის უპირატესობის“, ნებისმიერი პიროვნულობისადმი მსახურების გზა უნდა აერჩია. მაშინ ათეიზმისა და ადამიანის სურვილი - „ღმერთისაგან განთავისუფლება“ თავიდან იქნებოდა აცილებული.
ზოგადად ამ ტიპის სახელმძღვანელოების წაკითხვა მხოლოდ სპეციალისტებს აინტერესებთ. მიტროპოლიტ იოანეს ეს ნაშრომი კი განსხვავებული სახითაა დაწერილი და მისი გაცნობა ერთნაირად დააინტერესებთ არა მარტო თეოლოგებს, ფილოსოფიის ისტორიის, ლიტერატურის, ფსიქოლოგიის თუ სხვა ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლებს, არამედ ეკლესიის ნებისმიერ წევრს. ავტორი თითქმის 60 წლამდე საერო პირი იყო და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. ამის შემდეგ გამოარჩიეს სასულიერო პირად. იგი მრავალი ევროპული უნივერსიტეტის პროფესორია“, - განაცხადა იოანე ზიზი ულასის წიგნის თარგმნის პროექტის ორგანიზატორმა, თსუ-ის ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტმა, მღვდელმა გიორგი წეროძემ.
წიგნში თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს XX საუკუნის ისეთი დიდი მოაზროვნეების დამოწმებითა და ციტირებით, როგორებიც არიან: მარტინ ჰაიდეგერი, ჟან-პოლ სარტრი, ემანუილ ლევინასი, მარტინ ბუბერი და სხვები. მისი ნააზრევი ასევე ეყრდნობა კაბადოკიელი მამების (წმ. ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის), მაქსიმე აღმსარებლის და შორეული თუ ახლო პერიოდის ქრისტიან ღვთისმეტყველთა ტექსტებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი დემურ ჯალაღონია იოანე ზიზი ულასის ნაშრომის ქართულ ენაზე გამოცემას მნიშვნელოვან შენაძენად აფასებს. წიგნს მართლმადიდებლური რელიგიის არსის აღქმისთვის, ასევე, მნიშვნელოვნად აფასებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული: „ჩვენში (საქართველოში), ბიზანტიური თეოლოგიის ათვისება მაღალ დონეზე გვქონდა დაყენებული. მას შემდეგ რამდენიმე საუკუნე გავიდა. შეუძლებელია, რომ მართლმადიდებლურ თეოლოგიაში არ იყოს ახალი პროცესებისა და ასპექტების გამოვლენა დაწყებული. ეს საკითხი არსებითად დაკავშირებულია იოანე ზიზი ულასის წიგნთან. ავტორი ამბობს, რომ XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტექსტი არის ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“. ეს ფაქტი თავად მეტყველებს, თუ რამდენად ღიაა თეოლოგია კულტურის და, ზოგადად, ადამიანური ყოფიერების ასეთი მნიშვნელოვანი სფეროებისადმი“.
მსოფლიოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგის იოანე ზიზი ულასის ახალი წიგნის - „თანაზიარება და სხვად ყოფნა. სწავლება პიროვნულობასა და ეკლესიაზე“ - განხილვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოეწყო. ნაშრომს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ გოგუაძე და რელიგიათმცოდნეობაში ლაიპციგის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი ზურაბ ჯაში თარგმნიან. თარგმანის გამოცემა მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.